გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის GitLab, America’s Car-Mart, Daktronics და Tesla.
GitLab
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Gitlab-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი DevSecOps (პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, უსაფრთხოება და ოპერაციები) პლატფორმის პროვაიდერის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 34%-ით არის გაუმჯობესებული.
2023 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდა, GitLab-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 32%-ით — $149.7 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $141.53 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $14.4 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.09 იყო (პროგნოზი — -$0.01). თუმცა აღსანიშნავია, რომ GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კომპანიამ თითო აქციაზე $1.84-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს $1.54-ით ჩამორჩება.
GitLab-მა ისარგებლა ათვისების ძლიერი ხარისხით როგორც მცირე, ისე მსხვილი კლიენტებისგან. იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებსაც კომპანიისთვის სულ მცირე $5,000-ის ოდენობით წლიური განმეორებადი შემოსავალი (ARR) მოაქვთ, წლიდან წლამდე 26%-ით — 8,175-მდე გაიზარდა. იმ კლიენტთა რაოდენობამ კი, რომლებიც Gitlab-ისთვის $100,000-ზე მეტ ARR-ს გამოიმუშავებს, 37%-ით მოიმატა და 874 შეადგინა.
GitLab-ის დოლარზე დაფუძნებული წმინდა შემოსავლის შენარჩუნების განაკვეთი (DBNRR) 4 პროცენტული პუნქტით — 128%-მდე გაუმჯობესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის არსებული მომხმარებლები, GitLab-ის სერვისების მოხმარების პირველი წლის შემდეგ, საშუალოდ 28%-ით მეტს ხარჯავდნენ.
GitLab-ის კვარტალური კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი $4.7 მილიონამდე გაიზარდა გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $21.6 მილიონის ოდენობით ზარალთან შედარებით.
რაც შეეხება მომავალს, GitLab-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ მეოთხე კვარტალში შემოსავალი $157-$158 მილიონს შეადგენს, საოპერაციო შემოსავალი — $5-$6 მილიონს, ხოლო კორექტირებული მოგება თითო აქციაზე — $0.08-$0.09-ს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზები კი ასეთია: შემოსავალი — $150 მილიონი; ზარალი თითო აქციაზე — $0.01.
დაბოლოს, GitLab-ში მოელიან, რომ სრული ფისკალური წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $573-$574 მილიონს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $555-$557 მილიონი), კორექტირებული საოპერაციო ზარალი $9-$10 მილიონს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $30-$33 მილიონი), ხოლო კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $0.23-$0.23 იქნება (წინა პროგნოზი — $0.05-$0.08-ის ოდენობით ზარალი).
GitLab-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $59.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $67.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი GitLab-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
America’s Car-Mart
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, America’s Car-Mart-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მეორეული ავტომობილებით საცალო მოვაჭრის აქციების ფასი მკვეთრად — 18%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის დაკლებული.
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში American Car-Mart-მა, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, 4.6%-ით ნაკლები ავტომობილი გაყიდა, თუმცა შემოსავალი წლიდან წლამდე 3%-ით — $361.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $363.76 მილიონი). უოლ სტრიტი მოელოდა, რომ კომპანია თითო აქციაზე $0.785-ის ოდენობით მოგებას დააფიქსირებდა, თუმცა შედეგი ამ პროგნოზისგან ძალიან შორს იყო. American Car-Mart-ის ზარალმა თითო აქციაზე $4.3-ს მიაღწია.
გარდა ამისა, მთლიანი მოგების მარჟა 220 საბაზისო პუნქტით 34.3%-მდე გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში American Car-Mart იძულებული გახდა, ავტომობილების სესხებზე დებიტორული დავალიანების დაახლოებით 7.2% ჩამოეწერა (გასული წლის იმავე კვარტალში — 5.8%). და იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მომხმარებლებს, არსებულ ეკონომიკურ გარემოში, აშკარად უჭირთ სესხების გადახდა, მენეჯმენტმა გადაწყვიტა, მომავალი საკრედიტო დანაკარგების დაშვების დონე გაეზარდა. ამის შედეგად გადასახადების გადახდის შემდეგ ხარჯმა თითო აქციაზე $3.40-ს მიაღწია.
საოპერაციო ზარალთან ერთად, ამან მთლიანი წმინდა ზარალი თითო აქციაზე $4.30-მდე გაზარდა. გასული წლის იმავე კვარტალში American Car-Mart-ის EPS-მა $0.48 შეადგინა.
