გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Toyota Motor, Coca-Cola, Sp Plus და Lamb Weston Holdings.
Toyota Motor
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ავტომობილების მწარმოებელი იაპონური კომპანიის — Toyota Motor-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.
Toyota Motor-ის წარმომადგენლებმა აშშ-ში ხელი მოაწერეს $3 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულებას, რომელიც კომპანიის ელექტრო მანქანებისთვის ბატარეების მიწოდებას გულისხმობს.
LG Energy Solution გააძლიერებს ახალ საწარმოო ხაზებს EV ბატარეებისთვის და მოდულებისთვის, რომლებიც ექსკლუზიურად Toyota-სთვის დამზადდება და დაგეგმილია, რომ ეს პროცესი 2025 წლისთვის დასრულდება. ეს მნიშვნელოვანი გარიგებაა წამყვანი ავტომობილების მწარმოებლისთვის, რადგან Toyota გეგმავს EV წარმოების მასშტაბირებას 2030 წლამდე.
Statista-ს მიხედვით, 2028 წლისთვის EV ბაზრის შემოსავალი წელიწადში 10%-ით — $561 მილიარდამდე გაიზრდება. შესაბამისად, 2028 წელს ელექტრომობილების წარმოება 17 მილიონს მიაღწევს. ერთ-ერთი წინაღობა, რომელმაც შეიძლება მოსალოდნელი ზრდა შეანელოს არის პრობლემები მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით EV ბატარეების წარმოების რთული პროცესის გამო.
EV ბატარეების წარმოებისთვის საჭიროა სხვადასხვა მინერალები, რაც ნიშნავს, რომ ამ მასალების დეფიციტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს გლობალურ მოთხოვნას ელექტრომობილებზე. გარდა ამისა, კომპანიები ზედმეტად მგრძნობიარე გახდა მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების მიმართ მას შემდეგ, რაც მსოფლიომ COVID-19-ის პანდემიის დროს გამოიარა. სწორედ ამ მიზეზების გამო, Toyota Motor-ის მიერ მიწოდების გარიგების გაფორმებამ გუშინ უოლ სტრიტზე მოწონება დაიმსახურა.
როგორც ავტომობილების გაყიდვების გლობალური ლიდერი, Toyota, ცხადია, სიამოვნებით აითვისებს მზარდ ტენდენციას ელექტრომობილების ბაზარზე. 2030 წლისთვის კომპანიის მენეჯმენტი 3.5 მილიონი EV-ს წარმოებას ისახავს მიზნად, თუმცა ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კონკურენტების შედეგებს ჩამორჩება. ელექტრომობილების გლობალურ ბაზარზე ჩინური კომპანიები დომინირებს, მაშინ როცა Tesla-მ მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში 435,000 ელექტრომობილი აწარმოა, ანუ წლიური მაჩვენებელი 1.7 მილიონს აჭარბებს.
Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $173.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური სამიზნე ფასები ერთმანეთ ემთხვევა და $207.79-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Coca-Cola
გუშინ, ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანიის — Coca-Cola-ს აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 17%-ით არის დაკლებული.
ვარდნა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ბაზარზე გავრცელდა მოსაზრება, რომ წონაში კლების მედიკამენტები, როგორიცაა Ozempic და Wegovy, მომხმარებლებს ნაკლები სასურსათო პროდუქტების ყიდვისა და ნაკლები კალორიების მოხმარებისკენ უბიძგებს.
აშშ-ში Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ ფარნერმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მედიკამენტები იწვევს „ზოგადი კალათის უმნიშვნელო კლებას. უბრალოდ ნაკლები პროდუქტები, ოდნავ მცირე კალორიები“.
ამ ამბავმა გამოიწვია აქციების გაყიდვები გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიაში, Coca-Cola-სთან ერთად PepsiCo-ს აქციების ფასიც შემცირდა — 5%-ზე მეტით.
ახალი ამბები ადასტურებს ეჭვებს, რომ მედიკამენტები, როგორიცაა Ozempic, ზემოქმედებს შეფუთული საკვებისა და სასმელების ინდუსტრიაზე.
