პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Lululemon, Worthington Steel, Intel და Masimo Corp.
Lululemon
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Lululemon Athletica-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი სპორტული ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 16%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის დაკლებული.
Lululemon სწრაფად მზარდი კომპანიაა და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით უოლ სტრიტის მოლოდინები ზედმეტად მაღალია. გასული კვარტლის მაჩვენებლებმა პროგნოზებს გადააჭარბა, თუმცა მენეჯმენტის მითითებები ფისკალური 2024 წლისთვის არის ის, რაც ინვესტორებს აწუხებთ.
ფისკალურ მეოთხე კვარტალში Lululemon-მა $3.21 მილიარდის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.2 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $5.29 შეადგინა და ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $5.00-ს.
რაც შეეხება მომავალს, Lululemon-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი წლიურად 10%-11%-ით გაიზრდება და $10.7-$10.8 მილიარდს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ზრდა კარგია, ანალიტიკოსები რაღაც უკეთესს ელოდნენ. აქედან გამომდინარე, ისინი დიდწილად ამცირებენ Lululemon-ის აქციების სამიზნე ფასებს.
უფრო მეტიც, Lululemon-ის მითითებები ფისკალური 2024 წლისთვის კვლავ მყარ ზრდის ტემპს წარმოადგენს. კომპანიაში მოელიან, რომ მიმდინარე წელს განზავებული მოგება თითო აქციაზე წლიურად 15%-ით გაიზრდება და $14-ს მიაღწევს.
მოკლედ რომ ვთქვათ, Lululemon-ის პროდუქტებზე მომხმარებელთა მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია, რომ მისი მოგება უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე — შემოსავალი.
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს კვარტალური შედეგები კომპანიის კონკურენტმა — Nike-მაც გამოაქვეყნა და პარასკევს მისი აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით შემცირდა.
გასულ კვარტალში Nike-ის შემოსავალმა $12.43 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.27 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე EPS-მა $0.98 (პროგნოზი — $0.76). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $0.77 შეადგინა, რამაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.06-ით გადააჭარბა.
Nike-ის ფინანსურმა დირექტორმა — მეთიუ ფრენდმა გაიმეორა პროგნოზი, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი დაახლოებით 1%-ით გაიზრდება. თუმცა, მისი თქმით, ფისკალური 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება.
დეკემბერში, წინა კვარტალური შედეგების გამოქვეყნებისას, Nike-ის მენეჯმენტმა ფისკალური 2024 წლისთვის ზრდის პროგნოზები შეამცირა საზღვარგარეთულ ბაზრებზე სისუსტის მიზეზით. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ჩინეთის, ამასთან ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ბიზნესებს. კომპანიამ კი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხარჯების დაახლოებით $2 მილიარდით შემცირების გეგმები დააანონსა.
Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $403.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $121.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $142.00-ს, ხოლო მინიმალური — $91.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $516.16-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $610.00-ს, ხოლო მინიმალური — $300.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Worthington Steel
დიდი ხანი არ არის, რაც Worthington Steel დამოუკიდებელი საჯარო კომპანიაა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი კვარტალური შედეგები უკვე მრავალ ინვესტორს იზიდავს. Worthington-მა გასული მეოთხედის ფინანსური მაჩვენებლები ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, პარასკევს კი მისი აქციების ფასი თითქმის 11%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის გაუმჯობესებული.
Worthington Steel არის ფოლადის გადამამუშავებელი ბიზნესი, რომელიც ადრე Worthington Industries-ის ნაწილი იყო. კომპანია სპეციალიზებულია ფოლადის ლამინირებისა და საავტომობილო მსუბუქი ლითონების წარმოებაში. საფონდო ბირჟაზე მისი დებიუტი კი გასული წლის ბოლოს, დეკემბერში შედგა.
ფისკალურ მესამე კვარტალში, რომელიც 29 თებერვალს დასრულდა, Worthington Steel-ის შემოსავალმა $805.8 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $736 მილიონი), EPS-მა კი $0.99 შეადგინა (პროგნოზი — $0.80). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში, როდესაც კომპანია Worthington Industries-ის შემადგენლობაში იყო, მისმა შემოსავალმა $780.7 მილიონს მიაღწია, ხოლო EPS-მა — $0.17-ს.
