რამდენიმე კვირაა, რაც Amazon სათაურებში ხვდება, კომპანიის მიერ დაგეგმილი 1/20-თან შეფარდებით აქციების დაყოფის გადაწყვეტილების წყალობით. აქციების დაყოფა კომპანიის შესახებ რაიმე ფუნდამენტურს არ ცვლის, მაგრამ ამ პროცესს შეუძლია Amazon-ის აქციები ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.
ამაზონის დაარსების დღიდან (1995 წლის 16 ივლისი) ეს არის კომპანიის აქციების დაყოფის მეოთხე შემთხვევა (პირველი შემთხვევა – 1999 წელი). მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი კომპანიის შესახებ არაფერს ცვლის, გარდა აქციების რაოდენობის ზრდისა, მიუთითებს თუ არა ეს ბიზნესისადმი მიდგომის ცვლილებაზე? აყენებს ეს კომპანიას დივიდენდების გადახდის გზაზე? მოდით, საკითხი უკეთ განვიხილოთ.
რატომ იხდიან კომპანიები დივიდენდებს?
როგორც წესი, კომპანიები იწყებენ დივიდენდების გაცემას მაშინ, როდესაც ზრდა შენელდება და კომპანია ნაღდი ფულით იტვირთება. დივიდენდების გადამხდელ სტანდარტულ კომპანიას ახასიათებს გაყიდვების მაღალი, მაგრამ ზრდის დაბალი მაჩვენებლები, ამიტომ დივიდენდების გადახდა აქციონერებისთვის სარგებლის მიწოდების საშუალებაა.
თუმცა, დივიდენდების გადახდა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ აქციების ფასი მოგების მიღების პოტენციალს არ გვაძლევს. ძალიან მოწიფული კომპანიები, როგორც წესი, გვთავაზობს უფრო მაღალ შემოსავალს, აქციების ღირებულების ზრდის ნაკლები შესაძლებლობით და გადასახდელი დივიდენდის მაღალი ნორმით.
მზარდი კომპანიის გადასახდელი დივიდენდის ნორმა, როგორც წესი, დაახლოებით 25%-ს შეადგენს, ასეთი კომპანია თავისი მოგების ნაწილს აქციონერებს უნაწილებს და უმეტესი ნაწილის რეინვესტირებით არის დაკავებული, რათა ბიზნესი გაზარდოს.
ამაზონი ერგება კომპანიის მოდელს, რომლის ზრდაც შენელებულია, მაგრამ დიდი მოცულობით ფულს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით კომპანია რეინვესტირებაზეა ორიენტირებული იმისთვის, რომ დააფინანსოს თავისი რევოლუციური საქმიანობა, როგორიც არის ბოლოს განხორციელებული MGM Studios-ის შესყიდვა და Rivian Automotive-ში. ამაზონი იმედოვნებს, რომ ეს უკანასკნელი კომპანიას, მიწოდების სერვისებისთვის, ელექტრომობილების ფლოტით მოამარაგებს.
Apple-ის შემთხვევა
მიუხედავად იმისა, რომ Apple 1987-დან 1995 წლამდე დივიდენდებს იხდიდა, მაგრამ დამფუძნებელი – სტივ ჯობსი არ იყო დივიდენდების გაცემის თაყვანისმცემელი, რადგან ის გრძნობდა, რომ ამას კომპანიისთვის რაიმე შინაგანი სარგებელი არ მოჰქონდა. მისი ხელმძღვანელობით, Apple-ს დივიდენდები არ გადაუხდია.
თუმცა მას შემდეგ, რაც 2011 წელს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ტიმ კუკმა დაიკავა, ერთ წელიწადში კომპანიამ კვლავ დაიწყო დივიდენდების გაცემა. კუკი ფიქრობდა, რომ დივიდენდების გადახდა კომპანიას ახალი ინვესტორების მოზიდვის საშუალებას მისცემდა.
გასული 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც Apple-მა დივიდენდების გაცემა დაიწყო, კომპანიის აქციების ფასი ძალიან გაიზარდა, აჯობა ფართო ბაზარს და აქციონერებს დიდი სარგებელი მოუტანა.
არის დივიდენდური აქციები უკეთესი ინვესტიცია?
ძირითადად, დივიდენდური აქციები სხვა აქციებზე უკეთესი წარმადობით ხასიათდება, მიუხედავად იმისა, ისინი ჩვეულებრივ მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე აქციები არ არის. საქმე ისაა, რომ დივიდენდების გადამხდელი აქციების გამომშვები კომპანიები, როგორც წესი, ხარისხიანი ბიზნესებია, რომელიც უამრავ ფულს გამოიმუშავებს. იმის გამო, რომ ასეთი კომპანიები ბაზარზე კარგად პოზიციონირებულები არიან, მათი აქციები ხშირად ჯობნის მზარდი პოტენციალის აქციებს, ვინაიდან მზარდი პოტენციალის კატეგორიაში შედის მრავალი საწყისი საჯარო შეთავაზების (IPO) კომპანია, რომელთაგან ბევრი ზრდას ვერ ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ მზარდი პოტენციალის აქციები, შეიძლება, დივიდენდურ აქციებზე ბევრად უფრო სწრაფად გაიზარდოს, გასათვალისწინებელია სექტორთან დაკავშირებული რისკიც. ამ კრიტერიუმის მიხედვით კი, თქვენი ფული უფრო უსაფრთხოდ იქნება თუ მას დივიდენდურ აქციებში დააბანდებთ.
გახდება Amazon-ის აქციები დივიდენდური?
მენეჯმენტს დივიდენდების გაცემასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მოგების უახლესი ანგარიშის წარდგენისას აღმასრულებელმა დირექტორმა – ენდი ჯასიმ გაიმეორა, რომ კომპანია ინვესტიციებს დებს საცალო ვაჭრობის ძირითადი სეგმენტის გაუმჯობესებაში, ციფრული ტექნოლოგიებისა, ფიზიკური მაღაზიების ახალ ინიციატივებში და ა. შ. მან თქვა, რომ მომავალ თვეებსა და წლებში ბევრი რამ არის მოსალოდნელი.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, ამაზონის აქციებმა ადვილად აჯობა S&P 500-ს მაშინ, როდესაც კომპანია ფულის დიდ ნაწილს რეინვესტირებაზე მიმართავს.
ამჟამინდელ გარემოში ამაზონი ასევე აწყდება ხარჯებისა და ხელფასების ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც კომპანიის თავისუფალ ფულად ნაკადებზე მოქმედებს. ამის ფონზე, დივიდენდების გაცემაზე ფიქრისთვის, შეიძლება, ახლა შესაფერისი დრო არ იყოს.