• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ოქტომბერი 19, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Johnson & Johnson, Netflix და ASML Holding.

Tesla

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერმა — Tesla-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 124%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

Tesla-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $23.36 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $24.32 მილიარდს. შემოსავლების ზრდა განპირობებული იყო ელექტრომობილების მიწოდების გაზრდით და ბიზნესის სხვა ნაწილებში დაფიქსირებული მატებით, რაც მანქანების დაბალი საშუალო გაყიდვის ფასებით და ვალუტის გაცვლითი კურსის წინაღობებით კომპენსირდება.

საავტომობილო სეგმენტის შემოსავალი 5%-ით — $19.63 მილიარდამდე გაიზარდა.

ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის მიმართულებით შემოსავალმა 40%-ით მოიმატა და $1.56 მილიარდი შეადგინა.

სერვისებისა და სხვა მიმართულებებიდან მიღებული შემოსავალი 32%-ით გაიზარდა და $2.17 მილიარდს მიაღწია.

მესამე კვარტალში Tesla-მ 430,488 ელექტრომობილი (დაახლოებით 417,000 Model 3 და Y; თითქმის 14,000 Model S და X) გამოუშვა, რაც 18%-ით აღემატება გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს. ამასთან, კომპანიამ ბაზარს მიაწოდა 435,059 მანქანა (419,000-ზე მეტი Model 3/Y და თითქმის 16,000 Model S/X), რაც 27%-იან ზრდას წარმოადგენს.

მესამე კვარტალში საავტომობილო სეგმენტის მთლიანმა მარჟამ (მთლიანი მოგება გაყოფილი შემოსავალზე), GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) საფუძველზე 18.7% შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ სოლიდური შედეგია საავტომობილო ინდუსტრიისთვის, მთლიანი მარჟა განაგრძობდა კლებას როგორც წლის განმავლობაში, ისე თანმიმდევრულად. წინა წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 27.9% შეადგინა, ხოლო გასულ მეოთხედში — 19.2%. ეს კლება გამოწვეულია Tesla-ს მიერ ავტომობილების ფასების მუდმივი შემცირებით.

კვარტალური საოპერაციო შემოსავალი 52%-ით — $1.76 მილიარდამდე შემცირდა. საოპერაციო მარჟა (საოპერაციო შემოსავალი გაყოფილი მთლიან შემოსავალზე) 7.6% იყო, რაც ჩამოუვარდება, როგორც გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — 17.2%-ს, ასევე წინა მეოთხედის შედეგს — 9.6%-ს.

Tesla

საოპერაციო შემოსავლის დიდი ვარდნა ძირითადად გამოწვეული იყო საოპერაციო ხარჯების 43%-იანი ზრდით. Tesla-ს მენეჯმენტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხადყო, რომ, მიუხედავად ინდუსტრიის მასშტაბით ელექტრომობილების გაყიდვების მიმდინარე შენელებისა, კომპანია თავის ბიზნესში ინვესტირებას განაგრძობს.

მესამე კვარტალში GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ $1.85 მილიარდი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.53 იყო, რაც გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს 44%-ით ჩამოუვარდება. კორექტირებულმა მოგებამ კი $2.32 მილიარდს მიაღწია (EPS — $0.66), რაც წლიდან წლამდე 37%-იან კლებას წარმოადგენს. ეს შედეგიც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზზე — $0.73-ზე ნაკლები აღმოჩნდა.

მესამე კვარტალში Tesla-ს ოპერაციებიდან გამომუშავებული ნაღდი ფული 35%-ით დაეცა და $3.31 მილიარდი შეადგინა. თავისუფალი ფულადი ნაკადები 74%-ით — $848 მილიონამდე შემცირდა, რაც კაპიტალური დანახარჯების 36%-იანი ზრდით (არსებითად გრძელვადიანი ზრდის ინიციატივები) არის გამოწვეული. Tesla-მ კვარტალი დაასრულა $26.08 მილიარდის ოდენობით ნაღდი ფულით, ფულადი სახსრების ეკვივალენტებითა და მოკლევადიანი ინვესტიციებით, რაც წლიდან წლამდე 24%-იანი ზრდაა.

Tesla-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია ინარჩუნებს მიზანს, ფუტურისტული გარეგნობის პიკაპის — Cybertruck-ის მიწოდება წლის ბოლომდე დაიწყოს.

Tesla-ს კვარტალურ ანგარიშში მნიშვნელოვანი სიურპრიზები არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ინვესტორები, სავარაუდოდ, გარკვეულწილად იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ კომპანიის შემოსავალი და მოგება უოლ სტრიტის მოლოდინებს ჩამოუვარდებოდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სხვაობა არც ისე დიდი იყო.

რა თქმა უნდა, მომგებიანობის მაჩვენებლების მუდმივი ვარდნა არ არის კარგი, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ Tesla-ს სტრატეგიას, ელექტრომობილების გაყიდვები ფასების შემცირების გზით გაზარდოს.

კომპანიის ენერგიის გენერირებისა და შენახვის ბიზნესი კვლავ ნათელი წერტილია წლიდან წლამდე შემოსავლის ძლიერი, 40%-იანი ზრდით. Tesla-ს მომსახურებისა და სხვა სეგმენტებს ასევე კარგი კვარტალი ჰქონდა, შემოსავლების 32%-იანი მატებით. ეს მტკიცედ მზარდი მიმართულებები Tesla-ს სხვა, მხოლოდ ელექტრომობილებზე ორიენტირებული მწარმოებლებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს.

