პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის 3M, GameStop და Graham.
3M
პარასკევს 3M-ის აქციების ფასი 2.69%-ით გაიზარდა და კომპანიამ Dow Jones Industrial Average ინდექსში საუკეთესო წარმადობა დააფიქსირა მას შემდეგ, რაც Bank of America-ს (BofA) ანალიტიკოსებმა კომპანიის აქციების შეფასება და სამიზნე ფასი გააუმჯობესეს.
3M აწარმოებს ყველაფერს, დაწყებული წებოვანი ლენტებით, დასრულებული სამედიცინო აღჭურვილობით. მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.
განახლებული შეფასება
BofA-მ 3M-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $105-დან $120-მდე გაზარდეს.
ანალიტიკოსების განცხადებით, ისინი ხედავენ, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორი — ბილ ბრაუნი, რომელმაც თანამდებობა გასულ თვეში დაიკავა, ხელახლა მიმართავს კომპანიის ფოკუსს ზრდასა და ოპერაციებზე. მათ ასევე განაცხადეს, რომ ხელმძღვანელობის ცვლილება მოხდა „შესაფერის დროს“ — 3M-მა ბოლო რამდენიმე წელი ე. წ. „სამუდამო ქიმიკატებთან“ (ცნობილია, როგორც PFAS) და სამხედრო ყურსასმენებთან დაკავშირებულ კოლექტიურ სარჩელებთან ბრძოლაში გაატარა. კომპანიამ შეწყვიტა წარმოებაში PFAS-ის გამოყენება და ჯანდაცვის განყოფილების სპინოფის გადაწყვეტილებაც მოიყვანა სისრულეში.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ ბრაუნის ფოკუსირებას ზრდასა და საოპერაციო ეფექტიანობაზე
BofA-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 3M-ის ძირითადი სამართლებრივი გამოწვევები მოგვარებულია და დარჩენილ სარჩელებთან დაკავშირებით ნაკლები გაურკვევლობა არსებობს. ისინი ამბობენ, რომ „ინვესტორები სავარაუდოდ ფოკუსირდებიან ოპერაციების გაუმჯობესებაზე, პოტენციურ ციკლურ ბერკეტზე და იაფ შეფასებაზე“.
ბოლო კვარტალური ანგარიში
3M-მა ბოლო კვარტალური ანგარიში 30 აპრილს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, გამოაქვეყნა.
2024 წლის პირველ კვარტალში 3M-ის შემოსავალმა $7.72 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $7.63 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 21.3%-ით — $2.39-მდე მოიმატა (პროგნოზი — $2.10).
გასული კვარტლის განმავლობაში, 3M-ის მენეჯმენტმა კომპანიის ფართო ოპერაციები ოთხ კატეგორიად დაყო: უსაფრთხოება და მრეწველობა; ტრანსპორტი და ელექტრონიკა; ჯანდაცვა და სამომხმარებლო. 3M-ის დივერსიფიკაცია და გლობალური გავრცელება წარმოადგენს ბუფერს ბაზრის ცვალებადობის წინააღმდეგ, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, შემოსავლების ნაკადების მთელი რიგი გამოიყენოს. ბოლო დროს მენეჯმენტმა ყურადღება გაამახვილა საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდაზე. კომპანიაში ხაზს უსვამენ ზრდისთვის განკუთვნილ სექტორებს, რაც დასტურდება მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის ბიზნესი დამოუკიდებელ სუბიექტად გამოეყო, რომელსაც Solventum დაერქვა.
გასულ კვარტალში, წინა პლანზე წამოიწია 3M-ის ფინანსურმა და საოპერაციო სტრატეგიებმა. მიუხედავად გაყიდვების წლიური შემცირებისა, კორექტირებული ორგანული გაყიდვები გაიზარდა, რაც მისი დივერსიფიცირებული ბიზნეს მოდელის ძირითად სიმტკიცეს აჩვენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 3M-ის საოპერაციო შემოსავლის მარჟის გაფართოება, რაც ასახავს ხარჯების მკაცრ კონტროლს და საოპერაციო ეფექტიანობას.
რაც შეეხება მომავალს, 3M-ის მენეჯმენტი მოელის, რომ წლის განმავლობაში კორექტირებული EPS $6.80-$7.30-ს მიაღწევს.
Solventum-ის სპინოფი
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ინვესტორები სპინოფის პროცესის დასრულებას მოელიან. Solventum-ის შექმნა წარმოადგენს რამდენიმე თვიანი მუშაობის კულმინაციას, რისი მიზანიც მისი ცალკეულ საჯარო კომპანიად ჩამოყალიბება იყო.
3M-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკ რომანმა განაცხადა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დღეს როგორც 3M-ისთვის, ისე Solventum-ისთვის.
