გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Carnival, Restoration Hardware, Cintas და nCino.
Carnival
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Carnival-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საკრუიზო კომპანიის აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი მცირედით — დაახლოებით 0.6%-ით არის შემცირებული.
პირველ კვარტალში Carnival-ის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს — $5.41 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.33 მილიარდი). გარდა ამისა, საკრუიზო კომპანიამ მოსალოდნელზე მცირე კორექტირებული წმინდა ზარალი დააფიქსირა. ამ მაჩვენებელმა $180 მილიონი შეადგინა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.14 იყო (პროგნოზი — -$0.17).
Carnival-ის მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზები გაზარდა, თუმცა აღნიშნა, რომ სამშაბათს ბალტიმორში ფრენსის სკოტ კის ხიდის ნგრევა შედეგებში ჯერ არ არის გათვალისწინებული, რადგან ეს ახლახან მოხდა. ამჟამად მოსალოდნელია, რომ ამ უბედური შემთხვევის შედეგად Carnival-ის მთელი წლის შემოსავალი $10 მილიონით შემცირდება. ხოლო წითელ ზღვაში კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მარშრუტების შეცვლამ, შეიძლება დაახლოებით $130 მილიონის მოცულობის ეფექტი იქონიოს კორექტირებულ EBITDA-ზე (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე).
Carnival-ში ამჟამად მოელიან, რომ სრული 2024 წლის კორექტირებული შემოსავალი $1.28 მილიარდს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $1.2 მილიარდი). თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.36 მილიარდს.
„ეს წლის ფანტასტიკური დასაწყისი იყო. ჩავატარეთ კიდევ ერთი ძლიერი კვარტალი, რომლის შედეგებმაც მოლოდინებს გადააჭარბა. ამასთან, ჯავშნების მოცულობამ მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს მნიშვნელოვნად მაღალი ფასების პირობებში“ — განაცხადა Carnival-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოშ ვაინშტაინმა.
2020 წლის შემდეგ Carnival-ს მხოლოდ ერთი მომგებიანი კვარტალი ჰქონდა — ფისკალური 2023 წლის მესამე მეოთხედი. საკრუიზო კომპანია და მისი კონკურენტები — Royal Caribbean Cruises Ltd. და Norwegian Cruise Line Holdings Ltd. — ბოლო კვარტლებში იმაზე მუშაობდნენ, რომ აენაზღაურებინათ ის მილიარდობით დოლარი, რაც პანდემიის პერიოდში დაკარგეს.
Carnival-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $26.00-ს, ხოლო მინიმალური — $4.23-ს. საშუალო სამიზნე ფასი Carnival-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
RH
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Restoration Hardware-მა (RH) მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა “after-hours”1 ვაჭრობაში სახლის ავეჯის საცალო მოვაჭრის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც ჩანს, ინვესტორებმა ყურადღება გაამახვილეს კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის ტრანსფორმაციაზე ნაცვლად კვარტალური შემოსავლისა და მოგებისა, რომლებიც უოლ სტრიტის მოლოდინებს ბევრად ჩამორჩა.
გასულ კვარტალში, რომელიც 3 თებერვალს დასრულდა, Restoration Hardware-ის შემოსავალმა $738 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $777.98 მილიონი), მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი — $0.72 (პროგნოზი — $1.69).
სახლის დეკორის კომპანიის მენეჯმენტმა აქციონერებისადმი მიწერილ კვარტალურ წერილში განაცხადა, რომ RH აპირებს, გამოაქვეყნოს თავისი RH Modern Sourcebook კოლექციები აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისის პერიოდში. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მეორე კვარტალში და 2024 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში მოთხოვნის ტენდენციები დაჩქარდება.
RH-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ძვირადღირებული ავეჯის ახლახან გამოშვებულ RH Outdoor Sourcebook-ის ახალ კოლექციებს მომხმარებლებისგან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.
RH-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში მოთხოვნა 12%-14%-ით გაიზრდება, ხოლო შემოსავალი — 8%-10%-ით.
RH-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $297.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $346.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $360.00-ს, ხოლო მინიმალური — $325.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი RH-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.6%-იან ზრდას გულისხმობს.
Cintas
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Cintas-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი უნიფორმების გაქირავების კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში Cintas-ის შემოსავალი წლიურად 9.9%-ით — $2.41 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.39 მილიარდი). ხოლო ორგანულმა შემოსავალმა, რომელიც შესყიდვების, ვალუტის კურსის და სამუშაო დღეების რაოდენობის ცვლილების ეფექტებს გამორიცხავს, 7.7%-ით მოიმატა.
Cintas-ის მთლიანი მოგების მარჟა 220 საბაზისო პუნქტით — 49.4%-მდე გაუმჯობესდა, ნაწილობრივ ენერგიის დაბალი ხარჯების გამო. საოპერაციო შემოსავალი ასევე არსებითად გაიზარდა — 16.6%-ით და $520.8 მილიონი შეადგინა. საოპერაციო მარჟამ კი 21.6% შეადგინა.
EPS 22%-ით — $3.84-მდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.57).
აღმასრულებელმა დირექტორმა — ტოდ შნაიდერმა თქვა: „ჩვენი თითოეული საოპერაციო სეგმენტი განაგრძობს მაღალ დონეზე მუშაობას“.
რაც შეეხება მომავალს, Cintas-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი $9.57-$9.60 მილიარდს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $9.48-$9.56 მილიარდი). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ EPS $14.80-$15.00-ს შეადგენს (პროგნოზი — $14.35-$14.65).
Cintas-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $686.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $662.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $700.00-ს, ხოლო მინიმალური — $615.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cintas-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
nCino
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, nCino-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ქლაუდზე დაფუძნებული საბანკო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 19%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 2024 წლის 31 იანვარს დასრულდა, nCino-ს შემოსავალი წლიურად 13%-ით — $123.7 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $124.7 მილიონი). კორექტირებულმა EPS-მა კი $0.21 შეადგინა (პროგნოზი — $0.12).
nCino-ს გამოწერებზე დაფუძნებული შემოსავალი წლიურად 16%-ით — $107.5 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო პროფესიული სერვისებიდან გამომუშავებულმა და სხვა შემოსავალმა ოდნავ დაიკლო — $16.2 მილიონამდე.
კომპანიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტების მრავალწლიან გახანგრძლივებას და გაფართოებას 11 მომხმარებელთან, რომლებმაც გასული კვარტლის განმავლობაში $1 მილიონზე მეტი წლიური სააბონენტო გადასახადი გადაიხადეს.
რაც შეეხება მომავალს, nCino-ს მენეჯმენტი მოელის, რომ სრული ფისკალური წლისთვის, რომელიც 2025 წლის 31 იანვარს სრულდება, შემოსავალი $538.5-$544.5 მილიონს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $545.7 მილიონი). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.60-$0.64-ს შეადგენს (პროგნოზი — $0.56).
nCino-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $35.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $42.00-ს, ხოლო მინიმალური — $27.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი nCino-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.