გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, PepsiCo, Super Micro Computer, Logitech International, SAIC და Cisco Systems.
Tesla
გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების წამყვანმა მწარმოებელმა ინვესტორები შაბათ-კვირას თავის Model Y ავტომობილზე ფასების გაზრდით გააკვირვა. წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციების ფასი 30%-ით არის შემცირებული.
ფასების ზრდა არღვევს ელექტრომობილების ინდუსტრიაში დამკვიდრებულ ბოლო ტენდენციას — მწარმოებლები ფასებს ამცირებდნენ მზარდი კონკურენციისა და ავტომობილების მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემცირების ფონზე.
Tesla-მ დააანონსა ფასების ორი ცალკეული მატება თავის Model Y-ზე, რომელიც 2023 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.
ჯერ კომპანიის მენეჯმენტმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ში, პირველი აპრილისთვის, $1,000-ით გაზრდის ფასს Model Y ავტომობილზე. შემდეგ, შაბათს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თავის კროსოვერზე ფასს 2,000 ევროთი გაზრდის.
გარდა ამისა, Tesla-მ 1 მარტს აშშ-ში $1,000-ით გაზარდა ფასი Model Y-ის უკანა ამძრავიან და შორი დისტანციის დაფარვის ვერსიაზე.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა ეს ნაბიჯი სეზონურობას მიაწერა. მან თქვა, რომ მომხმარებელთა მოთხოვნა სეზონურია, თუმცა წარმოება უნდა იყოს სტაბილური მთელი წლის განმავლობაში. შეერთებულ შტატებში გაზაფხულზე ავტომობილების შეძენების რიცხვი იზრდება, რადგან ამერიკელები საგადასახადო კომპენსაციებს იღებენ.
ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, გადაწყვეტილება შეიძლება უფრო მეტად მიმართული იყოს იმაზე, რომ პირველი კვარტლის გაყიდვები გაიზარდოს, რადგან უფრო მაღალ ფასებს შეუძლია, მოყოყმანე მყიდველებს შესყიდვის გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს.
მიუხედავად იმისა, თუ რეალურად რა დგას ამ ნაბიჯის უკან, ფასების ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს მეორე კვარტალში მოგების მარჟის მატებას, რომელიც ბოლო რამდენიმე კვარტალში მცირდებოდა.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $174.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $207.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $320.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
PepsiCo
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, PepsiCo-ს აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის შემცირებული.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი — დარა მოჰსენიანი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული ანალიტიკოსია, რომელმაც გუშინ PepsiCo-ს აქციებზე ყურადღება თავისი კომენტარებით გაამახვილა. გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკოსი პოტენციური ზრდის მიზეზებად საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიას და PepsiCo-ს აქციების დაუფასებლობას მიიჩნევს. შესაბამისად, მან სამიზნე ფასი $190-მდე გაზარდა.
გარდა ამისა, ანალიტიკოსის ოპტიმიზმს PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი — რომან ლაგუარტაც იზიარებს. 2023 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას მან განაცხადა: საერთაშორისო პოტენციალი, ალბათ, კვლავ რჩება ყველაზე გასაოცარ და ამაღელვებელ შესაძლებლობად, რომელიც ჩვენს კომპანიას გააჩნია.
PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $190.65-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $172.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Super Micro Computer
გუშინ Super Micro Computer S&P 500-ს შეუერთდა და ინდექსში ის პირველივე დღეს ყველაზე ცუდი წარმადობით გამოირჩეოდა. ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 250%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ Super Micro Computer, ფეხსაცმლის მწარმოებელ Deckers Outdoor Corp.-თან ერთად, S&P 500 ინდექსის წევრი გახდა.
სილიკონის ველზე დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ბოლო პერიოდში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმით და მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნით მნიშვნელოვნად ისარგებლა.
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,001.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $983.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,350.00-ს, ხოლო მინიმალური — $530.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Logitech
გუშინ Logitech International-ის აქციების ფასი თითქმის 7%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობების მწარმოებლის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ფინანსური დირექტორი — ჩაკ ბოინტონი თანამდებობას ტოვებს. მიზეზად სხვა კარიერული შესაძლებლობისკენ სწრაფვა დასახელდა.
