ბაზრის ვარდნის დროს ინვესტორებს პანიკა არაფერში გამოადგებათ. რეალურად, არსებობს მიზეზები, რატომაც საფონდო ბირჟის კრახზე არ უნდა ვიდარდოთ.
როგორც ყოველთვის, არასტაბილურობის პერიოდიც გამოავლენს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. თქვენი გრძელვადიანი წარმადობა კი შეგიძლიათ მომგებიანი სტრატეგიების შეთვისებითა და წამგებიანის თავიდან არიდებით შეცვალოთ. ამ სტატიაში კი გაიგებთ, როგორ.
გამარჯვებული №1: ინვესტორები „მშრალი დენთით“
ბაზრის ვარდნის პერიოდში თქვენი საინვესტიციო პორტფელის გადახედვა მტკივნეულია, მაგრამ ქვიშაში თავით ჩაფლობა გამოსავალი არასდროს არის. ბაზრის კორექცია, შეიძლება, უზარმაზარი შესაძლებლობა იყოს ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ე. წ. „მშრალი დენთი“ (ეს არის ნაღდი ფული ან ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაბალი რისკის შემცველია და ხასიათდება მაღალი ლიკვიდურობით, შეიძლება მარტივად გადაიქცეს ნაღდ ფულად). ბაზრის რეცესიის დროს აქციები, კომპანიის გაყიდვებთან, ფულად ნაკადებთან და დივიდენდებთან მიმართებით, ბევრად იაფი ხდება. ვარდნა გავს აქციების დიდ ფასდაკლებებს და ეს მათ შესაძენად საუკეთესო დროა.
რა თქმა უნდა, ფულადი სახსრების დაგროვებას იღბლისა და წინდახედულების კომბინაცია სჭირდება. აქტივების მენეჯერების უმეტესობა პორტფელის გარკვეულ ნაწილს ნაღდი ფულის სახით ინახავს. ფულადი სახსრების კლებისა და ზრდის ოდენობა დამოკიდებულია მენეჯერის მოსაზრებაზე ინვესტიციის მიზანშეწონილობის შესახებ. უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ში უზარმაზარ ნაღდ ფულს ფლობს, რადგან მან დაადგინა, რომ აქციები გადაჭარბებულად არის შეფასებული.
ბაზრის ვარდნის პერიოდში, ინვესტორებმა, პანიკის საფუძველზე არ უნდა დატოვონ პოზიციები. მას კი, ვისაც უფრო მიმზიდველი ფასებით სარგებლობა სურს, ხელთ ნაღდი ფული უნდა ჰქონდეს.
გამარჯვებული №2: დივიდენდური აქციები
დივიდენდური აქციები არ არის ბაზრის ვარდნის მიმართ იმუნური, მაგრამ სხვა აქციებთან შედარებით, ისინი რთულ პერიოდში უკეთესი წარმადობით ხასიათდება. გაურკვეველი პირობები იწვევს კაპიტალის აქციებიდან აქტივების სხვა კლასებში გადინებას, მაგალითად ობლიგაციები და ნაღდი ფული.
იგივე ძალები მოქმედებს საფონდო ბირჟაზეც. მზარდი პოტენციალის აქციები დარტყმას იღებს, ხოლო დივიდენდური აქციები ოდნავ უკეთეს შედეგებს აფიქსირებს. კომპანიებს, რომლებიც დივიდენდებს იხდიან, უფრო სტაბილური ფულადი ნაკადები აქვს და ისინი, ეკონომიკური არეულობის დროს, ხშირად ერიდებიან კატასტროფულ შეფერხებებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დივიდენდური აქციები კვლავ გასცემს კვარტალურ დივიდენდებს მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, თვითონ აქციების ფასი შემცირდეს.
Vanguard High Yield Dividend ETF დღემდე დაახლოებით 2%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ძირითადი საფონდო ინდექსები დაეცა. მზარდი პოტენციალი აქციების ღირებულება კონტროლიდან გამოვიდა და ინვესტორები უსაფრთხოებისკენ ისწრაფვიან, რადგან ფასები ისტორიულ ნორმალურ დონემდე ეცემა.
დამარცხებული №1: ინვესტორები, რომლებიც ყიდიან
ერთადერთი ადამიანი, ვინც საფონდო ბირჟის ვარდნის დროს ნამდვილად მარცხდება არის ინვესტორი, რომელიც თავის აქციებს ყიდის. მოგება და ზარალი არ არის რეალიზებული, სანამ ის გაყიდვის გზით არ დაფიქსირდება (ამას ეწოდება ზარალი ქაღალდზე). პოზიტიური ანაზღაურების მქონე პოზიციას კვლავ შეუძლია ზარალის მოტანა, მანამ, სანამ პოზიცია დაიხურება და იგივე ეხება უარყოფითი ანაზღაურების მქონე პოზიციებსაც.
საფონდო ბირჟის ისტორიაში, ყოველი ვარდნა მხოლოდ დროებითი გადახვევაა გრძელვადიანი ზრდის ტენდენციისგან. თქვენ ამ დროს აქციებს დაბალ ფასად ყიდით, ბაზრის აღდგენის შემდეგ კი მათი ყიდვა მაღალ ფასად მოგიწევთ.
გაყიდვა, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით განხორციელდეს, მაგრამ ძალიან ხშირად, ინვესტორები იღებენ შიშზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და ტოვებენ ბაზარს იმის გამო, რომ ზარალი კიდევ უფრო მკვეთრად იზრდება. ვარდნის პირობებში აქციების გაყიდვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დიდი ზარალი, რომელიც მომდევნო ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ეს არაფერია მომავალი მოგების ხელიდან გაშვების შესაძლებლობასთან შედარებით.
გამჭრიახ ინვესტორებს ესმით, რომ ცვალებადობა გარდაუვალია და ბაზრის რეცესიის დროს მთელ თავიანთ საინვესტიციო გეგმას ნაგავში არ მოისვრიან.
დამარცხებული №2: მზარდი პოტენციალის აქციები
მზარდი პოტენციალის აქციები, როგორც წესი, შესანიშნავი ინსტრუმენტია გრძელვადიანი ანაზღაურებისთვის, მაგრამ მათ დამატებითი ცვალებადობა ახასიათებს. ისინი შესანიშნავი წარმადობით ხასიათდება მაშინ, როდესაც ბაზარი აღმასვლის სტადიაშია და რეცესიის დროს კი – მათი ფლობა ნაკლებად ეფექტურია.
აქციის ფასები, თეორიულად, მოსალოდნელ მომავალ ფულად ნაკადებს ეფუძნება და მზარდი პოტენციალის აქციებს ამ ფულადი ნაკადების კუთხით უფრო მეტი გაურკვევლობა გააჩნია. ისეთ კომპანიაში ინვესტიციის ჩასადებად, რომელიც სწრაფად ფართოვდება, მაგრამ ამჟამად წმინდა მოგებას ვერ გამოიმუშავებს, უფრო დიდი რწმენის ნახტომია საჭირო. მაგრამ, თუ ეს ნაბიჯი გაამართლებს, ჯილდოც, შესაბამისად, დიდია.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მზარდი პოტენციალის აქციებს თავი უნდა აარიდონ. უბრალოდ, თქვენი საინვესტიციო პორტფელი ამ ტიპის აქციებით ზედმეტად არ უნდა დატვირთოთ, რათა მზად იყოთ ბაზრისთვის დამახასიათებელი ცვალებადობისთვის.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.