• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

სექტემბერი 26, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Netflix, Williams-Sonoma, AngioDynamics, Sea Limited და Li Auto.

Netflix

გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ Netflix არღვევს Broadcom-ის საავტორო უფლებებს და კომპანიას მოუწოდა, ქვეყანაში Broadcom-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ვიდეო სტრიმინგი შეაჩეროს.

აღმოჩნდა, რომ Netflix საავტორო უფლებებს თავისი HEVC ვიდეო გადაცემის საშუალებით არღვევს, რომლითაც კომპანია მომხმარებლებს Ultra HD კონტენტს აწვდის. სასამართლოს ბრძანება აუკრძალავს Netflix-ს კონტენტის სტრიმინგს, რომელიც ეყრდნობა Broadcom-ის ტექნოლოგიას. ამ ორ კომპანიას შორის დავა 2018 წლიდან დაიწყო.

„Netflix-მა, მომხმარებლისთვის კონტენტის მისაწოდებლად, შექმნა ძლიერი ვიდეო სტრიმინგ ბიზნესი, რომელიც Broadcom-ის მიერ დაპატენტებულ ტექნოლოგიას ეყრდნობა. მოხარულები ვართ, რომ ეს ფაქტი აღიარებულია გერმანიის სასამართლოს მიერ“ — განაცხადა მარკ ტერანომ, Broadcom-ის ინტელექტუალური საკუთრების და ლიცენზირების ვიცე-პრეზიდენტმა.

Netflix

გასულ კვირას Netflix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია მესამე კვარტლის ანგარიშს 14 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. მეორე კვარტალში Netflix-ის ევროპისა და MENA-ს სეგმენტმა კომპანიას $2.5 მილიარდი მოუტანა (მთლიანი კვარტალური შემოსავალი $8.1 მილიარდი). MENA მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: ალჟირი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ირანი, ერაყი, ისრაელი, იორდანია, ქუვეიტი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, სირია, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პალესტინა და იემენი.

Netflix-ის აქციებზე ამ ნეგატიურ სიახლეს არ უმოქმედია. გუშინ კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 72%-ით არის გაუმჯობესებული.

Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $385.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $474.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $293.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 31 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Williams-Sonoma

Williams-Sonoma არის სახლისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის პროდუქციის სპეციალიზებული საცალო მოვაჭრე. გუშინ, ძირითადად ინვესტორების შეცდომის გამო, კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 12%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 37%-ით არის გაუმჯობესებული.

Wall Street Memes-ის ტოკენის გამოშვებამ იმავე აბრევიატურით — WSM, როგორც ჩანს, ინვესტორები დააბნია. X-ზე (ადრე ცნობილი, როგორც Twitter) გავრცელებული cashtag-ების — “$WSM” — უმეტესობაში Wall St. Memes ტოკენი იგულისხმებოდა და არა Williams-Sonoma, რაც დაბნეულობის მტკიცებულებაა.

Williams-Sonoma-სთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული სიახლე არ გავრცელებულა. ინვესტორების დაბნეულობის კიდევ ერთი მტკიცებულება ის არის, რომ კომპანიის აქციების სავაჭრო მოცულობა ნორმალურზე ბევრად მაღალი იყო — მფლობელი 4.45 მილიონმა აქციამ შეიცვალა მაშინ, როდესაც საშუალო მაჩვენებელი 1.06 მილიონს შეადგენს.

Williams-Sonoma

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინვესტორები ასეთ შეცდომას უშვებენ. როდესაც Zoom Video Communications-მა პანდემიის დასაწყისში პოპულარობა მოიპოვა, გაიზარდა Zoom Technologies-ის აქციების ფასი, რადგან ამ კომპანიის აბრევიატურა ბირჟაზე “ZOOM” იყო.

ასეთი მაგალითები ნაკლებად ცნობილი აქციების შემთხვევაშიც არის დაფიქსირებული.

რა თქმა უნდა, გუშინდელი ზრდა Williams-Sonoma-ს აქციების შეძენის მიზეზი არ არის. სინამდვილეში, სავარაუდოა, რომ კომპანიის აქციების ფასი შემცირდება მას შემდეგ, რაც ინვესტორები, რომლებიც სინამდვილეში Wall St. Memes ტოკენის ყიდვას აპირებდნენ, თავიანთ შეცდომას გააცნობიერებენ.

Williams-Sonoma-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $143.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $110.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Williams-Sonoma-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AngioDynamics

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლის — AngioDynamics-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ით არის შემცირებული.

გუშინ დილით საინვესტიციო ბანკმა — H.C. Wainwright-მა AngioDynamics-ის აქციების შეფასება წამოიწყო და მათ ყიდვის რეკომენდაცია მიანიჭა.

კომპანიას აქვს რამდენიმე ძირითადი პროდუქტი: AlphaVac — მოწყობილობა ვენებიდან სისხლის კოლტების მოსაცილებლად; და NanoKnife, რომელიც ელექტროენერგიას კიბოს უჯრედების გასანადგურებლად იყენებს. H.C. Wainwright-ში ამბობენ, რომ ამ და სხვა შესაძლებლობების გათვალისწინებით, კომპანიის აქციებს გააჩნია პოტენციალი, წლიური 20%-ის ტოლი ზრდის ტემპით განაგრძოს წინსვლა. საინვესტიციო ბანკში AngioDynamics-ის აქციებს $19-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭეს, რაც პარასკევის დახურვის ნიშნულს თითქმის სამჯერ აღემატება.