ინვესტორებმა, რომლებიც 18 მარტს, ბაზრის დახურვისთვის, 3M-ის აქციონერთა რიგებში იყვნენ, კომპანიის ყოველი 4 აქციისთვის Solventum-ის თითო აქცია მიიღეს. გარდა ამისა, 3M-მა შეინარჩუნა 19.9%-იანი წილი ახლად შექმნილ კომპანიაში. თუმცა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მისი მონეტიზაცია მოხდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ეს წილი გაიყიდება.
შესაძლოა, ჯანდაცვის განყოფილების სპინოფი უცნაურად ჩანდეს, რადგან ბოლო კვარტლებში ის 3M-ში საუკეთესო შედეგების მქონე სეგმენტი იყო. თუმცა ბოლო წლებში კონგლომერატები ინვესტორებს შორის პოპულარობით არ სარგებლობს.
სპინოფები ინვესტორებს მეტი არჩევანით უზრუნველყოფს და მენეჯერებს პასუხისმგებლობის განაწილებას უადვილებს.
ახალი აღმასრულებელი დირექტორი
მარტში თვეში ცნობილი გახდა, რომ 1 მაისიდან 3M-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი უილიამ ბრაუნი იქნებოდა. მან შეცვალა მაიკლ რომანი, რომელმაც აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი — მაიკლ რომანი 63 წლისაა, ასე რომ, იგი პენსიაზე გასვლის ასაკს უახლოვდება. თუმცა, როგორც ჩანს, 3M-ის მიერ ახალი აღმასრულებელი დირექტორის მოყვანის მიზანი კომპანიის მდგომარეობის გამოსწორება უფრო იყო, ვიდრე — მაიკლის პენსიაზე გაშვება.
უილიამ ბრაუნი მანამდე ხელმძღვანელობდა L3Harris Technologies-ს, თავდაცვის კონტრაქტორს. განცხადებაში მაიკლ რომანმა თქვა: „უილიამი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო და სწორედ ეს ძლიერი გამოცდილება აქცევს მას სწორ ლიდერად 3M-ისთვის“. მაიკლმა ასევე ხაზი გაუსვა თავისი შემცვლელის გამოცდილებას სტრატეგიულ ლიდერობაში, ინოვაციებსა და ოპერაციების სრულყოფაში. უილიამი, თავისი კარიერის დასაწყისში, ასევე იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას United Technologies-ში.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები 3M-ის აქციებს?
3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $109.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $140.00-ს, ხოლო მინიმალური — $87.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი 3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
GameStop
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, GameStop-მა მოულოდნელად გამოაქვეყნა ფისკალური 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 39%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 69%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
GameStop-ის კვარტალურმა შემოსავალმა $882 მილიონი შეადგინა, რაც ჩამოუვარდება როგორც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს — $1.24 მილიარდს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $900 მილიონს.
GameStop-ის წმინდა ზარალმა $32.3 მილიონი, ანუ თითო აქციაზე $0.11 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — -$0.045). შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის პირველ კვარტალში ზარალმა $50.5 მილიონს, ანუ თითო აქციაზე $0.17-ს მიაღწია.
GameStop მეტ აქციას უშვებს
GameStop-ის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) წარდგენილ დოკუმენტში გამოვლინდა, რომ კომპანია დამატებით 75 მილიონამდე აქციაზე გაყიდის. აღსანიშნავია, რომ GameStop-მა ახლახან $900 მილიონის ღირებულების 45 მილიონი აქცია გაყიდა.
Graham
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Graham-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ინდუსტრიული მწარმოებლის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 44%-ით არის გაუმჯობესებული.
Graham შეიმუშავებს და აწარმოებს სითხის, ელექტროენერგიის, სითბოს გადაცემის და ვაკუუმის ტექნოლოგიებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის.
კვარტალური შედეგები
გასულ კვარტალში Graham-ის შემოსავალმა $49 მილიონს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $44.5 მილიონს. გარდა ამისა, კომპანიამ გადაიხადა მთელი თავისი დავალიანება უკვე დასრულებული ფისკალური წლის განმავლობაში და ეს პერიოდი სამომავლო ბიზნესში თითქმის $400 მილიონის რეზერვით დაასრულა.
„ორი წლის წინ დასახული ჩვენი გეგმის სტაბილურად შესრულებამ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა. გასული წლის განმავლობაში მივაღწიეთ რეკორდულ შემოსავალს და შეკვეთებს, გავაუმჯობესეთ მომგებიანობა და ფულადი ნაკადების მართვა“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ჯ. თორენმა.
Graham-მა ასევე მიიღო $13.5 მილიონის მოცულობის ინვესტიცია დაუსახელებელი მსხვილი თავდაცვის კონტრაქტორისგან მისი წარმოების შესაძლებლობების დასაფინანსებლად, რამაც მომავალში მოთხოვნას უნდა შეუწყოს ხელი.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.