• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 11 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 12, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 11 ივლისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Tesla, PepsiCo, Apple, Conagra Brands და WD-40 Company.

Tesla

გუშინ, მნიშვნელოვანი ნეგატიური სიახლის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანიის თვითმართვადი რობოტაქსის დებიუტი ორი თვით გადაიდო.

Bloomberg-ის თანახმად, Tesla-ს ღონისძიება, რომელიც 8 აგვისტოსთვის იყო დაგეგმილი, ოქტომბრამდე გადაიდო, რათა რობოტაქსიზე მომუშავე გუნდებს მეტი დრო მიეცეთ დამატებითი პროტოტიპების შესაქმნელად.

Wedbush-ის შეფასება

Wedbush-ის ანალიტიკოსის — დენ აივსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლესთან დაკავშირებით ბაზრის რეაქცია აშკარად ნეგატიური იქნება, ეს არ ცვლის კომპანიის პერსპექტივების მიმართ საინვესტიციო ბანკის პოზიტიურ დამოკიდებულებას. ანალიტიკოსმა Tesla-ს ყიდვის რეკომენდაცია და $300.00-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა.

Tesla

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა აპრილში სოციალური მედიის საშუალებით დააანონსა თვითმართვადი რობოტაქსის დებიუტი და უწოდა მას ტექნოლოგია, რომელიც სხვა სატრანსპორტო საშუალებებს მოძველებულს გახდის.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $253.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.

PepsiCo

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, PepsiCo-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საკვებისა და სასმელების გიგანტის აქციების ფასი მცირედით — 0.2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული.

კვარტალური შედეგები

2024 წლის მეორე კვარტალში PepsiCo-ს შემოსავალმა $22.5 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $22.6 მილიარდს. კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $2.28-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.15-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი 2.23 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.19).

აღმასრულებელმა დირექტორმა — რამონ ლაგუარტამ აღნიშნა, რომ კომპანიის წარმადობა ჩრდილოეთ ამერიკაში სუსტი იყო. PepsiCo’s Frito-Lay-ის ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილებამ წლიურად მოცულობის 4%-იანი შემცირება დააფიქსირა. ამ გეოგრაფიულ სეგმენტში სასმელების ერთეულების მოცულობა წლიურად 3%-ით შემცირდა, ხოლო საკვების — 17%-ით.

მომხმარებლები ფასების მიმართ უფრო მგრძნობიარენი გახდნენ

მომზადებულ შენიშვნებში PepsiCo-ს მენეჯმენტმა განიხილა მზარდი ხარჯების გავლენა მომხმარებელთა დახარჯვის უნარზე.

PepsiCo

„მუდმივი ინფლაციური ზეწოლის ზემოქმედებამ და სესხის აღების მაღალმა ხარჯებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შინამეურნეობების ფინანსური პირობების გაუარესება გამოიწვია“ — აცხადებენ PepsiCo-ს აღმასრულებლები.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, PepsiCo-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის ორგანული შემოსავალი დაახლოებით 4%-ით გაიზრდება (წინა პროგნოზი — მინიმუმ 4%-იანი ზრდა). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS 7%-ით გაუმჯობესდება და მინიმუმ $8.15-ს მიაღწევს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები PepsiCo-ს აქციებს?

PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $164.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $186.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $202.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PepsiCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Apple

Apple-მა (AAPL) ევროკომისიასთან (EC), ევროკავშირის (EU) აღმასრულებელ ორგანოსთან, შეთანხმებას მიაღწია — ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი მობილური საფულე ხელმისაწვდომი გახადა კონკურენტებისთვის, რათა თავიდან აიცილოს ანტიმონოპოლიური ჯარიმები.

გუშინ ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, დათანხმდნენ Apple-ის პირობებს, რათა კომპანიამ კონკურენტებს მისცეს წვდომა თავის გადახდების ტექნოლოგიაზე, Apple Pay-ზე.

„Apple-ის შეზღუდვებმა გამორიცხა Apple Pay-ის კონკურენტები ბაზრიდან, ხელი შეუშალა ინოვაციას და შეზღუდა არჩევანი iPhone-ის მობილური საფულეების მომხმარებლებისთვის“ — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

შეთანხმების თანახმად, iPhone-ის მომხმარებლებს ევროპაში შესყიდვების განხორციელებისას შეეძლებათ ისარგებლონ მესამე მხარის მობილური საფულითა და გადახდის სერვისებით. ეს ვალდებულება იმოქმედებს 10 წლის განმავლობაში ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (EEA).