კომპანიის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $66.30-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ ერთი ანალიტიკოსი აფასებს. იგი აქციებს გაყიდვის რეკომენდაციას და $55.00-ის ოდენობით სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი American Car-Mart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან შემცირებას გულისხმობს.
Daktronics
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Daktronics-მა სუსტი კვარტალური შედეგები წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ციფრული ეკრანების კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 201%-ით არის გაუმჯობესებული.
Daktronics-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 6.4%-ით — $199.4 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $213.7 მილიონი). კომპანიის წმინდა მოგებამ კი $2.2 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $0.05 იყო (პროგნოზი — $0.13).
Daktronics-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — რის კურტენბახმა კომპანიის მარჟის გაფართოებასა და ფულადი ნაკადების გამომუშავებას გაუსვა ხაზი. მართლაც, ფისკალური წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში Daktronics-ის თავისუფალი ფულადი ნაკადები $35.1 მილიონამდე გაიზარდა. გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი -$37.7 მილიონს შეადგენდა.
Daktronics-ის პროდუქციის შეკვეთების მოცულობა $306.9 მილიონამდე შემცირდა. ფისკალური წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი $400.7 მილიონს შეადგენდა, ხოლო გასული წლის იმავე კვარტალში — $463.1 მილიონს.
Daktronics-ის მენეჯმენტს კონკრეტული ფინანსური პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ ხაზი გაუსვა გეგმებს, რომლებიც ფოკუსირებულია მომგებიანობის ზრდასა და ფულადი სახსრების გამომუშავებაზე.
Daktronics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ ერთი ანალიტიკოსი აფასებს. იგი აქციებს ყიდვის რეკომენდაციას და $12.00-ის ოდენობით სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი Daktronics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36.4%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს.
Tesla
თავდაპირველად დეკემბერი საკმაოდ ბნელი ჩანდა Tesla-სთვის, მაგრამ გუშინ, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 121%-ით არის გაუმჯობესებული.
როგორც ჩანს, Tesla-ს აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კონკურენტის, ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლის — Nio-ს კვარტალურმა ანგარიშმა. კომპანიამ ფინანსური შედეგები გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, წარადგინა. Nio-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 46%-ით — $2.67 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $4.22 მილიონით გადააჭარბა. კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე $0.32 შეადგინა (პროგნოზი — -$0.37). თუმცა GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი ზარალი — $0.37 ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — -$0.23-ს.
აქ მთავარი სიახლე ის არის, რომ ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა კვლავ ძლიერია, რაც Tesla-სთვის შესანიშნავი სიახლეა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, დებიუტიდან ოთხი წლის შემდეგ, Tesla-ს Cybertruck-მა საბოლოოდ მიაღწია მომხმარებელთა პირველ ნაკადამდე.
Cybertruck-ის მიწოდების ღონისძიებაზე ილონ მასკმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მომლოდინეთა სიაში 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყო. Wedbush-ის ანალიტიკოსების თქმით, მათი აზრით, ამ მოდელის წარმოების მასშტაბირება რთული იქნება და წელს ეს სიახლე კომპანიაზე მატერიალურად ვერ იმოქმედებს.
ილონ მასკმა ისიც თქვა, რომ Cybertruck უფრო გამოსადეგია, ვიდრე სატვირთო მანქანა და, ამასთან, ის სპორტულ ავტომობილზე სწრაფია. ამ უკანასკნელი სიტყვების განსამტკიცებლად მან ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას აჩვენა ვიდეო, რომელშიც Cybertruck, უკან მობმული Porsche 911-ით, მოკლე რბოლაში ბენზინზე მომუშავე სხვა Porsche 911-ს ასწრებს.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ღონისძიებაზე მოდელის ფასი ან კომპანიის წარმოების მიზნები არ დაუზუსტებია. თუმცა მოგვიანებით Tesla-ს ვებგვერდზე ცნობილი გახდა, რომ Cybertruck-ის საწყისი ფასი $60,990 იქნება — ეს მაჩვენებელი 50%-ით აჭარბებს იმ ნიშნულს, რომელსაც მასკი 2019 წელს აანონსებდა. ავტომობილის სამი ვარიანტის ფასები $60,990-$99,990 დიაპაზონში იქნება.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $239.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $245.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nio-ს აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $7.40-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.20-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nio-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 79.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.