რა მოხდა?
Pinterest არის სოციალური მედიის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მათთვის საინტერესო ფოტოების გამოქვეყნებაში უწყობს ხელს, იქნება ეს რეცეპტები, ტანსაცმელი, ინტერიერის დიზაინი თუ სხვა. გუშინ, აღმოსავლეთის დროით 11:00 საათისთვის, კომპანიის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა.
როგორც ჩანს, აქციების ფასი ეცემა ნაწილობრივ იმ ფაქტის გამო, რომ Pinterest-ის წარმომადგენლების განცხადებით, აღმასრულებელი დირექტორი გადადგომას აპირებს და ნაწილობრივ ამ ამბავზე უოლ სტრიტის აშკარა რეაქციის შედეგად.
და რა?
გასულ ღამეს, კომპანიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ Pinterest-ის თანადამფუძნებელი და ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი – ბენ სილბერმანი „გადადის“ კომპანიის „აღმასრულებელი თავმჯდომარის“ ახალ როლზე და აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. კომპანია სილბერმანს ჩაანაცვლებს ახალი აღმასრულებელი დირექტორით – ბილ რედით, რომელიც ორი წლის განმავლობაში Google-ში კომერციის, გადახდებისა და შემდეგი მილიარდი მომხმარებლის პრეზიდენტად (ისინი თვალსაჩინო მომხმარებლები არიან, რაც იმას ნიშნავს ისინი მზად არიან დახარჯონ უფრო მეტი პროდუქტისა და მომსახურებისთვის) მუშაობდა. Google-ში გადმოსვლამდე რედი PayPal-ის ოპერაციული დირექტორი, ასევე, Braintree-სა და Venmo-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რეზიუმეა და შეიძლება ფიქრობთ, რომ Pinterest-ის ინვესტორები ამ ცვლილებით კმაყოფილები იქნებიან. სინამდვილეში, Pinterest-ის აქციების ფასი გუშინ დილით ხანმოკლე დროით გაიზარდა, მაგრამ ენთუზიაზმი მალევე გაქრა და დღის განმავლობაში ფასი შემცირდა.
ალბათ, ამაში შეგიძლიათ საინვესტიციო ბანკი – JPMorgan დაადანაშაულოთ. გუშინ დილით ბანკმა Pinterest-ისთვის თავისი სამიზნე ფასი 19%-ით – $26-მდე შეამცირა.
ახლა რა?
ფაქტი ის არის, რომ JPMorgan-მა Pinterest-თან ერთად კიდევ 25 ტექნოლოგიური აქციის სამიზნე ფასი შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ Pinterest რთული მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმართ იმუნური არ არის, მთელი პესიმიზმი მისი აქციების ფასზე უკვე ასახულია. ახლა კომპანიის ფორვარდული P/FCF (ფასი/ თავისუფალი ფულადი ნაკადები) კოეფიციენტი დაახლოებით 20-ს შეადგენს. პროგნოზის მიხედვით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში FCF უნდა გაორმაგდეს. ამის გათვალისწინებით, Pinterest კარგ გარიგებას ჰგავს.