ინვესტორების ეჭვების აღმოსაფხვრელად იმის შესახებ, რომ გადადგომა შეიძლება Logitech-ის ბიზნესის პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაყიდვების პროგნოზი ფისკალური 2024 წლისთვის. თუმცა კომპანიის აქციების ფასი მაინც შემცირდა.
როგორც ჩანს, ჩაკ ბოინტონის მიერ თანამდებობის დატოვება Logitech-ისთვის მოულოდნელი იყო, რადგან კომპანიას შემცვლელი ჯერ არ ჰყავს.
სავარაუდოდ, ჩაკი სხვა დამსაქმებელმა გადაიბირა, მაგრამ ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი Logitech-ში ფინანსური დირექტორის თანამდებობას მაისის შუა რიცხვებამდე შეინარჩუნებს.
ამ სიახლის შესახებ საუბრისას, კომპანიის მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის პროგნოზები, რომელთა მიხედვითაც Logitech-ის გაყიდვები $4.2 მილიარდს გადააჭარბებს. თუმცა ეს მაჩვენებელი წლიურად 6%-7%-ით კლებას გულისხმობს.
კარგი ამბავი ის არის, რომ მენეჯმენტის აზრით, გაყიდვების კლების მიუხედავად, წმინდა მოგება 4%-12%-ით — $610-$660 მილიონამდე გაიზრდება. თუმცა ეს მაჩვენებელი ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით არ არის გამოთვლილი. რეალური წმინდა მოგება, გადასახადებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ალბათ, ამაზე ნაკლები იქნება.
Logitech-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $88.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $90.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $110.79-ს, ხოლო მინიმალური — $59.92-ს. საშუალო სამიზნე ფასი Logitech-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
SAIC
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Science Applications International-მა (SAIC) კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი თავდაცვის ტექნიკის სპეციალისტის აქციების ფასი 10%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის გაუმჯობესებული.
SAIC მთავრობასა და თავდაცვის სექტორს IT, ტექნიკურ და საინჟინრო მომსახურებას სთავაზობს. ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 2 თებერვალს დასრულდა, კომპანიის შემოსავალმა წლიურად 7.7%-ით მოიმატა და $1.74 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.64 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $1.43 შეადგინა (პროგნოზი — $1.44).
კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) მარჟა 7.3%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, გასულ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, ხოლო ანალიტიკოსების პროგნოზი 8.4% იყო.
რაც შეეხება მომავალს, კომპანიამ ფისკალური 2025 წლის შემოსავლის პროგნოზი $7.25-$7.4 მილიარდიდან $7.35-$7.5 მილიარდამდე გაზარდა (ანალიტიკოსების მოლოდინი — $7.37 მილიარდი).
SAIC-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $128.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $122.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $135.00-ს, ხოლო მინიმალური — $110.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SAIC-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Cisco Systems
ევროპის მარეგულირებლების მხრიდან დასტურის მიღებიდან რამდენიმე დღეში Cisco Systems-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების პროვაიდერის — Splunk-ის $28 მილიარდად შესყიდვის გარიგება დახურა.
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Splunk-ის შეძენა ხელს შეუწყობს მისი წვდომის გაფართოებას მზარდი ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზარზე. Cisco-ს მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტისგან სრული სარგებლის მისაღებად კომპანიებს სჭირდებათ „ინფრასტრუქტურა მის გასაძლიერებლად, მონაცემები მის გასავითარებლად, უსაფრთხოების სისტემა მის დასაცავად და პლატფორმა მის რეალურ დროში მონიტორინგისა და მართვისთვის“. Cisco-ს წარმომადგენლების თქმით, Splunk კომპანიის ოთხივე მათგანით უზრუნველყოფას შეძლებს.
Splunk-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა — გარი სტილმა თქვა, რომ შერწყმა უზარმაზარ ფასეულობას მოუტანს კომპანიების მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი მომხმარებელია Accenture, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯული სვიტმა აღნიშნა, რომ ფირმა მოუთმენლად ელის შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს თანამშრომლობა შექმნის.
გარიგება ღირებულების სრულად ნაღდი ფულით ანაზღაურებას გულისხმობდა და Splunk-ის ინვესტორებმა თითო აქციისთვის $157 მიიღეს.
Cisco Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $49.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $47.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cisco Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.