AngioDynamics

თუმცა ამჟამად კომპანია ყოველწლიურად 20%-ით ნამდვილად არ იზრდება. გასულ თვეში კომპანიამ შემოსავალი 5%-ზე ნაკლებით გაზარდა და მომგებიანიც არ იყო. გარდა ამისა, S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში AngioDynamics-ის შემოსავლების ზრდა ყოველწლიურად საშუალოდ 8.6%-ს შეადგენდა.

AngioDynamics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $7.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ორივე მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AngioDynamics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 165%-იან ზრდას გულისხმობს.

Sea Limited

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, აზიური ტექნოლოგიური კომპანიის — Sea Limited-ის აქციების ფასი დაახლოებით 12%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 24%-ზე მეტით არის შემცირებული.

ინდონეზიაში, TikTok Shop სწრაფად იპყრობს ელექტრონული კომერციის ბაზარს. თუმცა, შესაძლოა, დღეს ინდონეზიის მთავრობამ გამოაქვეყნოს რეგულაციები, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმას, როგორიც არის TikTok, ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების ინტეგრირებას გაურთულებს.

Sea Limited-ის ბიზნესი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. მათგან ერთ-ერთი არის ელექტრონული კომერცია, რომელიც Shopee პლატფორმით არის წარმოდგენილი. თუ მკაცრი რეგულაციების საშუალებით TikTok Shop-ის ზრდა მოულოდნელად შეფერხდება, თეორიულად, ეს Shopee-სთვის სასარგებლო იქნება.

2023 წლის მეორე კვარტალში ელექტრონული კომერციის სეგმენტი Sea Limited-ის შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედზე იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეს მიმართულება ბიზნესის უზარმაზარი ნაწილია. ინდონეზიაში კონკურენციის შესუსტება შეიძლება კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ბიძგი აღმოჩნდეს.

Sea Limited

Sea Limited-ის აქციების ფასი ახლა, ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 89%-ით არის შემცირებული და მოლოდინები კომპანიასთან დაკავშირებით დაბალია. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია TikTok-ის მსგავსი პლატფორმებისგან კონკურენციის გაძლიერების შიშით. თუ ინდონეზია თამაშის წესებს შეცვლის, შეიძლება სხვა რეალობა მივიღოთ. აღსანიშნავია, რომ Sea Limited კვლავ იზრდება და მომგებიანია, რაც შეიძლება ნიშნავს, რომ კომპანია აღსადგენად კარგ პოზიციაში იმყოფება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინვესტორებმა ჯერ არ იციან, თუ კონკრეტულად რას გეგმავს ინდონეზიის მთავრობა და როგორი იქნება ახალი რეგულაციების პოტენციური მოქმედების არეალი.

Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $40.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $65.02-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $42.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 62%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Li Auto

გუშინ ელექტრომობილების (EV) მზარდი ჩინური კომპანიის — Li Auto-ს აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა, რადგან, როგორც ჩანს, ჩინეთის ელექტრომობილების შიდა ინდუსტრიაში კონკურენცია იზრდება. გუშინ დილით South China Morning Post-მა (ჰონგ-კონგში დაფუძნებული ინგლისურენოვანი გაზეთი, რომელიც Alibaba-ს ეკუთვნის) გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილური ტელეფონების ჩინური გიგანტი — Huawei ელექტრომობილების ინდუსტრიაში შედის S7 ელექტრო სედანით, რომელიც ადგილობრივ საავტომობილო კომპანიასთან — Chery Automobile-თან ერთად შექმნა.

როგორც SCMP განმარტავს, Huawei-Chery-ის ერთობლივი საწარმო — “Luxeed” უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს, ჩინეთის ბაზარზე Tesla-ს დომინანტური პოზიცია დააკარგვინოს. მაგრამ ამ ბრძოლაში შეიძლება სხვა გვერდითმა მოვლენებმაც იჩინოს თავი.

Li Auto

Luxeed-ის S7 აღწერილია, როგორც კუპეს მსგავსი ელექტრომობილი, რომელიც Chery-ს საკუთარ E0X პლატფორმაზეა დაფუძნებული და სხვადასხვა ასპექტში Tesla-ს Model S-ს აღემატება. მოსალოდნელია, რომ მისი წარმოება ნოემბერში დაიწყება.

როგორც ჩინეთის სამი საჯარო EV კომპანიიდან ყველაზე მსხვილი (BYD-ის გამოკლებით, რადგან მისი აქციები აშშ-ის ბირჟებზე არ არის ხელმისაწვდომი), Li, ლოგიკურად, ყველაზე დიდი ადგილობრივი კონკურენტია Huawei-სა და Chery-სთვის.

Li Auto-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 9 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $51.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Li Auto-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46.5%-იან ზრდას გულისხმობს.

წინა

რას ნიშნავს ინვესტიციის საშუალო ანაზღაურება?

შემდეგი

რა არის დეფლაცია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის დეფლაცია?

რა არის დეფლაცია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved