გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Lowe’s Companies, Urban Outfitters და James Hardie Industries.
Lowe’s Companies
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Lowe’s Companies-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 2%-ით შემცირდა. 2024 წლის პირველ კვარტალში Lowe’s-მა მოახერხა მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავლისა და მოგების მაჩვენებლების დაფიქსირება მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების მიერ სახლის გაუმჯობესების პროდუქტებზე გაწეული ხარჯები შემცირდა.
წლის დასაწყისიდან Lowe’s Companies-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით არის გაუმჯობესებული.
Lowe’s არის ამერიკული საცალო ვაჭრობის კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სახლის გაუმჯობესების პროდუქტებში.
კვარტალური შედეგები
2024 წლის პირველ კვარტალში Lowe’s Companies-ის შემოსავალი წლიურად დაახლოებით 4.4%-ით — $21.36 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $21.14 მილიარდს.
მოგება, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 20%-ზე მეტით შემცირდა. Lowe’s-ის წმინდა მოგებამ $1.76 მილიარდი შეადგინა, რაც ასევე აჭარბებს უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.68 მილიარდს. მოგება თითო აქციაზე (EPS) კი წლიურად $3.77-დან $3.06-მდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.93).
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Lowe’s-ის მენეჯმენტი მოელის, რომ წლის განმავლობაში ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 2%-3%-ით შემცირდება, ხოლო შემოსავალი $84-$85 მილიარდს მიაღწევს. ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ ეს მაჩვენებელი $84.25 მილიარდს შეადგენს. შედარებისთვის, 2023 წელს კომპანიამ $86.38 მილიარდის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა.
Lowe’s Companies-ში ასევე პროგნოზირებენ, რომ მთელი წლის მოგება თითო განზავებულ აქციაზე $12-$12.30-ს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება გასული წლის მაჩვენებელს — $13.20-ს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინი კი $12.18-ია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Lowe’s Companies-ის აქციებს?
Lowe’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $225.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $253.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $290.00-ს, ხოლო მინიმალური — $229.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lowe’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 25 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Urban Outfitters
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Urban Outfitters-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”2 ვაჭრობაში კი ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც 30 აპრილს დასრულდა, Urban Outfitters-ის შემოსავალი წლიურად 7.8%-ით — $1.2 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.18 მილიარდს. კორექტირებულმა EPS-მა კი $0.69-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელიც აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $.053-ს.
საცალო სეგმენტის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები Free People და Anthropologie ქალთა მაღალი კლასის ბრენდებისთვის, შესაბამისად, 17.1%-ით და 10.4%-ით გაიზარდა. ამან ხელი შეუწყო კომპანიის სახელობის — Urban Outfitters ბრენდის სისუსტის კომპენსირებას. ამ უკანასკნელის comps წლიურად 13.7%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, ტანსაცმლის გაქირავების განყოფილებამ — Nuuly-მ კვარტალში ძლიერი შედეგი დააფიქსირა, მისი გაყიდვები წლიურად 51.4%-ით გაუმჯობესდა, რაც საშუალო აქტიური გამომწერების რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული.
„მოხარულები ვართ, გამოვაქვეყნოთ გაყიდვებისა და მოგების რეკორდული მაჩვენებლები, რომლებიც განპირობებულია Anthropologie, Free People, FP Movement და Nuuly ბრენდების უწყვეტი სიძლიერით“ — განაცხადა Urban Outfitters-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ ჰეინმა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Urban Outfitters-ის აქციებს?
Urban Outfitters-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $41.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $44.36-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $32.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Urban Outfitters-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
James Hardie Industries
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, James Hardie Industries-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამშენებლო მასალების ავსტრალიური მწარმოებლის აქციების ფასი 15%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის დაკლებული.
კვარტალური მაჩვენებლები
გასულ კვარტალში James Hardie Industries-ის შემოსავალმა $1 მილიარდს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს დაახლოებით $10 მილიონით ჩამორჩა. EPS-მა კი $0.40 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.4204).
სრული ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, James Hardie-ის გაყიდვები 4%-ით გაუმჯობესდა.
კომპანიის წარმადობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საბინაო და სარემონტო ბაზრებთან, რომლებიც შეერთებულ შტატებში და სხვა ტერიტორიებზე, საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო, შენელდა.
რაც შეეხება მომავალს, James Hardie-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 კალენდარული წლის განმავლობაში მოთხოვნა მის უმსხვილეს ბაზარზე, ჩრდილოეთ ამერიკაში, 2%-ით შემცირდება.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.
[2] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.