გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის FedEx, Rivian Automotive, SolarEdge Technologies და Carnival Corporation.
FedEx
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, FedEx-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ამანათების გადაზიდვის კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — თითქმის 14%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში FedEx-ის შემოსავალმა $22.1 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $22.05 მილიარდს. შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $21.9 მილიარდი შეადგინა.
გასულ კვარტალში ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ $1.47 მილიარდი, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $5.94 შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $1.54 მილიარდს და $6.05-ს მიაღწია. კორექტირებული EPS კი წლიურად 10%-ით — $5.41-მდე გაუმჯობესდა.
მთელი ფისკალური წლისთვის კი FedEx-ის შემოსავალმა $87.7 მილიარდს მიაღწია, რაც ჩამოუვარდება ფისკალური 2023 წლის მაჩვენებელს, თუმცა დაახლოებით შეესაბამება ანალიტიკოსების პროგნოზს. წლიურმა წმინდა მოგებამ კი $4.33 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც გასული წლის შედეგს, ისე უოლ სტრიტის მოლოდინს.
აღმასრულებელი დირექტორის კომენტარები
FedEx-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — რაჯ სუბრამანიამმა თქვა, რომ კომპანიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ფისკალურ 2024 წელს და ზედიზედ ოთხი კვარტლის განმავლობაში, რთულ გარემოში, საოპერაციო შემოსავლისა და მარჟის გაფართოება მოახერხა.
„ეს შედეგები უპრეცედენტოა ამჟამინდელ გარემოში, რაც ასახავს ჩვენი DRIVE ინიციატივების უწყვეტობას და კომპანიის გადაწყვეტილებას, გარდაქმნას FedEx იმის ფონზე, რომ მომხმარებლებს გამორჩეული მომსახურებით უზრუნველვყოფთ“ — განაცხადა რაჯმა. Fedex-ის DRIVE პროგრამა ორიენტირებულია ხარჯების შემცირების საშუალებით მოგების ზრდაზე.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიაში მოელიან, რომ ეს იმპულსი გაგრძელდება ფისკალურ 2025 წელსაც, რადგან FedEx წინ მიიწევს გეგმაში, მსოფლიოში ყველაზე მოქნილი, ეფექტიანი და ინტელექტუალური ქსელი შექმნას.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები FedEx-ის აქციებს?
FedEx-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $256.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $301.85-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $350.00-ს, ხოლო მინიმალური — $210.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი FedEx-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian Automotive
გუშინ „after-hours” ვაჭრობაში Rivian Automotive-ის აქციების ფასი თითქმის 50%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი — Volkswagen გეგმავს, $5 მილიარდის დაბანდებას ელექტრომობილების (EV) სტარტაპში. მიზანი არის ერთობლივი საწარმოს საშუალებით ინდუსტრიაში წამყვანი ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიის შექმნა.
Volkswagen-ის საწყისი ინვესტიცია Rivian Automotive-ში $1 მილიარდს შეადგენს. ავტომწარმოებლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ $4 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია 2026 წლისთვის განხორციელდება.
განცხადების მიხედვით, Volkswagen-ის საწყისი $1-მილიარდიანი ინვესტიცია შედგება არაუზრუნველყოფილი კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდებისგან, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს Rivian-ის აქციებად 1 დეკემბერს ან მის შემდეგ.
„მოსალოდნელია, რომ ეს პარტნიორობა ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას და მასთან დაკავშირებულ ზონალურ არქიტექტურას, Volkswagen Group-ის საშუალებით, უფრო დიდ, გლობალურ ბაზარზე წვდომის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, ეს თანამშრომლობა Rivian-ს არსებითი ზრდისთვის საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფს“ — განაცხადა ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — არჯეი სკერინგმა.
არჯეიმ ასევე თქვა, რომ ერთობლივი საწარმო დაეხმარებოდა ელექტრომობილების მწარმოებელს, გამოიმუშაოს პოზიტიური ფულადი ნაკადები. გარდა ამისა, მისი თქმით, Volkswagen-ის ინვესტიცია Rivian-ს საშუალებას მისცემს, შემდეგი თაობის ავტომობილების წარმოება გააძლიეროს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Rivian-ის აქციებს?
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
SolarEdge Technologies
გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, SolarEdge Technologies-ის აქციების ფასი თითქმის 21%-ით შემცირდა. მზის ენერგიის აღჭურვილობის მწარმოებელში განაცხადეს, რომ კომპანიის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გააკეთა განცხადება გაკოტრების შესახებ და, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს SolarEdge-ის მრავალმილიონიანი დავალიანება დაფაროს. გარდა ამისა, ამ უკანასკნელმა ინვესტორები გააფრთხილა მიმდინარე კვარტლის ხარჯების შესახებ და ობლიგაციების გამოშვება დააანონსა.
SolarEdge-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ PM&M Electric-ს, მზის პანელების ინსტალატორს არიზონაში, კომპანიის $11.4 მილიონის ოდენობით ვალი აქვს. შესაძლოა, PM&M Electric-მა ეს თანხა საერთოდ ვერ გადაიხადოს ან მნიშვნელოვანი დაგვიანების შემდეგ მოაგროვოს.
SolarEdge-ის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ მეორე კვარტალში კომპანია $150 მილიონს დახარჯავს
იმავე ანგარიშში SolarEdge-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, მეორე კვარტალში კომპანია $150 მილიონის ოდენობით თავისუფალ ფულად ნაკადებს გამოიყენებს ხარჯების დასაფარად.
გარდა ამისა, SolarEdge-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანია გაყიდის $300 მილიონის ღირებულების კონვერტირებად ობლიგაციებს, რომელთა სიმწიფის ვადაც 2029 წელს დადგება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები SolarEdge-ის აქციებს?
SolarEdge Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $64.72-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $124.00-ს, ხოლო მინიმალური — $38.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SolarEdge Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 145%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Carnival Corporation
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Carnival Corporation-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბრიტანულ-ამერიკული საკრუიზო ოპერატორის აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Carnival Corporation-ის შემოსავალი წლიურად 17.7%-ით — $5.78 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.68 მილიარდს. კორექტირებულმა თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $1.3 მილიარდს მიაღწია.
Carnival-ის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $0.11 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — -$0.02). შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის იმავე კვარტალში კი კომპანიამ თითო აქციაზე $0.31-ის მოცულობის ზარალი დააფიქსირა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ ასევე განაგრძო პანდემიის დროს დაგროვილი ვალის დაფარვა. მეორე კვარტალში Carnival-მა $1.6 მილიარდის მოცულობის ვალი გადაიხადა. გარდა ამისა, კომპანიამ $535 მილიონის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა, რომლის სიმწიფის ვადაც 2030 წელს დადგება. ამ ნაბიჯის მიზანია არაუზრუნველყოფილი ვალის დაფარვა, რომელიც Carnival-ს 2026 წლისთვის უნდა გადაეხადა. ამ ყველაფერმა კომპანიის საპროცენტო ხარჯი წლიურად $85 მილიონით უნდა შეამციროს. მიუხედავად ამისა, Carnival-ის მთლიანი დავალიანება, 31 მაისის მდგომარეობით, $29.3 მილიარდს აღწევს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Carnival-ის აქციებს?
Carnival-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Carnival-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.