გუშინ აშშ-ის მსხვილმა საფონდო ინდექსებმა ზრდა განაგრძო, რასაც ხელი შეუწყო ტექნოლოგიური კომპანიების აქციების უწყვეტმა ძლიერმა წარმადობამ იმის ფონზე, რომ ინვესტორები მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემებისა და კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნებისთვის ემზადებიან.
S&P 500 და Nasdaq Composite ინდექსები კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე დაიხურა, სავაჭრო დღის განმავლობაში ისინი, შესაბამისად, 1%-ით და 1.2%-ით გაიზარდა. Dow Jones Industrial Average (DJIA) კი 1.1%-ით გაუმჯობესდა.
საფონდო ბირჟაზე ბოლოდროინდელი აღმასვლა განპირობებული იყო ტექნოლოგიური აქციების ძლიერი წარმადობით და იმედით, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთებს მალე შეამცირებს.
AI ინვესტორების ფავორიტი ჩიპების მწარმოებელი კომპანიის — Nvidia-ს (NVDA) აქციების ფასი გუშინ კვლავ გაიზარდა, რაც გამოწვეულია ოპტიმიზმით, რომ მის მომავალ Blackwell პლატფორმაზე მოთხოვნა მოსალოდნელზე უფრო მაღალია. გუშინ ზრდა განიცადა ჩიპების მწარმოებელმა რამდენიმე სხვა კომპანიამაც, მათ შორის არიან: Advanced Micro Devices (AMD), Micron (MU), On Semiconductor (ON) და Microchip Technology (MCHP).
აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში დაღმასვლას განიცდიდა (Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პოტენციალის გამო), გუშინ 4.28%-მდე დაეცა.
აღსანიშნავია, რომ სამშაბათს Fed-ის თავმჯდომარე — ჯერომ პაუელი აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე წარსდგა. მან აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი ახლა ისევე დიდ ყურადღებას აქცევს შრომის ბაზრის შენელებას, როგორც ინფლაციას, რომელიც ჯერ კიდევ აჭარბებს Fed-ის წლიურ სამიზნე მაჩვენებელს — 2%-ს. აშშ-ის ცენტრალური ბანკი ცდილობს, საპროცენტო განაკვეთები საკმარისად მაღალი იყოს, რათა ინფლაციის დონე შემცირდეს, თუმცა არც იმდენად დიდი, რომ მასიური უმუშევრობა გამოიწვიოს.
ინფლაციის შერბილებამ და გასულ კვირაში გამოქვეყნებულმა შრომის ბაზრის მონაცემებმა ინვესტორებს გაუჩინა იმედი, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას სექტემბერში შეძლებს. თუმცა Fed-ის თავმჯდომარე თავს არიდებს მინიშნებას იმაზე, თუ როდის შეიძლება განხორციელდეს საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვაზე ჯერომ პაუელის პასუხი ასეთი იყო: „დღეს მომავალი მოქმედებების ვადებთან დაკავშირებით რაიმე მინიშნების გაკეთებას არ ვაპირებ“.
ივნისის ინფლაციის მონაცემების შესახებ ინფორმაციას Fed მიიღებს დღეს, როდესაც სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) გამოქვეყნდება. ხვალ კი ინფლაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) შესახებ შევძლებთ ინფორმაციის მიღებას.
ბაზრის მონაწილეები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ კვარტალურ ანგარიშებზე, განსაკუთრებით დიდი ფინანსური ინსტიტუტების მაჩვენებლებზე, რომლებიც ხვალ გამოქვეყნდება.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Tesla, Taiwan Semiconductor Manufacturing და HubSpot.
Tesla
გუშინ, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი მცირედით — 0.35%-ით გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ უკვე მე-11 სავაჭრო დღეა, რაც ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი იზრდება. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის მომატებული.
Tesla-ს აქციების ზრდის სერია დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეორე კვარტლის წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.
Tesla ხელსაყრელ პოზიციაშია
ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ელექტრომობილების ბაზარზე მზარდი კონკურენციის მიუხედავად, Tesla ინდუსტრიაში ინარჩუნებს ხელსაყრელ პოზიციას არსებული მომხმარებელთა ბაზის, მრავალფეროვანი პროდუქტების და დაბალფასიანი მოდელების გამოშვების გეგმების წყალობით.