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $243.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $255.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 29 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Johnson & Johnson

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის კომპანიამ — Johnson & Johnson-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი მისი აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის დაკლებული.

Johnson & Johnson-ის კვარტალურმა შემოსავალმა $21.4 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $21.04 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $2.66 (პროგნოზი — $2.51).

მართალია ჯანდაცვის კომპანიის კვარტალური ანგარიში სუსტი არ ყოფილა, თუმცა, როგორც ჩანს, გუშინ აქციებზე ნეგატიურად ანალიტიკოსების შეფასებებმა იმოქმედა.

საინვესტიციო ბანკის — Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა, ტერენს ფლინმა Johnson & Johnson-ის აქციების სამიზნე ფასი $174-დან $171-მდე შეამცირა, ხოლო ჯეისონ ბედფორდმა Raymon James-დან — $179-დან $172-მდე.

Johnson & Johnson

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანალიტიკოსების ახალი სამიზნე ფასები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, მათ განსხვავებული რეკომენდაციები აქვთ. ტერენს ფლინმა Johnson & Johnson-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, ხოლო ჯეისონ ბედფორმა — ყიდვის რეკომენდაცია.

Johnson & Johnson-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $153.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $177.14-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $162.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Johnson & Johnson-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Netflix

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ვიდეო სტრიმინგის ლიდერმა — Netflix-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, კომპანიის აქციების ფასი კი 10%-ზე მეტით გაიზარდა (ბირჟის დახურვის შემდეგ დაფიქსირებული მატების ჩათვლით). მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის გაუმჯობესებული.

Netflix-მა კვარტალში დამატებით 8.76 მილიონი გლობალური გამომწერი შეიძინა, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს — 5.49 მილიონს ბევრად აღემატება.

კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $8.54 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს შეესაბამება. EPS-მა $3.73-ს მიაღწია (პროგნოზი — $3.49). ხოლო მთლიანმა გამოწერებმა 247.15 მილიონი შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — 243.88 მილიონს.

Netflix-ის დომინირება კომპანიის საფასო ძალაუფლებას თვალსაჩინოს ხდის. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Netflix რეკლამებით მხარდაჭერილი სერვისის ფასს — თვეში $6.99-ს ინარჩუნებს, ხოლო ძირითადი და პრემიუმ სერვისების ფასების ზრდას ოთხშაბათიდან განიხილავს. Netflix-ის ძირითადი სერვისი ახლა $11.99 ( ძველი ფასი — $9.99) ეღირება, ხოლო პრემიუმ სერვისი — $22.99 (ძველი ფასი — $19.99). Netflix-ის სტანდარტული გეგმის ფასი კვლავ $15.49 იქნება.

Netflix

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში Netflix-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით გაიზრდება და $8.69 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $8.77 მილიარდს. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი მოლოდინით ახალი აბონენტების რაოდენობა მესამე კვარტლის მსგავსი იქნება.

მენეჯმენტის თქმით, ბოლო თვეებში აშშ დოლარის მყარი კურსი კომპანიის შემოსავალს მეოთხე კვარტალში $200 მილიონით დააზარალებს.

რაც შეეხება Netflix-ის მომგებიანობას, კომპანიაში ახლა მოელიან, რომ სრული 2023 წლის საოპერაციო მარჟა დაახლოებით 20%-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — 18%-20%). მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი 22%-23%-ს მიაღწევს.

Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $346.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $456.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $325.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ASML Holding

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ASML Holding-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.

ASML Holding არის ჰოლანდიური მრავალეროვნული კორპორაცია, რომელიც ნახევარგამტარული ჩიპების შესაქმნელად საჭირო აღჭურვილობას აწარმოებს.

მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $7 მილიარდს ოდნავ გადააჭარბა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.1 მილიარდი), ხოლო EPS-მა $5.08 შეადგინა. ამ უკანასკნელმა აჯობა უოლ სტრიტის პროგნოზს — $4.85-ს.

ASML Holding

გაყიდვები, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, თითქმის 25%-ით გაიზარდა, რაც შესანიშნავი დასაწყისია. ხოლო მთლიანი მოგების მარჟამ 10 საბაზისო პუნქტით მოიმატა. თუმცა საოპერაციო ხარჯების ზრდამ საოპერაციო მოგების მარჟის 80 საბაზისო პუნქტით შემცირება გამოიწვია და ASML-ის წმინდა მოგების მარჟა ერთი სრული პროცენტული პუნქტით დაეცა.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ASML-ის მოგებამ მოლოდინებს გადააჭარბა, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო ნელა (20%-ით) გაიზარდა, ვიდრე — გაყიდვები.

უფრო უარესი ის არის, რომ ASML-ის წმინდა ჯავშნებმა (შემოსავლების მომავალი ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი) მხოლოდ $2.75 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიის მესამე კვარტლის გაყიდვებს 2-ზე მეტჯერ ჩამოუვარდება.

რაც შეეხება მომავალს, ASML-ის მენეჯმენტის მოლოდინით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვები $7.5 მილიარდს მიაღწევს. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება კომპანიისთვის 2024 წელი.

ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $583.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $760.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $725.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 4 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

ნაბიჯები თქვენი პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის

შემდეგი

რას ნიშნავს პასიური საინვესტიციო სტრატეგია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს პასიური საინვესტიციო სტრატეგია?

რას ნიშნავს პასიური საინვესტიციო სტრატეგია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved