გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Alibaba, Sonos, Cisco Systems და Rivian Automotive.
Alibaba
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Alibaba-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის დაკლებული.
გასულ კვარტალში Alibaba-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $30.8 მილიარდამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს დაახლოებით $189 მილიონით აღემატება, თუმცა წინა კვარტლის შედეგს 14%-ით ჩამორჩება.
მომგებიანობამ გაუმჯობესება განაგრძო — კორექტირებული EBITA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადებისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) წლიდან წლამდე 18%-ით — $5.9 მილიარდამდე გაიზარდა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი 21%-ით მოიმატა და $2.16-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $2.09-ს. თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $1.49 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.10-ით ჩამორჩა.
თუმცა Alibaba-ს აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის რეალური მიზეზი, როგორც ჩანს, იყო კომპანიის მენეჯმენტის განცხადება ქლაუდ ბიზნესის გამოყოფის გადაფიქრების შესახებ. კვარტალური ანგარიშის წარდგენისას Alibaba-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ წესებს და განაცხადეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება მატერიალურად და ნეგატიურად იმოქმედოს Cloud Intelligence Group-ის უნარზე, ბაზარს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, ამასთან შეასრულოს არსებული კონტრაქტები. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს შედეგებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა კომპანიის 6 დამოუკიდებელ ერთეულად დაყოფა დააანონსა. Alibaba-ს დაყოფა იგეგმებოდა შემდეგ განყოფილებებად: 1. Cloud Intelligence Group — ქლაუდ გამოთვლების და ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით; 2. Taobao და Tmall — კომპანიის ელექტრონული კომერციის ბიზნესები, რომლებიც შემოსავლის უმეტეს ნაწილზეა პასუხისმგებელი; 3. ადგილობრივი მომსახურება, მათ შორის საკვების მიწოდება; 4. გლობალური ციფრული ბიზნეს ჯგუფი, რომელიც შედგება უცხოეთზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის ბიზნესებისგან, როგორიცაა Lazada და AliExpress; 5. Cainiao Smart Logistics — კომპანიის ჩინეთში დაფუძნებული ლოჯისტიკური ოპერაციები; 6. The Digital Media და Entertainment Group, სტრიმინგის სერვისების ჩათვლით, როგორიცაა Youku.
დავუბრუნდეთ კვარტალურ ანგარიშს. აღსანიშნავია, რომ Alibaba-მ გასულ კვარტალში $1.7 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა და $1-ის ოდენობით სპეციალური დივიდენდები გადაიხადა.
Alibaba-ს მენეჯმენტს მომავლის პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ სიახლე ქლაუდ ბიზნესის შესახებ ინვესტორებისთვის აშკარა იმედგაცრუება იყო. კომპანიის ძირითადი ელექტრონული კომერციის მიმართულების შემდეგ, რომელიც Taobao-სა და Tmall-ს მოიცავს, Cloud Intelligence Group მისი ყველაზე დიდი ბიზნეს სეგმენტია, როგორც შემოსავლის, ასევე მოგების თვალსაზრისით, ამიტომ მის გამოყოფას ბაზარი განსაკუთრებული ინტერესით მოელოდა.
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $134.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $93.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 70%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sonos
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, აუდიო კომპანიამ — Sonos-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი მისი აქციების ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით არის შემცირებული.
Sonos არის კალიფორნიაში დაფუძნებული აუდიო კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის დინამიკების წარმოებაშია სპეციალიზებული. ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში Sonos-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5.5%-ით გაიზარდა და $305.1 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $302.52 მილიონი). კომპანიის კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე $0.07 შეადგინა, მაგრამ ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — -$0.17-ს. GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი ზარალი თითო აქციაზე კი $0.25 იყო, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს $0.05-ით ჩამორჩა.
სრული ფისკალური 2023 წლის შემოსავალი კი 5.5%-ით გაიზარდა და დაახლოებით $1.7 მილიარდს მიაღწია.
ბევრ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის Sonos-ს, გაყიდვების მიმართულებით პრობლემები შეექმნა, რადგან ეკონომიკა შენელდა და მომხმარებლებმა დისკრეციული ხარჯები შეამცირეს. მაგრამ აქციონერები შეიძლება წაახალისოს იმ ფაქტმა, რომ, როგორც ჩანს, Sonos-ს ერთგული გულშემატკივრები ჰყავს.
მტკიცებულებისთვის, ფისკალურ 2023 წელს Sonos-ის ახალი პროდუქტების რეგისტრაციების 44% არსებულ მომხმარებლებზე მოვიდა.
ფისკალური 2024 წლისთვის მენეჯმენტი მოელის, რომ 2023 წელთან შედარებით, Sonos-ის გაყიდვები უცვლელი დარჩება, მაგრამ ასევე მოსალოდნელია, რომ კომპანია დაკარგული მთლიანი მარჟის გარკვეულ ნაწილს დაიბრუნებს.
Sonos-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ 2024 წელს მთლიანი მოგების 45%-46%-ს მიაღწევს (ფისკალურ 2023 წელს — 43%). ეს კომპანიას წმინდა მოგების გამომუშავებაში შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, კომპანიამ ახლახან დააანონსა $200 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ Sonos-ის საბაზრო კაპიტალიზაციას — $1.7 მილიარდს გავითვალისწინებთ.
Sonos-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sonos-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Cisco Systems
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Cisco Systems-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია — დაახლოებით 0.2%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში Cisco Systems-ის შემოსავალმა $14.7 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $14.62 მილიარდი), ხოლო EPS-მა $1.11 შეადგინა (პროგნოზი — $1.03).
Cisco-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში ახალი პროდუქტების შეკვეთები შემცირდა და დასძინა: „ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში პროდუქციის განსაკუთრებით ძლიერი მიწოდების შემდეგ მომხმარებლები ამჟამად კომპანიის პროდუქტების დამონტაჟებასა და დანერგვაზე არიან ორიენტირებულნი“.
Cisco-ს აღმასრულებლებმა აღნიშნეს, რომ მაკროეკონომიკური გამოწვევები ჯერ კიდევ აქტუალურია, მაგრამ მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვები შემსუბუქდა. მათ განაცხადეს, რომ როგორც გადაზიდვის ვადები, ასევე მარაგები ძირითადად ნორმალურ დონეს დაუბრუნდა.
რაც შეეხება მომავალს, Cisco-ს მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში $12.6-$12.8 მილიარდს შეადგენს, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს ჩამორჩება. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ მთელი ფისკალური 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი $53.8-$55 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS — $3.87-$3.93-ს. ძველი პროგნოზები კი ასეთი იყო: შემოსავალი — $57-$58.2 მილიარდი; EPS — $4.01-$4.08.
Cisco Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $48.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $53.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $76.00-ს, ხოლო მინიმალური — $6.90-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cisco Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian Automotive
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Rivian Automotive-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის დაკლებული.
ვარდნა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ცნობილი გახდა, რომ უოლ სტრიტის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ინვესტორმა — მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა Rivian-ში მთელი თავისი წილი გაყიდა.
SEC-ში (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) Soros Fund Management-ის მიერ წარდგენილმა დოკუმენტმა გამოავლინა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ფონდმა Rivian-ის დაახლოებით 4.2 მილიონი აქცია გაყიდა. უახლესი ფასებით ამ წილის მთლიანი ღირებულება $67 მილიონს აღწევს და ის Soros Fund Management-ის საინვესტიციო პორტფელის დაახლოებით 1.1%-ს შეადგენდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დოკუმენტი მხოლოდ მესამე კვარტლის ბოლოსთვის არსებულ მონაცემებს შეიცავს და უცნობია, სოროსმა და მისმა გუნდმა მას შემდეგ კვლავ შეიძინეს თუ არა Rivian-ის აქციები.
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $16.40-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $26.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 59%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.