ევროკომისიამ განაცხადა, რომ შესაძლოა დააწესოს ჯარიმა Apple-ის მთლიანი წლიური ბრუნვის 10%-მდე ოდენობით, თუ iPhone-ის მწარმოებელი ევროკავშირის წინაშე თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს.

Apple ევროკავშირის სხვა ბრალდებებსაც უნდა გაუმკლავდეს

გარდა ამისა, გასულ თვეში ევროპელმა მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ Apple ზედმეტად ზღუდავს დეველოპერების მომხმარებლებთან კომუნიკაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გადახდების App Store-ის ეკოსისტემის გარეთ განხორციელებას ეხება.

ტექნოლოგიური გიგანტი პირველი კომპანიაა, რომელსაც ბრალი წაუყენეს ახალი კანონის — ციფრული ბაზრების აქტის (DMA) მიხედვით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. ის ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ თავისი გამოძიების წინასწარი დასკვნები გაუგზავნა Apple-ს, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, განიხილოს და უპასუხოს საკითხებს, რომლებიც კომისიის აზრით, DMA-ს არღვევს.

Apple

ევროკომისიის თქმით, Apple-ის სამი „საქმიანი პირობიდან“, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის ურთიერთობას აპლიკაციების დეველოპერებთან, არცერთი არ აძლევს მათ უფლებას, თავისუფლად „გაიყვანონ“ მომხმარებლები App Store-დან შესყიდვის განხორციელებისთვის.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებას ერთი წლის ვადაში გეგმავდნენ და, შესაძლოა, კომპანიებს დაეკისროთ მნიშვნელოვანი ჯარიმები, თუ აღმოჩნდება, რომ ისინი DMA-ს არღვევენ. მარტის დასაწყისში ევროკავშირმა Apple უკვე დააჯარიმა დაახლოებით $2 მილიარდით.

მოდით, ისევ Apple-ს დავუბრუნდეთ. თუ კომისიის წინასწარი დასკვნები დადასტურდება, მან შეიძლება გამოიტანოს შეუსრულებლობის გადაწყვეტილება 2025 წლის მარტისთვის, გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, რამაც, შესაძლოა, Apple-ის დაჯარიმება გამოიწვიოს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $228.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $223.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Conagra Brands

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Conagra Brands-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი შეფუთული პროდუქტების კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის დაკლებული.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2025 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც 26 მაისს დასრულდა, Conagra Brands-ის შემოსავალმა $2.91 მილიარდს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.93 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $0.61 შეადგინა, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.57-ს. თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში Conagra Brands-მა თითო აქციაზე $1.18-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა (ანალიტიკოსების პროგნოზი — -$1.75).

Conagra Brands

მომავლის პროგნოზები

კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის განმავლობაში ორგანული გაყიდვები 1.5%-ით შემცირდება ან უცვლელი დარჩება. Conagra Brands-ში ასევე მოელიან, რომ წლიური EPS $2.60-$2.65-ს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $2.69-ს.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Conagra Brands-ის აქციებს?

Conagra Brands-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $28.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $34.00-ს, ხოლო მინიმალური — $29.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Conagra Brands-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 8 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

WD-40 Company

ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, WD-40 Company-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი საყოფაცხოვრებო საპოხი მასალების ცნობილი მწარმოებლის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში WD-40 Company-ის შემოსავალი წლიურად 9%-ით — $155 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $148.1 მილიონს. EPS-მა კი $1.46-ს მიაღწია (უოლ სტრიტის მოლოდინი — $1.39).

WD-40 Company

მართალია, WD-40-ის მთლიანი მოგების მარჟა 53.1%-მდე გაიზარდა, თუმცა კომპანიის გაყიდვების, ზოგადმა და ადმინისტრაციულმა ხარჯებმა გაცილებით სწრაფად, 19%-ით, მოიმატა ვიდრე გაყიდვებმა. რეკლამირების ხარჯები კიდევ უფრო მეტად, 22%-ით გაიზარდა.

საოპერაციო ხარჯების ასეთმა მატებამ მთლიანი მარჟის გაუმჯობესებისა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობა შეზღუდა — WD-40-ის მოგების ზრდამ მხოლოდ 6% შეადგინა.

რაც შეეხება მომავალს, WD-40 Company-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე წელს EPS $5-$5.30-ს მიაღწევს.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Delta Air Lines-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა

შემდეგი

ივნისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ში CPI ინდექსმა ფასების კლება აჩვენა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ივნისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ში CPI ინდექსმა ფასების კლება აჩვენა

ივნისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ში CPI ინდექსმა ფასების კლება აჩვენა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved