გუშინ 3M-ის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამრეწველო კონგლომერატმა დაასრულა ჯანდაცვის ბიზნესის სპინოფი1, რომელიც ახლა ცნობილია როგორც Solventum. ინვესტორებზე ამ სიახლემ პოზიტიურად სხვადასხვა მიზეზის გამო იმოქმედა. Solventum-ის აქციებმა კი სავაჭრო დღე თითქმის 0.7%-იანი ვარდნით დაასრულა.
3M აწარმოებს ყველაფერს, დაწყებული წებოვანი ლენტებით, დასრულებული სამედიცინო აღჭურვილობით. მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული.
3M სპინოფს ასრულებს
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ინვესტორები სპინოფის პროცესის დასრულებას მოელიან. Solventum-ის შექმნა წარმოადგენს რამდენიმე თვიანი მუშაობის კულმინაციას, რისი მიზანიც მისი ცალკეულ საჯარო კომპანიად ჩამოყალიბება იყო.
3M-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკ რომანმა განაცხადა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დღეს როგორც 3M-ისთვის, ისე Solventum-ისთვის.
ინვესტორებმა, რომლებიც 18 მარტს, ბაზრის დახურვისთვის, 3M-ის აქციონერთა რიგებში იყვნენ, კომპანიის ყოველი 4 აქციისთვის Solventum-ის თითო აქცია მიიღეს. გარდა ამისა, 3M-მა შეინარჩუნა 19.9%-იანი წილი ახლად შექმნილ კომპანიაში. თუმცა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მისი მონეტიზაცია მოხდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ეს წილი გაიყიდება.
სასარგებლოა ეს 3M-ისთვის?
შესაძლოა, ჯანდაცვის განყოფილების სპინოფი უცნაურად ჩანდეს, რადგან ბოლო კვარტლებში ის 3M-ში საუკეთესო შედეგების მქონე სეგმენტი იყო. თუმცა ბოლო წლებში კონგლომერატები ინვესტორებს შორის პოპულარობით არ სარგებლობს.
სპინოფები ინვესტორებს მეტი არჩევანით უზრუნველყოფს და მენეჯერებს პასუხისმგებლობის განაწილებას უადვილებს.
ახალი აღმასრულებელი დირექტორი
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ 1 მაისიდან 3M-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი უილიამ ბრაუნი იქნება. იგი შეცვლის მაიკლ რომანს, რომელიც აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
ინვესტორებმა ეს სიახლეც კარგად მიიღეს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში 3M-ს მაკროეკონომიკურ წინაღობებთან უწევდა გამკლავება, ამას კი ორი მრავალ მილიარდ დოლარიანი სარჩელი დაემატა.
კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი — მაიკლ რომანი 63 წლისაა, ასე რომ, იგი პენსიაზე გასვლის ასაკს უახლოვდება. თუმცა, როგორც ჩანს, 3M-ის მიერ ახალი აღმასრულებელი დირექტორის მოყვანის მიზანი კომპანიის მდგომარეობის გამოსწორება უფროა, ვიდრე — მაიკლის პენსიაზე გაშვება.
უილიამ ბრაუნი მანამდე ხელმძღვანელობდა L3Harris Technologies-ს, თავდაცვის კონტრაქტორს. განცხადებაში მაიკლ რომანმა თქვა: „უილიამი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო და სწორედ ეს ძლიერი გამოცდილება აქცევს მას სწორ ლიდერად 3M-ისთვის“. მაიკლმა ასევე ხაზი გაუსვა თავისი შემცვლელის გამოცდილებას სტრატეგიულ ლიდერობაში, ინოვაციებსა და ოპერაციების სრულყოფაში. უილიამი, თავისი კარიერის დასაწყისში, ასევე იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას United Technologies-ში.
ანალიტიკოსების შეფასებები
3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $94.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $112.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $140.00-ს, ხოლო მინიმალური — $84.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი 3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
3M-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] როდესაც კომპანია არსებული ბიზნესის აქციების გაყიდვით ან ახალი აქციების გამოშვებით ახალ, დამოუკიდებელ ფირმას აყალიბებს.