• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 1-ელ აპრილს საფონდო ბირჟაზე?

აპრილი 2, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 1-ელ აპრილს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Intel, Home Depot, Cameco, AT&T და Delta Air Lines.

Intel

გუშინ ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი შემცირდა, თუმცა ერთ-ერთი გამონაკლისი იყო ჩიპების მწარმოებელი — Intel. სავაჭრო დღის განმავლობაში, მისი აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა. მიზეზი კი უოლ სტრიტის ანალიტიკოსის დადებითი შეფასება იყო. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში, S&P 500 ინდექსი 0.2%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში Intel-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით არის დაკლებული.

გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, UBS-ის ანალიტიკოსმა — ტიმოთი არკურიმ Intel-ის აქციების სამიზნე ფასი $46-დან $50-მდე გაზარდა. თუმცა, მიუხედავად ამ ნაბიჯის გადადგმისა, მან უცვლელად დატოვა აქციების ნეიტრალური რეიტინგი.

ანალიტიკოსმა განაცხადა: „ჩვენ ოდნავ უფრო პოზიტიურად ვუყურებთ Intel Foundry-ის შემოსავალსა და მარჟის პოტენციალს“.

თუმცა არკურიმ ასევე თქვა, რომ ის Intel-ის აქციებს უნარჩუნებს ნეიტრალურ რეიტინგს კომპანიის ზრდის მნიშვნელოვან სეგმენტებში შესუსტებული პოზიციების გამო. მან გამოყო ხელოვნური ინტელექტი (AI), როგორც ერთ-ერთი სფერო, რომელშიც კომპანია ჩამორჩება.

Intel

მიუხედავად იმისა, რომ UBS-ის ანალიტიკოსი Intel-ის პერსპექტივების მიმართ შედარებით მოკრძალებულად არის განწყობილი, მისი კოლეგები უახლოეს მომავალში უფრო ძლიერ ზრდას მოელიან. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წელს შემოსავალი 14%-ით გაიზრდება, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) — 28%-ით. 2025 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ ამ მაჩვენებლების მატება, შესაბამისად, 12%-ს და 67%-ს შეადგენს.

Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $45.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Home Depot

გუშინ Home Depot-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა, რადგან, როგორც ჩანს, ინვესტორებმა არ მოიწონეს მენეჯმენტის გადაწყვეტილება, შეიძინოს SRS Distribution. ეს უკანასკნელი არის წამყვანი სპეციალიზებული სავაჭრო კომპანია, რომელიც Home Depot-ს დაეხმარება, გააფართოოს თავისი წილი პროფესიონალი კონტრაქტორების ბაზარზე.

მიმდინარე წლის განმავლობაში Home Depot-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით არის გაუმჯობესებული.

SRS Distribution კონტრაქტორთა ქსელს გადახურვის მასალებითა და სხვა სამშენებლო პროდუქტებით ამარაგებს და Home Depot-ის მენეჯმენტი მის შესაძენად $18.25 მილიარდის გადახდას აპირებს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, SRS Distribution-ის შესყიდვა იგეგმება ნაღდი ფულისა და ვალის კომბინაციით. Home Depot-ში მოელიან, რომ გარიგება კომპანიის ფისკალური 2024 წლის ბოლოს დაიხურება.

კომპანიის გუნდის შეფასებით, შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, Home Depot-ის მთლიანი ხელმისაწვდომი ბაზრის ღირებულება დაახლოებით $50 მილიარდით გაიზრდება. თუმცა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეს კომპანიის მიერ აქციების გამოსყიდვის პროცესს შეაფერხებს.

Home Depot

უოლ სტრიტის ანალიტიკოსების უმეტესობამ, რომლებმაც გარიგება შეაფასეს, დადებითი კომენტარები გააკეთეს, თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორებს არ მოსწონთ აქციების გამოსყიდვის შეჩერება და სკეპტიკურად უყურებენ გარიგებას იმ დროს, როდესაც სახლის გაუმჯობესების საცალო ბაზარი კვლავ გამოწვევების წინაშე დგას.

Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $368.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $385.23-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $440.00-ს, ხოლო მინიმალური — $310.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Cameco

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ურანის მწარმოებელი კომპანიის — Cameco-ს აქციების ფასი თითქმის 8%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — ნილ მეჰტამ Cameco-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $55-ის ოდენობით სამიზნე ფასი მიანიჭა. ფინანსური ჟურნალის — The Fly-ის თანახმად, ნილ მეჰტა კომპანიას მთავარ ბაზარზე პოზიტიურ პერსპექტივას უწინასწარმეტყველებს და მას სჯერა, რომ ურანზე მოთხოვნა მალე გაიზრდება. შედეგად ფასები მოიმატებს და ეს ყველაფერი Cameco-ს სარგებელს მოუტანს.

