გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Alibaba, Paysafe, Tencent Holdings და Jack in the Box.
Alibaba
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Alibaba-მ კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციის ჩინური კომპანიის აქციების ფასი 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში Taobao-სა და Tmall-ის მფლობელის შემოსავალი წლიურად 7%-ით — $30.7 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $30.4 მილიარდს.
Taobao-დან და Tmall-დან მიღებულმა შემოსავალმა წლიურად 4%-ით მოიმატა და $12.9 მილიარდს მიაღწია, ხოლო ქლაუდ გამოთვლების სეგმენტის შემოსავალი 3%-ით — $3.5 მილიარდამდე გაიზარდა.
Alibaba International Digital Commerce Group-მა მიაღწია ძლიერ შედეგებს ნაწილობრივ AliExpress-ის Choice-ის წყალობით, რომელიც შერჩეულ ქვეყნებში ამანათების უფასო მიწოდებას გულისხმობს. გარდა ამისა, Cainiao-ს, Alibaba-ს ლოჯისტიკური კომპანიის შემოსავალმა, 30%-ით მოიმატა და $3.4 მილიარდი შეადგინა.
მიუხედავად მთლიანი შემოსავლის ზრდისა, საოპერაციო შემოსავალი წლიურად 3%-ით — $2.05 მილიარდამდე შემცირდა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 5%-ით დაიკლო და $1.40 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს მხოლოდ 1 ცენტით ჩამორჩა.
Alibaba-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ედი ვუმ ბიზნესის წარმადობაზე ისაუბრა და თქვა: „გასული კვარტლის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენი სტრატეგიები მუშაობს და ზრდას ვუბრუნდებით. ჩინეთში და გლობალური მასშტაბით ჩვენმა კომერციულმა ბიზნესმა წლიურად მთლიანი საქონლის ღირებულების ორნიშნა პროცენტული ზრდა დააფიქსირა, რაც გამოწვეულია კომპანიის ფოკუსირებით მომხმარებლების გამოცდილებაზე“.
ბოლო წლების განმავლობაში Alibaba რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან კომპანიას შეექმნა მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც დაიწყო დამფუძნებლის — ჯეკ მას უპატივცემულო შენიშვნებით ჩინეთის ფინანსთა მინისტრების მიმართ.
მას შემდეგ, Alibaba-მ გაუძლო ფინანსური მიმართულების — Ant Group-ის საწყისი საჯარო შეთავაზების (IPO) დაბლოკვას, მრავალმილიარდიან ჯარიმას და იძულებით დივესტირებებს.
კომპანიას ასევე უწევს სხვა პრობლემებთან გამკლავება, როგორებიც არის ჩინეთი ეკონომიკის სისუსტე და საფასო კონკურენციის გაძლიერება, მაგალითად, PDD Holdings-ის Pinduoduo-სგან.
გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს Alibaba-ს მენეჯმენტმა უარი თქვა ქლაუდ ბიზნესის გამოყოფის გეგმაზე მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში ჩიპების ექსპორტი შეზღუდა.
გასული წლის მარტში Alibaba-ს წარმომადგენლებმა კომპანიის ექვს ბიზნესად დაყოფის გეგმის შესახებ განაცხადეს. Alibaba-ს დაყოფა იგეგმებოდა შემდეგ განყოფილებებად: 1. Cloud Intelligence Group — ქლაუდ გამოთვლების და ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით; 2. Taobao და Tmall — კომპანიის ელექტრონული კომერციის ბიზნესები, რომლებიც შემოსავლის უმეტეს ნაწილზეა პასუხისმგებელი; 3. ადგილობრივი მომსახურება, მათ შორის საკვების მიწოდება; 4. გლობალური ციფრული ბიზნეს ჯგუფი, რომელიც შედგება უცხოეთზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის ბიზნესებისგან, როგორიცაა Lazada და AliExpress; 5. Cainiao Smart Logistics — კომპანიის ჩინეთში დაფუძნებული ლოჯისტიკური ოპერაციები; 6. The Digital Media და Entertainment Group, სტრიმინგის სერვისების ჩათვლით, როგორიცაა Youku.
ნოემბერში Alibaba-ს აქციების ფასი შემცირდა, რადგან კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Cloud Intelligence Group Alibaba-ს ბიზნესს აღარ გამოეყოფოდა. ინვესტორები მოუთმენლად ელოდნენ CIG-ის სპინოფს, ალბათ იმიტომ, რომ შემოსავლების ზრდის მხოლოდ 2%-იანი მაჩვენებლით ეს მიმართულება Alibaba-ს სხვა ბიზნესებს ჩამორჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას Alibaba-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ წესებს და განაცხადეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება მატერიალურად და ნეგატიურად იმოქმედოს Cloud Intelligence Group-ის უნარზე, ბაზარს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, ამასთან შეასრულოს არსებული კონტრაქტები. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს შედეგებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე“.
ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ჩანს, ინვესტორებს სჭირდებათ უკეთესი კვარტალური ანგარიში, რათა Alibaba-ს აქციების მიმართ ნდობა დაუბრუნდეთ.
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $106.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $131.90-ს, ხოლო მინიმალური — $80.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 34%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Paysafe
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Paysafe-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი გადახდების ტექნოლოგიების სპეციალისტის აქციების ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით არის გაუმჯობესებული.
2024 წლის პირველ კვარტალში Paysafe-ის შემოსავალი წლიურად 8%-ით — $417.7 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $408.2 მილიონი). კორექტირებულმა EPS-მა კი $0.57-ს მიაღწია, რამაც უოლ სტრიტის მოლოდინს $0.02-ით გადააჭარბა.