ამ ინდუსტრიაში აღმასრულებელმა დირექტორებმა და ინვესტორებმა წონაში კლების მედიკამენტების გამოყენების შედეგების შესწავლა დაიწყეს. მაგალითად, Walmart-ის მენეჯმენტი განიხილავს ანონიმურ მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ იცვლება სავაჭრო ჩვევები მას შემდეგ, რაც ადამიანები მედიკამენტის მიღებას იწყებენ. Ozempic მუშაობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბუნებრივად წარმოქმნილი ჰორმონის მიბაძვის საშუალებით, რომელიც ტვინს აწვდის ინფორმაციას, რომ მაძღარი ხართ.
ძირითადი სამომხმარებლო საქონლის გიგანტებისთვის, როგორებიც არის Coca-Cola და PepsiCo, 5%-იანი კლება საკმაოდ მკვეთრია. ამასთან შეიძლება ეს შედეგი დროებითი არ იყოს, რაც ნამდვილად იმსახურებს ინვესტორების ყურადღებას.
წლებია, რაც Coca-Cola უფრო ჯანსაღი სასმელებისკენ ისწრაფვის და დგამს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა გაზიანი სასმელების პატარა ქილების შეთავაზება, რამაც წონაში კლების ფენომენის ზემოქმედება გარკვეულწილად უნდა შეამციროს. გარდა ამისა კომპანიამ შეიძინა ყავის ქსელი — Costa.
თუ წონაში კლების მედიკამენტები საბოლოოდ Coca-Cola-სთვის სერიოზულ წინააღმდეგობად იქცევა, შეიძლება კომპანია უფრო მეტად კონცენტრირდეს ჯანმრთელობის მიმართულებაზე.
Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $52.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $70.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $76.00-ს, ხოლო მინიმალური — $63.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $160.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $200.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $179.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sp Plus
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, პარკინგის მართვის სერვისების ამერიკული პროვაიდერის — Sp Plus-ის აქციების ფასი მკვეთრად — დაახლოებით 45%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 47%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
ბაზრის გახსნამდე, Sp Plus-ისა და კერძო კომპანიის — Metropolis Technologies-ის წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესრელიზში განაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი SP Plus-ის შესაძენად თითო აქციისთვის $54-ს გადაიხდის. ეს მაჩვენებელი ოთხშაბათის დახურვის ფასთან შედარებით 52%-იან პრემიას წარმოადგენს.
გარიგება, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით $1.5 მილიარდს შეადგენს, მთლიანად ნაღდი ფულით განხორციელდება.
Sp Plus-ის მომავალი მფლობელი სპეციალიზებულია შემდეგი თაობის პარკირების გადახდის ტექნოლოგიაში.
ტრანზაქციის დახურვა მოსალოდნელია 2024 წელს, უფრო კონკრეტული თარიღი არ არის ცნობილი. გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.
Sp Plus-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $51.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $64.00-ს, ხოლო მინიმალური — $2.69-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sp Plus-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Lamb Weston Holdings
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Lamb Weston Holdings-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში გაყინული კარტოფილის მიმწოდებლის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალურ კვარტალში, რომელიც 27 აგვისტოს დასრულდა, Lamb Weston Holdings-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 48%-ით — $1.66 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.62 მილიარდს. უფრო მეტიც, კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) გაორმაგდა და $0.78-ს შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.08).
კომპანიის გაყიდვები, გასულ წელს დანერგილი უფრო მაღალი ფასების საფუძველზე გაიზარდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ Lamb Weston-ს ხარისხიანი საკვები პროდუქტების მიწოდების რეპუტაცია აქვს და მათი ჩანაცვლება მარტივი არ არის. კომპანიის ტომ მომხმარებელი არის McDonald’s, რომელიც ფისკალურ 2021 წელს Lamb Weston-ის მთლიანი გაყიდვების 11%-ზე იყო პასუხისმგებელი.
საფასო ძალა კომპანიას ინფლაციით გამოწვეული უფრო მაღალი ხარჯების ანაზღაურებაში დაეხმარა.
Lamb Weston Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $98.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $132.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lamb Weston Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29.5%-იან ზრდას გულისხმობს.