Goldman-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ დაბალფასიანი მოდელის გამოშვებას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს Tesla-ს საბაზრო წილზე. ანალიტიკოსების თქმით, მათი მონაცემები აჩვენებს, რომ გაყიდული ავტომობილების დაახლოებით ნახევრის ღირებულება $30,000-ს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. შესაბამისად, ნაკლებად ძვირი ავტომობილების გამოშვება შეიძლება დაეხმაროს Tesla-ს, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს Tesla-ს განვითარებად თვითმართვის პროგრამულ უზრუნველყოფას და რობოტაქსის, როგორც მომავალი ზრდის სფეროებს. თუმცა, მათი თქმით, დრო არის საჭირო სანამ რობოტაქსები ფართოდ ხელმისაწვდომი ან ტესლას ტრადიციული მანქანები სრულად ავტონომიური გახდება.
სამიზნე ფასი
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა Tesla-ს აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნეს, ხოლო სამიზნე ფასი $175-დან $248-მდე გაზარდეს, რაც უფრო დაბალია, ვიდრე Tesla-ს ამჟამინდელი ფასი.
„მართალია, ჩვენ გვჯერა, რომ Tesla ბაზარზე კარგად არის პოზიციონირებული გრძელვადიანი ზრდისთვის, მაგრამ ჩვენი მოლოდინით, ბაზრის სუსტი პირობები ზეწოლას იქონიებს კომპანიის მოგებაზე მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში“ — განაცხადეს Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა.
მოსალოდნელია, რომ Tesla კვარტალურ ანგარიშს 23 ივლისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
როგორ აფასებს უოლ სტრიტი Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $253.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Taiwan Semiconductor Manufacturing
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Taiwan Semiconductor Manufacturing-ის (TSM) აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 88%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ TSMC-ის მენეჯმენტის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის ივნისის შემოსავალი, მაისთან შედარებით 10%-ით დაეცა, თუმცა გასულ თვეში კომპანიის გაყიდვები წლიურად თითქმის 33%-ით გაიზარდა.
TSMC-ის გაყიდვების ზრდა
ეს შესანიშნავი სიახლეა TSMC-ის აქციებისთვის და ინვესტორებიც შესაბამისად რეაგირებენ. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კომპანიამ დაახლოებით $38.8 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც ნიშნავს, რომ TSMC-მ უკვე ანალიტიკოსების წლიური პროგნოზის 46%-ს მიაღწია.
თუ შემოსავალი განაგრძობს ზრდას ამჟამინდელი ტემპით, როგორც ჩანს, TSMC ანალიტიკოსების პროგნოზებს დააკმაყოფილებს ან გადააჭარბებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები TSMC-ის აქციებს?
Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $191.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $218.00-ს, ხოლო მინიმალური — $155.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.4%-იან კლებას გულისხმობს.
HubSpot
გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) პლატფორმის — HubSpot-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის დაკლებული.
შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩაიშალა
გუშინ Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Alphabet წყვეტს HubSpot-ის შეძენის მცდელობებს. ფინანსური საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ორმა კომპანიამ მოლაპარაკებებში შეთანხმებას ვერ მიაღწია.
Bloomberg-მა კომენტარისთვის Alphabet-ისა და HubSpot-ის წარმომადგენლებს მიმართა, თუმცა პასუხი ვერცერთი კომპანიისგან მიიღო.
HubSpot კომპანიებს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) გადაწყვეტებს სთავაზობს და ასეთი კომპანიის შესყიდვა Alphabet-ს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანდა.
გაურკვეველია, რამდენის დახარჯვას აპირებდა ტექნოლოგიური გიგანტი HubSpot-ის შესაძენად. ბოლო კვარტლის დასასრულისთვის Alphabet-ს ანგარიშზე დაახლოებით $108 მილიარდის ოდენობით ნაღდი ფული და მოკლევადიანი ინვესტიციები ჰქონდა.
შესაძლოა, Alphabet-მა შესყიდვის მიმართ ინტერესი მარეგულირებლებთან პოტენციური ბრძოლის გამოც დაკარგა. ბოლო დროს, აშშ-ის ანტიმონოპოლიური ორგანოები საკმაოდ აგრესიული მიდგომებით გამოირჩევა, როდესაც საქმე ფართომასშტაბიანი შესყიდვებისა და შერწყმის გარიგებებს ეხება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები HubSpot-ის აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $492.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $681.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $770.00-ს, ხოლო მინიმალური — $520.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.