„Worthington Steel-ის გუნდმა მესამე კვარტალში ძლიერი შედეგების დაფიქსირება შეძლო. მსურს მადლობა გადავუხადო და მივულოცო ჩვენს თანამშრომლებს წარმატებული კვარტალი, რომელიც Worthington Steel-ისთვის, როგორც ცალკეული კომპანიისთვის, პირველი იყო“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ გილმორმა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად Worthington Steel-ის დივიდენდური სარგებელი 1.6%-ს შეადგენს.
Intel
Intel-ისა და ჩიპების დამპროექტებლის — Arm Holdings-ის წარმომადგენლებმა პარასკევს განაცხადეს, რომ კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. მათი კოლაბორაცია სტარტაპების ფინანსურ, ინტელექტუალური საკუთრების (IP) და საწარმოო მხარდაჭერას ითვალისწინებს.
თანამშრომლობა, სახელწოდებით Emerging Business Initiative, პირველად გასულ თვეში Intel Foundry კონფერენციაზე დაანონსდა. ის ეფუძნება 2023 წლის აპრილში დაარსებულ პარტნიორობას, რომელიც კომპანიების წარმომადგენლების ვარაუდით, ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ინოვაციების განვითარებას.
Arm-მა და Intel-მა ხელოვნურ ინტელექტზე არსებული მზარდი მოთხოვნით ისარგებლეს. კონკურენციის ზრდასთან ერთად, მათ, სექტორის სხვა საკვანძო მოთამაშეების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადეს სტარტაპებში, რათა ბაზარზე პოზიციები გააძლიერონ.
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $43.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $47.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $134.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $105.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $72.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Masimo Corp.
პარასკევს, “after-hours”1 ვაჭრობაში Masimo-ს აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო ელექტრონიკის კომპანიის მენეჯმენტმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. Masimo-ს წარმომადგენლების თქმით, კომპანიაში იგეგმება სამომხმარებლო განყოფილების სპინოფი, რათა მისი მთავარი მიმართულების — ჯანდაცვის ბიზნესის მომგებიანობა გაუმჯობესდეს.
Masimo-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მოიცავს კომპანიის სამომხმარებლო აუდიო და ჯანდაცვის მიმართულებებს. თუმცა Masimo შეინარჩუნებს პროფესიონალური ჯანდაცვისა და ტელემედიცინის პროდუქტებს. მენეჯმენტი მოელის, რომ აღმასრულებელი დირექტორი — ჯო კიანი Masimo-ში ამ თანამდებობას შეინარჩუნებს და ახლად შექმნილი კომპანიის თავმჯდომარე გახდება.
Masimo-მ აუდიო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია — Sound United LLC 202 წელს $1 მილიარდად შეიძინა, რათა თავისი პორტფელისთვის პრემიუმ აუდიო და სახლის გასართობი ბრენდები დაემატებინა. თუმცა, გარიგების დაანონსების შემდეგ, Masimo-ს აქციების ფასი 37%-ით შემცირდა, რადგან ინვესტორები ამ სიახლის მიმართ სკეპტიკურად განეწყვნენ.
ტრანზაქციის დახურვიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჰეჯ-ფონდმა — Politan Capital Management-მა კომპანიის 9%-იანი წილი მოიპოვა და მისმა წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მენეჯმენტთან და დირექტორთა საბჭოსთან შესაძლო ცვლილებების შესახებ ისაუბრებდნენ.
პარასკევს კი მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პროგნოზები პირველი კვარტლისა და ფისკალური 2024 წლისთვის. ამასთან ერთად, Masimo-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცდილობენ, სპინოფი რაც შეიძლება მალე დაასრულონ, მას შემდეგ რაც კომპლექსური სამართლებრივი შეფასება დასრულდება და კომპანია მარეგულირებლებისგან დასტურს მიიღებს.
„იანვარში საბჭოს სამომხმარებლო ბიზნესის გამოყოფა შევთავაზე, რაზეც თანხმობა მივიღე. მოსალოდნელია, რომ ეს მიდგომა მაქსიმალურად გაზრდის აქციონერთა ფასეულობას, ამასთან, Masimo-ს ჯანდაცვისა და ახალ სამომხმარებლო ბიზნესს წარმატებისთვის საუკეთესო გზებით უზრუნველყოფს“ — განაცხადა ჯო კიანმა.
Masimo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $135.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $128.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $145.00-ს, ხოლო მინიმალური — $117.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Masimo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 7 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.