გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Advance Auto Parts, Chewy, Abercrombie & Fitch და American Airlines Group.
Advance Auto Parts
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Advance Auto Parts-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ავტონაწილების კომპანიის აქციების ფასი 11%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის გაუმჯობესებული.
2024 წლის პირველ კვარტალში Advance Auto Parts-ის შემოსავალი წლიურად მხოლოდ 1%-ით — $3.41 მილიარდამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.43 მილიარდს. კომპანიის საოპერაციო მარჟამ 2.5% შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში, ამ მაჩვენებელმა 2.9%-ს მიაღწია. მოგება თითო აქციაზე (EPS) კი $0.67-ს გაუტოლდა, რაც ასევე ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.71-ს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აგვისტოში Advance Auto Parts-მა ახალი პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა შეინ ო’კელი HD Supply-დან. მან მემკვიდრეობით მიიღო ბიზნესი, რომელსაც, კონკურენტებთან შედარებით, უფრო დაბალი მოგების მარჟები გააჩნია. შესაბამისად, უკეთესი წარმადობის მისაღწევად, შეინმა ლიდერთა გუნდის შეცვლა და ბიზნესის რესტრუქტურიზაცია დაიწყო.
რაც შეეხება მომავალს, პრობლემების მიუხედავად, Advance Auto Parts-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანია $250 მილიონის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავებას შეძლებს. ეს არ არის ცუდი ფირმისთვის, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ამ მომენტისთვის მხოლოდ $3.8 მილიარდს შეადგენს.
Advance Auto Parts-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $62.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $67.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $78.00-ს, ხოლო მინიმალური — $51.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Advance Auto Parts-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 9-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Chewy
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Chewy-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი შინაური ცხოველების პროდუქტების კომპანიის აქციების ფასი 27%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.
2024 წლის პირველ კვარტალში Chewy-ის შემოსავალი წლიურად 3.1%-ით — $2.88 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.86 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.31-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.20).
შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდის, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ გასულ კვარტალში კომპანიის მომხმარებლების რაოდენობა წლიურად 2.1%-ით შემცირდა. თუმცა საშუალო შემოსავალი თითო მომხმარებელზე 9.6%-ით გაიზარდა.
ხოლო იმ მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც გამოიყენეს autoship ფუნქცია (მომხმარებლებს სთავაზობს ფასდაკლებებს განმეორებადი ავტომატური გადაზიდვების ოფციის არჩევის სანაცვლოდ) 77.6%-მდე გაიზარდა. შესადარებისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 75.2%-ს შეადგენდა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში Chewy-მ მომგებიანობას მიაღწია. გასულ კვარტალში კორექტირებულმა EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) მარჟამ 5.7% შეადგინა (წინა წლის იმავე მეოთხედში — 4%).
დაბოლოს, Chewy-ის დირექტორთა საბჭომ $500 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა. კომპანიას შეუძლია ამის გაკეთება, რადგან არ აქვს ვალი და ბალანსზე $1.1 მილიარდის ოდენობით ნაღდი ფული გააჩნია.
Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $21.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $35.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Abercrombie & Fitch
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Abercrombie & Fitch-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 24%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 108%-ით არის გაუმჯობესებული.
2024 წლის პირველ კვარტალში Abercrombie & Fitch-ის გაყიდვები წლიურად 22%-ით — $1.02 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $961.98 მილიონი). მოგებამ თითო აქციაზე კი $2.14-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.7-ს.
Abercrombie & Fitch-ის გაყიდვებმა არა მხოლოდ აჯობა უოლ სტრიტის პროგნოზს, არამედ გასული კვარტალი კომპანიისთვის ამ მხრივ საუკეთესო იყო. Hollister-ის ბრენდის გაყიდვები წლიურად 12%-ით გაიზარდა, ხოლო Abercrombie-ის ბრენდების — 31%-ით. ამ გაყიდვებიდან მიღებულმა მოგებამაც მოიმატა — საოპერაციო მარჟა 860 საბაზისო პუნქტით, 12.7%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, Abercrombie & Fitch-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წელს საოპერაციო მოგება $662 მილიონს მიაღწევს, ხოლო წმინდა მოგება წლიურად 35%-ით გაუმჯობესდება. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მოგება თითო აქციაზე $11.45-ს მიაღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $8.04-ს.
Abercrombie & Fitch-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $189.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $150.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $112.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Abercrombie & Fitch-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა – ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
American Airlines Group
გუშინ American Airlines Group-ის მენეჯმენტმა კვარტალური მაჩვენებლების პროგნოზები შეამცირა და მთავარი კომერციული დირექტორის წასვლა დააანონსა, რაც მოთხოვნის შემცირებისა და სტრატეგიული ცვლილებების ნიშნებია.
ამ სიახლეების გავრცელების შემდეგ, ავიაკომპანიის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით ამდენივე პროცენტული პუნქტით არის დაკლებული.
ავიაკომპანიების ინვესტორებს ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სირთულის გადალახვა მოუწიათ. ინდუსტრია მძიმედ დააზარალა პანდემიამ, მაგრამ ისარგებლა მნიშვნელოვანი მოთხოვნით, როდესაც ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა. გასული წლის მთავარი კითხვა იყო, არის თუ არა ეს მოთხოვნა მდგრადი, განსაკუთრებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შიშის პირობებში.
American Airlines Group-მა ამ კითხვას თავისი პასუხი გუშინ გასცა. მეორე კვარტლისთვის კომპანიის მენეჯმენტმა EPS-ის პროგნოზი $1.15-$1.45-დან $1-$1.15-მდე, ხოლო საოპერაციო მარჟის მოლოდინი 1%-ით შეამცირა.
ეს სიახლე სრულიად მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მიმდინარე თვის დასაწყისში მსგავსი კომენტარი Frontier Group Holdings-ის წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
თუმცა American Airlines-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ ვასუ რაჯა, რომელიც კომპანიაში კომერციული დირექტორის თანამდებობას 2022 წლის აპრილიდან იკავებდა, სამსახურს ტოვებს. ამასთან, მისი შემცვლელი არ დასახელებულა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიაში სტრატეგიული ცვლილებები იგეგმება, რამაც შეიძლება მდგომარეობის აღდგენა შეაფერხოს.
American Airlines Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი American Airlines Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 52%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.