• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 13 მაისს საფონდო ბირჟაზე?

მაისი 14, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 13 მაისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის OpenAI, Arm Holdings, Intel და Squarespace.

Microsoft-ის პარტნიორი – OpenAI

გუშინ გამართულ ღონისძიებაზე Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილმა OpenAI-მ თავისი ყველაზე ეფექტიანი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი — GPT-4o წარადგინა. კომპანიამ ასევე გამოაქვეყნა ChatGPT დესკტოპ აპლიკაცია, მისი ხმისა და ვიდეო შესაძლებლობების განახლებები. ახალ მოდელზე წვდომა აქვთ როგორც ფასიანი, ისე უფასო სერვისის მომხმარებლებს. GPT-4o-ს ზოგიერთი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია, ზოგი კი მომდევნო რამდენიმე კვირაში გამოვა.

OpenAI-ის ტექნოლოგიურმა დირექტორმა — მირა მურატიმ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კომპანიის უახლესი მოდელი — GPT-4o ხელმისაწვდომს ხდის GPT-4 დონის ინტელექტს ყველასთვის, მათ შორის უფასო სერვისის მომხმარებლებისთვის.

აღმასრულებელმა დირექტორმა — სემ ალტმანმა განაცხადა, რომ GPT-4o არის Open AI-ის საუკეთესო მოდელი. მისი თქმით, კომპანიის მისიაა, ასეთი შესანიშნავი AI ინსტრუმენტები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.

OpenAI-ში აცხადებენ, რომ ახალი მოდელი ორჯერ უფრო სწრაფია, 50%-ით იაფია და 50-ზე მეტი ენის მხარდაჭერით სარგებლობს. GPT-4o ხელს შეუწყობს ChatGPT ჩეთბოტის, ასევე აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის (API) მუშაობას, რომელიც დეველოპერებს OpenAI-ის მოდელების გამოყენების საშუალებას აძლევს.

OpenAI

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირაში ახალი მოდელი მომხმარებლებს გაუმჯობესებულ ხმისა და ვიდეო ფუნქციებს მოუტანს.

პრეზენტაციის დროს OpenAI-ს გუნდმა საზოგადოებას აჩვენა ChatGPT-ის შესაძლებლობები, ამოიცნოს ემოციები ხმისა და ვიდეოს საშუალებით, თარგმნოს რეალურ დროში და ხელი შეუწყოს კოდირებას. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ, ChatGPT-ს საუბარი შეაწყვეტინონ, რაც უფრო ბუნებრივ სიმულაციას ქმნის.

ChatGPT-ის ხმოვანმა მახასიათებლებმა შეიძლება გაზარდოს კონკურენცია სხვა ხმოვან ასისტენტებთან, როგორებიც არის Apple-ის Siri, Alphabet-ის Google, Amazon-ის Alexa და ა. შ.

Arm Holdings

კვირას ონლაინ ჟურნალმა — Nikkei Asia-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში დაფუძნებული ჩიპების დამპროექტებელი გიგანტი — Arm Holdings გეგმავს ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპების შემუშავებას. მენეჯმენტის მიზანია, პირველი პროტოტიპი 2025 წლის დასაწყისში გამოუშვას.

გუშინ Arm Holdings-ის აქციების ფასი თითქმის 8%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ით არის გაუმჯობესებული.

მოხსენების თანახმად, Arm, რომელშიც იაპონური SoftBank 90%-იან წილს ფლობს, დააარსებს AI ჩიპის ახალ ერთეულს და შექმნის პროტოტიპს მომავალი წლის გაზაფხულზე. 2025 წლის შემოდგომისთვის კი კომპანიის მენეჯმენტი, ჩიპების მასიური წარმოებისთვის, საკონტრაქტო მწარმოებლებს მიმართავს.

Nikkei Asia-ის ინფორმაციის თანახმად, Arm დააფინანსებს საწყისი განვითარების ხარჯების უმეტეს ნაწილს, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით მილიარდ იენს მიაღწევს. მოსალოდნელია, რომ ამ საქმეში თავის წვლილს Softbank-იც შეიტანს. ამუშავების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ბიზნესი შეიძლება Arm Holdings-ს გამოეყოს.

Arm Holdings

Nikkei Asia-ის ცნობით, Softbank-მა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები Taiwan Semiconductor Manufacturing-თან და ჩიპების სხვა მწარმოებლებთან, რადგან მენეჯმენტი საწარმოო შესაძლებლობებში დარწმუნებას ცდილობს.

Arm Holdings, რომელიც ფულს თავისი ჩიპების დიზაინებზე ლიცენზიების გაყიდვით გამოიმუშავებს, განაგრძობს AI მონაცემთა ბაზისკენ სწრაფვას.

გასული წლის სექტემბერში პირველადი საჯარო შეთავაზებიდან (IPO) დღემდე, კომპანიის აქციების ფასი გაორმაგდა, რადგან ინვესტორები იმედოვნებენ, რომ Arm Holdings-ს შეუძლია, AI ინფრასტრუქტურის ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყროს. Precedence Research მოელის, რომ AI ჩიპების ბაზრის ღირებულება 2032 წლისთვის $200 მილიარდამდე გაიზრდება. ამჟამად ეს მაჩვენებელი $30 მილიარდს აღწევს.

Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $117.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $114.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $72.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Intel

გუშინ Intel-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტექნოლოგიური კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს კერძო ფირმა Apollo Global Management-თან. მიზანი არის, ამ უკანასკნელისგან $11 მილიარდზე მეტის მიღება, რაც ირლანდიაში ქარხნის ასაშენებლად იქნება გამოყენებული.

Wall Street Journal იტყობინება, რომ, შესაძლოა, უახლოეს კვირებში ამ დისკუსიებს გარიგება მოჰყვეს.

ჟურნალში აღნიშნულია, რომ პოტენციურ დამფინანსებლებად ასევე განიხილებოდა რამდენიმე სხვა ალტერნატიული საინვესტიციო ფირმა, მათ შორის KKR (KKR) და Stonepeak. თუმცა შემდეგ უპირატესობა Apollo Global-მა მოიპოვა.

Intel

Intel-მა, რომელიც ირლანდიაში უკვე ათწლეულების განმავლობაში ოპერირებს, გასულ სექტემბერში გახსნა $18.4 მილიარდის ღირებულების ქარხანა ლეიქსილიპის კამპუსში.

Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $38.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Squarespace

გუშინ Squarespace-ის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერძო ფირმა — Permira მის $6.9 მილიარდად შეძენას და კერძო კომპანიად გარდაქმნას აპირებს.

Squarespace არის ვებგვერდების შექმნისა და ჰოსტინგის ამერიკული კომპანია, რომელიც ნიუ იორკშია დაფუძნებული. ის მომხმარებლებს აწვდის პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორც სერვისს ვებგვერდების შექმნისა და ჰოსტინგისთვის, კლიენტებს საშუალებას აძლევს, წინასწარ შექმნილი შაბლონები გამოიყენონ.

Permira-ს წარმომადგენლების თქმით, გარიგების პირობების თანახმად, Squarespace-ის ინვესტორები კომპანიის თითო აქციისთვის $44 მიიღებენ, რაც წარმოადგენს 15.2%-იან პრემიას პარასკევს, სავაჭრო დღის ბოლოს, დაფიქსირებულ ფასთან შედარებით. Permira-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Squarespace-ის კერძო კომპანიად გარდაქმნა მას საშუალებას მისცემს, შექმნას უკეთესი ონლაინ ბრენდები და უფრო ადვილად ითანამშრომლოს მომხმარებლებთან.

Squarespace

დევიდ ერლონგმა, Permira-ს პარტნიორმა, დასძინა, რომ Squarespace-მა შექმნა გამორჩეული და გლობალურად აღიარებული კრეატიული ბრენდი, ინსტრუმენტების წარმოუდგენელი, დიზაინზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც მეწარმეებს და მცირე ბიზნესებს საშუალებას აძლევს, შექმნან და გააფართოონ თავიანთი ონლაინ წარმომადგენლობა.

Squarespace-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — ენტონი კაზალენამ აღნიშნა, რომ კომპანია განაგრძობს მუშაობას არსებულ გრძელვადიან ინვესტორებთან, General Atlantic-თან და Accel-თან. ენტონი და ეს ორი ფირმა Squarespace-ის ხმის მიცემის უფლების მქონე აქციების დაახლოებით 90%-ს ფლობენ. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ენტონი კაზალენა კვლავ იქნება ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი, აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

მოსალოდნელია, რომ ტრანზაქცია მეოთხე კვარტალში დაიხურება.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

როგორ გავამარტივოთ ყოველდღიურად გადაწყვეტილებების მიღება?

შემდეგი

Microsoft და Amazon საფრანგეთში მილიარდობით დოლარის დაბანდებას გეგმავენ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Microsoft და Amazon საფრანგეთში მილიარდობით დოლარის დაბანდებას გეგმავენ

Microsoft და Amazon საფრანგეთში მილიარდობით დოლარის დაბანდებას გეგმავენ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved