რა მოხდა?
გუშინ Rivian-ის დიდი კონკურენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოუშვებენ ახალ ელექტრომობილს (EV), რომელიც Rivian-ის ერთ-ერთ მოდელს გაუწევს კონკურენციას. შედეგად, ამ უკანასკნელის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა.
და რა?
რაც, ალბათ, გარდაუვალი ნაბიჯი იყო, Chrysler-ის მშობელმა კომპანიამ — Stellantis-მა თავისი ისტორიული Ram პიკაპის EV ვერსია წარადგინა. Ram 1500 REV, რომელიც ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე იქნა პრეზენტირებული, მკაცრ კონკურენციას გაუწევს Rivian’s R1T-ს, EV პიკაპს, რომელიც კომპანიის ბიზნესის საფუძველს წარმოადგენს.
Ram-ის ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი — მაიკ კოვალი ამბობს, რომ ეს ახალი ელექტრომობილი „გადალახავს კონკურენციას იმ სფეროებში, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად ადარდებთ, მათ შორის არის დიაპაზონი, ბუქსირება, დატვირთვა და დამუხტვის დრო“.
Ram 1500 REV მომხმარებლებს სიმძლავრის ორი კონფიგურაციით მიეწოდება — სტანდარტულს აქვს 168 კილოვატ-საათიანი ბატარეის ნაკრები, რომელსაც ერთი სრული დამუხტვით 560 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო მეორე — 229 კილოვატ-საათიანი პაკეტი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ერთი სრული დამუხტვით 800 კილომეტრი გაიარონ.
ახლა რა?
ის, რაც კარგია Stellantis-ისთვის, ნამდვილად არ იქნება კარგი Rivian-ისთვის, რადგან ახალი Ram და R1T პირდაპირი კონკურენტები არიან. როგორც ავტორიტეტული ამერიკული ავტომწარმოებლის მემკვიდრეს — Stellantis-ს აქვს მარკეტინგული წვდომა და ძალაუფლება (რომ აღარაფერი ვთქვათ არსებულ მომხმარებელთა ბაზაზე) პიკაპის უამრავი მოყვარული Ram 1500 REV-ის შეძენაში დაარწმუნოს. Rivian-ის გუნდს კი ამ პრობლემასთან გასამკლავებლად სერიოზული მუშაობა მოუწევს.