რა მოხდა?
გუშინ, ტექნოლოგიური აქციებისთვის რთულ დღეს (Nasdaq Composite 2%-ით შემცირდა), როდესაც მსხვილი კაპიტალის აქციები ძირითადად დაუზიანებელი დარჩა (Dow Jones Industrial Average არ შეცვლილა) ფეხსაცმლის მწარმოებელი გიგანტისა და “ლურჯი ჩიპი” კომპანიის – Nike-ის აქციების ფასი შემცირდა. საფონდო ბირჟის დახურვისას Nike-ის აქციების ფასი 4.1%-ით იყო დაცემული.
და რა?
შვეიცარიული მეგაბანკის – UBS-ის ანალიტიკოსმა Nike-ის აქციაზე თავისი სამიზნე ფასი ამ დილით თითქმის $20-ით – $173-მდე შეამცირა. Nike აპირებს 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მონაცემები მომავალ კვირას, 21 მარტს, ვაჭრობის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნოს. თუმცა UBS-ის ანალიტიკოსის თქმით, შედეგებმა, შესაძლოა, იმედები გაგვიცრუოს.
UBS-ის ანალიტიკოსის აზრით, Nike-ის ჩინეთის ბიზნესი არ აღდგება ისე სწრაფად, როგორც ამას ბაზარი ელოდა. მისი თქმით, მიწოდების ჯაჭვის გამოწვევები, რუსეთში დროებითი მაღაზიების დახურვა, ნავთობის უფრო მაღალი ფასები და მზარდი აშშ დოლარი, ეს ყველაფერი აქციების წინააღმდეგ მოქმედებს. შესაბამისად, ის პროგნოზირებს, რომ Nike-ის მეოთხე კვარტლის ორიენტირი პესიმისტური იქნება.
ახლა რა?
როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ინვესტორებს? (რა თქმა უნდა, თუ ვივარაუდებთ, რომ ეს პროგნოზი სწორია).
კარგად გაითვალისწინეთ, მესამე ფისკალური კვარტლისთვის ანალიტიკოსები Nike-ის თითო აქციაზე $0.71-ის ოდენობით მოგებას პროგნოზირებენ. თუმცა უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ინვესტორებს არწმუნებენ, რომ ფისკალურ მეოთხე კვარტალში ყველაფერი გაუმჯობესდება. მათი ვარაუდით, Nike-ის მოგება თითო აქციაზე (EPS), შესაძლოა, $0.97-მდე გაიზარდოს, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-იანი ზრდა იქნება.
თუ ამის ნაცვლად Nike მესამე კვარტალში კლებას დააფიქსირებს და მეოთხე კვარტლის პროგნოზი კიდევ უფრო დიდი რეცესია იქნება, საბოლოოდ ეს დაღმავალი ტენდენციის სახეს მიიღებს. Nike-ის თითო აქციის ფასი ამჟამად $118-ს შეადგენს და პროგნოზირებულ მოგებაზე 24.5-ჯერ მეტად ფასობს. ინვესტორები ალბათ არ იქნებიან მიმტევებელ განწყობაზე, თუ მომავალ კვირას გაიგებენ, რომ Nike-ის შემოსავალი ზრდის ნაცვლად მცირდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ UBS-ის პროგნოზი სწორია, მაშინ ინვესტორებმა, Nike-ის აქციების გაყიდვით, ალბათ მართებული გადაწყვეტილება მიიღეს.