გასულ მეოთხედში შემოსავლის მატება დიდწილად განპირობებული იყო გადახდების მთლიანი მოცულობის ზრდით. კომპანიის პლატფორმის მეშვეობით დამუშავებული ტრანზაქციების ჯამური ღირებულება წლიურად 7%-ით — $36.1 მილიარდამდე გაიზარდა. გაყიდვების გაუმჯობესების წყალობით, ბიზნესის კორექტირებული წმინდა მოგებამ წლიურად დაახლოებით 7%-ით მოიმატა და $35.3 მილიონს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ განაგრძო გაყიდვების გუნდის გაფართოება.
რაც შეეხება მომავალს, Paysafe-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს კომპანიის შემოსავალი $1.69-$1.71 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, ანალიტიკოსების პროგნოზი $1.7 მილიარდს შეადგენს.
Paysafe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.52-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paysafe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tencent Holdings
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Tencent Holdings-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ით არის გაუმჯობესებული.
Tencent ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, რომელიც მოიცავს ვიდეო თამაშებს, ონლაინ რეკლამირებას, სოციალურ მედიას, ვიდეო და მუსიკის გამოწერის მომსახურებებს, ფინტექ სერვისებსა და ქლაუდ პროგრამულ უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო თამაშების მიმართულებამ ვარდნა განიცადა, Tencent-ის პრაქტიკულად ყველა სხვა სეგმენტმა მყარი ზრდა დაფიქსირდა.
მართალია, ვიდეო თამაშებისგან გამომუშავებული შემოსავალი შემცირდა, მაგრამ ამ სეგმენტთან დაკავშირებით დადებითი სიახლეც გავრცელდა.
სხვა მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად, Tencent-ს მოუწია წინაღობებთან გამკლავება ქვეყნის რთული ეკონომიკური ლანდშაფტის ფონზე. 2021 წლამდე Tencent მკვეთრ ზრდას აფიქსირებდა, მაგრამ შემდეგ ჩინეთის მთავრობამ ტექნოლოგიურ გიგანტებზე ზეწოლა განახორციელა და ეკონომიკამ ვარდნა განიცადა. ამის ფონზე კი Tencent გაუყვა უფრო მოკრძალებული ზრდის გზას და მენეჯმენტი მომგებიანობაზე ფოკუსირდა.
2024 წლის პირველ კვარტალში Tencent Holdings-ის შემოსავალი წლიურად მხოლოდ 6% — $22.04 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $21.89 მილიარდი), მაგრამ მთლიანი მოგების მარჟამ 8%-ით — 45%-დან 53%-მდე მოიმატა. შედეგად, კორექტირებული მთლიანი მოგება 23%-ით გაიზარდა, ხოლო ჩვეულებრივი აქციონერებისთვის ხელმისაწვდომმა წმინდა მოგებამ 54%-ით მოიმატა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $0.73 შეადგინა, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.62-ს.
როგორ მოახერხა ეს Tencent-მა? კომპანიამ დააფიქსირა შთამბეჭდავი 26%-იანი ზრდა მაღალმომგებიან ონლაინ რეკლამირების სეგმენტში, რადგან გასული წლის განმავლობაში ვიდეო ანგარიშების გამოყენება 80%-ით გაუმჯობესდა. შესაძლოა, Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსად, Tencent-მაც მოახერხა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება WeChat სოციალური მედიის პლატფორმაზე მომხმარებლის ჩართულობის გასაზრდელად და რეკლამის განმთავსებლებისთვის სამიზნე აუდიტორიის შერჩევის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
გარდა სოციალური მედიისა, სხვა სეგმენტებმაც სიმტკიცე აჩვენა. ვიდეო და აუდიო გამოწერის სერვისების ზრდამ, შესაბამისად, 8% და 20% შეადგინა. ამავდროულად, კომპანიამ დააფიქსირა გაუმჯობესება ბიზნეს სერვისების სეგმენტში, მათ შორის იყო ქლაუდ გამოთვლითი პროგრამული უზრუნველყოფა. ეს განსაკუთრებით გამამხნევებელი იყო, რადგან ბოლო წლებში ქლაუდ სეგმენტის ზრდა ჩინეთში სუსტი იყო აშშ-სთან შედარებით.
რაც შეეხება ვიდეო თამაშების სეგმენტს, დამატებული ღირებულების სერვისები, ამასთან თამაშებისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 0.9%-ით შემცირდა, მათ შორის, შიდა თამაშების შემოსავალი — 2%-ით და საერთაშორისო თამაშების შემოსავალი — 3%-ით. თუმცა ორივე სეგმენტის მთლიანი შემოსავალი, მათ შორის გადავადებული შემოსავლები, რომლებიც წინასწარ გადახდილია, რათა აღიარებული იქნას მომავალ პერიოდებში ბევრად უფრო გამამხნევებელი იყო. საერთაშორისო თამაშების მთლიანი შემოსავალი წლიურად 34%-ით გაიზარდა, ხოლო შიდა თამაშების — კლებიდან ისევ ზრდას დაუბრუნდა და 3%-ით გაუმჯობესდა.
Tencent-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $51.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $46.00-ს, ხოლო მინიმალური — $39.69-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tencent-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი.
Jack in the Box
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Jack in the Box-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სწრაფი კვების კომპანიის აქციების ფასი უცვლელი დარჩა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 37%-ით არის შემცირებული.
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Jack in the Box-ის შემოსავალი წლიურად 8%-ით — $365.35 მილიონამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $369.87 მილიონს.
ამასთან ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე $1.26 შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს მხოლოდ $0.01-ით ჩამორჩება, ხოლო უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.20-ით.
Jack in the Box-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $53.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $74.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $118.00-ს, ხოლო მინიმალური — $59.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Jack in the Box-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.