პარასკევს Cameco-ს აქციების დახურვის ფასთან — $43.32-თან შედარებით, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის სამიზნე ფასი 27%-იან ზრდას გულისხმობს.

2023 წელს Cameco-მ დიდ წარმატებებს მიაღწია. გარდა იმისა, რომ კომპანიის შემოსავალი წლიურად 39%-ით გაიზარდა, წმინდა მოგებამ 300%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო საოპერაციო ფულადი ნაკადები გაორმაგდა. ამასთან, მენეჯმენტი მომავლის მიმართაც ოპტიმისტურად არის განწყობილი. Cameco-ში მოელიან, რომ 2024 წელს შემოსავალი $2.85-$3 მილიარდს მიაღწევს — ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად 13%-ზე მაღალ ზრდას წარმოადგენს.

Cameco

გლობალური ინტერესი ბირთვული ენერგიის მიმართ იზრდება. რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატების, ჩინეთის, საფრანგეთის, საუდის არაბეთის და 30 სხვა ქვეყნის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ხელს შეუწყობენ განახლებადი ენერგიის წყაროს ზრდას. სიახლე Cameco-ზე დაუყოვნებლივ არ იმოქმედებს, მაგრამ ეს არის წამახალისებელი ნიშანი ურანის მწარმოებლის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

Cameco-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $47.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $54.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $59.13-ს, ხოლო მინიმალური — $49.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cameco-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AT&T

გუშინ, ჰაკერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტელეკომუნიკაციების გიგანტის — AT&T-ის აქციების ფასი თითქმის 0.6%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.5%-ით არის გაუმჯობესებული.

წინა შაბათს, AT&T-მა გამოავლინა, რომ კომპანიის სპეციფიკური მონაცემთა ველები ნაპოვნი იქნა dark web-ში გამოქვეყნებულ მონაცემთა ნაკრებში. ეს მოხდა დაახლოებით ორი კვირის წინ და, ტელეკომუნიკაციების კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელების მიერ ჩატარებული წინასწარი ანალიზის თანახმად, მონაცემები 2019 წლის ან უფრო ადრეული პერიოდისაა. ანალიზმა დაადგინა, რომ ამან გავლენა იქონია AT&T-ს ამჟამინდელ 7.6 მილიონამდე აბონენტზე და 65.4 მილიონამდე ყოფილ მომხმარებელზე.

AT&T-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია დაუკავშირდა იმ ადამიანებს, რომლებიც ჰაკერული შეტევის შედეგად დაზარალდნენ და მათი პაროლები აღადგინა. AT&T-ის ანალიზმა აჩვენა, რომ კომპრომეტირებული მონაცემები არ შეიცავს პერსონალურ ფინანსურ ინფორმაციას ან სატელეფონო ზარების ისტორიას.

AT&T

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იძიებენ სიტუაციას როგორც შიდა, ასევე გარე კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან. ამ დროისთვის უცნობია, ეს მონაცემები პირდაპირ კომპანიისგან იქნა მიღებული თუ მესამე მხარესთან არის დაკავშირებული.

AT&T-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $29.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AT&T-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Delta Air Lines

გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, ამერიკული ავიაკომპანიის — Delta Air Lines-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 19%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა Delta Air Lines-ის აქციები 2024 წლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობად დაასახელეს და განაცხადეს, რომ კომპანია მგზავრებისთვის თავისი პრემიუმ შეთავაზებების მიყიდვით სარგებლობს.

გარდა ამისა, Morgan Stanley-ში Delta Air Lines-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნეს, ხოლო სამიზნე ფასი $77-დან $85-მდე გაზარდეს.

Delta Air Lines

Morgan Stanley-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პრემიუმ შეთავაზებებთან ერთად, Delta Air Lines ფოკუსირებულია უფრო ახალგაზრდა მოგზაურების მოზიდვაზე. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ამ ქმედებამ გაზარდა დამატებითი შემოსავალი და განსაკუთრებით პოზიტიურად იმოქმედა კომპანიის პარტნიორობაზე American Express-თან. ამავდროულად, Delta ქსელისა და ფლოტის კომპლექსურობის შემცირებაზე მუშაობს.

Delta Air Lines-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $55.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $85.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Delta Air Lines-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Enron-ის სკანდალი — უოლ სტრიტის საყვარელი კომპანიის დაცემა

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ 3M-ის აქციების ფასი 6%-ით?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ 3M-ის აქციების ფასი 6%-ით?

რატომ გაიზარდა გუშინ 3M-ის აქციების ფასი 6%-ით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved