გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, EngageSmart, Chevron, Textainer და Salesforce.
Meta Platforms
გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, სოციალური ქსელების გიგანტის — Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 151%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, კვლევითი ფირმის — Stifel-ის ანალიტიკოსებმა Meta-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $385-დან $402-მდე გაზარდა.
Stifel-ში განაცხადეს, რომ ციფრული რეკლამირების მიმართულებით კომპანიის ზრდა მინიმუმ ისეთივე კარგია (თუ უკეთესი არა), როგორც Meta-ს მენეჯმენტი გეგმავდა. აქედან გამომდინარე Stifel-მა სოციალური ქსელების კომპანიის კვარტალური მაჩვენებლების პროგნოზები ოდნავ გაზარდა.
მიმდინარე წელს Facebook-ის მშობელმა კომპანიამ ძლიერი შედეგების დაფიქსირება შეძლო. ეს მოჰყვა ხარჯების შემცირებას, რეკლამირების მიმართულებით ზრდის აღდგენას და Apple-ის მიერ მიზნობრივ რეკლამებზე დაწესებული შეზღუდვების წინაღობის გადალახვას.
გარდა ამისა, კომპანიის მიერ ერთი თვის წინ, Connect ღონისძიებაზე ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი ხელსაწყოების და ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის — Quest 3-ის გამოშვებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ Meta კვარტალურ ანგარიშს ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგენს. ანალიტიკოსების პროგნოზირებენ, რომ შემოსავალი წლიდან წლამდე 21.1%-ით — $36.6 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) გაორმაგდება და $3.63-ს შეადგენს.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $314.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $377.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $285.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
EngageSmart
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის — EngageSmart-ის აქციების ფასი დაახლოებით 12%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 27%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, EngageSmart-მა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიას Vista Equity დაახლოებით $4 მილიარდად შეიძენს, რაც ამ უკანასკნელის მიერ თითო აქციისთვის $23-ის გადახდას გულისხმობს.
შესყიდვის ფასი — $23 თითო აქციაზე EngageSmart-ისთვის წარმოადგენს 14%-იან პრემიას აქციის ფასთან შედარებით, რომელიც პარასკევს ბაზრის დახურვისას დაფიქსირდა. გარიგება, რომელიც მთლიანად ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას გულისხმობს, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში შედგება. რაიმე ანტიმონოპოლიური პრობლემების შანსები, რომლებმაც შეიძლება შესყიდვის პროცესი დაბლოკოს, როგორც ჩანს, არ არსებობს.
EngageSmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $24.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი EngageSmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამინდელი ფასის პირობებში, გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, EngageSmart მინიმალურ ზრდას გვთავაზობს. მეორე მხრივ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ინვესტორების მიერ კომპანიის აქციების დიდი რაოდენობით გაყიდვას იმ შემთხვევაში, თუ გარიგება გაუქმდება ან შეყოვნდება.
Chevron
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ენერგეტიკული სექტორის გიგანტის — Chevron-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 7%-ზე მეტით არის დაკლებული.
Chevron-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია გეგმავს, $53 მილიონად (ანგარიშსწორება სრულად აქციებით) შეიძინოს Hess. ეს უკანასკნელი არის ამერიკული გლობალური ენერგეტიკული კომპანია, რომელიც ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძიებასა და წარმოებაში მონაწილეობს. როგორც ჩანს, ინვესტორები ნერვიულობენ იმ რისკების გამო, რომლებიც ასეთი მასშტაბის შერწყმებსა და შესყიდვებს მოჰყვება.
ნავთობის ფასები იზრდება და განახლებადი ენერგიის მიმართულებებისგან სარგებლის მიღებას დრო დასჭირდება. მსხვილი ნავთობკომპანიები კი ამ ყველაფერზე რეზერვების გაფართოებით რეაგირებენ. მიმდინარე თვის დასაწყისში, ExxonMobil-მა Pioneer Natural Resources-ის შეძენა $64.5 მილიარდად გადაწყვიტა, Chevron-მა კი თავისი ნაბიჯი გუშინ გადადგა.
გარიგების პირობები ითვალისწინებს Chevron-ის მიერ Hess-ის თითო აქციისთვის 1,025 აქციის გადახდას და დაახლოებით $7 მილიარდის ოდენობით ვალის აღებას. სანაცვლოდ, Chevron მიიღებს წვდომას გაიანაში აღმოჩენილ ნავთობის ახალ მარაგებზე, ასევე შელფის აქტივებზე ჩრდილოეთ დაკოტაში.
Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკ ვირტმა თქვა, რომ ეს კომბინაცია გააძლიერებს კომპანიის გრძელვადიან წარმადობას და პორტფელს მსოფლიო დონის აქტივების დამატებით. მან ასევე განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ Chevron-სა და Hess-ს გააჩნია მსგავსი ღირებულებები და კულტურები, ორივე მათგანი ორიენტირებულია უსაფრთხოდ და კეთილსინდისიერად მუშაობაზე, საუკეთესო ადამიანების მოზიდვაზე და განვითარებაზე, საზოგადოებაში პოზიტიური წვლილის შეტანაზე, მაღალი შემოსავლის გამომუშავებაზე და ნაკლები ნახშირბადის გამოყოფაზე“.
თუმცა ეს გარიგება Chevron-სგან დაახლოებით 317 მილიონი ჩვეულებრივი აქციის გამოშვებას მოითხოვს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის თითოეული არსებული აქცია მთლიანი კომპანიის უფრო მცირე ნაწილი გახდება.
Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $161.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $189.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $169.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Hess-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $161.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $178.07-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hess-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Textainer
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, კონტეინერების გამქირავებლის — Textainer-ის აქციების ფასი დაახლოებით 45%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 58%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Textainer-ის მენეჯმენტი დათანხმდა შესყიდვის წინადადებას, რომელიც კომპანიას $7.4 მილიარდად აფასებს და მას კერძო საკუთრების ფირმად აქცევს.
Textainer მართკუთხა გადასაზიდი კონტეინერების ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელია. ეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქონლის გადაზიდვის ძირითად მეთოდს წარმოადგენს. კომპანიები ინტერმოდალურ კონტეინერებს იყენებენ, რადგან მათი გადატანა ადვილად არის შესაძლებელი გემიდან რკინიგზაზე ან სატვირთო მანქანებზე დიდი ხარჯების გარეშე. თუმცა ფირმების უმეტესობა, საკუთარი კონტეინერების შეძენის ნაცვლად, მათ იჯარით იღებს ისეთი კომპანიებისგან, როგორიც არის Textainer.
კვირას Textainer-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კერძო კაპიტალის ფონდისგან —Stonepeak-ისგან შეძენის წინადადებას დათანხმდა. გარიგების პირობების თანახმად Textainer-ის მფლობელები თითო აქციისთვის $50-ს მიიღებენ ნაღდი ფულით. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვან პრემიას წარმოადგენს პარასკევის დახურვის ფასთან — $34.15-თან შედარებით.
Textainer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ოლივიე გერსკიერმა განაცხადა: „Stonepeak-თან პარტნიორობით, ჩვენ მივიღებთ წვდომას საინვესტიციო კაპიტალზე და ინდუსტრიის გამოცდილებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე მომავალ წლებში ზრდის მიზნების მისაღწევად ვპოზიციონირდეთ”.
Salesforce
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის — Salesforce-ის აქციების ფასი თითქმის 1%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით არის გაუმჯობესებული.
Salesforce რეგულარულად აფიქსირებდა წლიური შემოსავლების 20%-იან ან უფრო მაღალ ზრდას მრავალი წლის განმავლობაში, სანამ სუსტი მაკროგარემო ამ მაჩვენებლის დაახლოებით 11%-მდე შენელებას არ გამოიწვევდა.
Piper Sandler-ის ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს შიდა კვლევა, რომლის მიხედვითაც წამყვან ქლაუდ კომპანიებზე მოთხოვნა შენელებულია. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წლევანდელი ზრდის შეფასებები Salesforce-ისთვის ძალიან მაღალია. უოლ სტრიტის შეფასებით, Salesforce-ის შემოსავალი წელიწადში 11%-ით გაიზრდება.
აგვისტოში, კვარტალური ანგარიშის წარდგენის დროს, Salesforce-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ მაკრო წინაღობები კვლავ განაპირობებს გაყიდვების ხანგრძლივ ციკლებს, რაც შემოსავლების ზრდაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.
Piper Sandler-ის ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში ხედავენ რისკებს, რომლებიც გენერაციულ AI-ზე ფოკუსირებით არის გამოწვეული. კომპანიების ორიენტირებამ ამ ახალ ტექნოლოგიაში ინვესტირებაზე შეიძლება Salesforce-ის შემოსავალი გარკვეულწილად დააზარალოს.
Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $202.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $251.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $340.00-ს, ხოლო მინიმალური — $159.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 37 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.