პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Novo Nordisk, Smart Global Holdings, Comtech Telecommunications, Dollar General და UnitedHealth Group.
Novo Nordisk
ამ დროისათვის ჯანდაცვის სამყაროში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — Novo Nordisk-ის აქციების ფასი პარასკევს თითქმის 2%-ით გაიზარდა. ეს მოჰყვა წამახალისებელ პროგნოზებს პოპულარული მედიკამენტების — Wegovy-ისა და Ozempic-ის შემქმნელისგან. შედარებისთვის, პარასკევს S&P 500 0.5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში Novo Nordisk-ის აქციების ფასი დაახლოებით 49%-ით არის გაუმჯობესებული.
პარასკევს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Novo Nordisk-მა განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა. დანიური ფარმაცევტული კომპანიის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი 2023 წლის განმავლობაში გაყიდვები, 2022 წელთან შედარებით, 32%-38%-ით გაიზრდება. ძველი პროგნოზი 27%-33%-იანი გაუმჯობესება იყო.
გარდა ამისა, Novo Nordisk-ში ვარაუდობენ, რომ საოპერაციო მოგება 40%-46%-ით გაიზრდება, რაც ასევე აღემატება წინა მოლოდინს — 31%-37%-იან მატებას. მენეჯმენტს მოგების პროგნოზები არ წარმოუდგენია.
ეს განვითარება არ ყოფილა გასაკვირი იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც Novo Nordisk-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს. კომპანიის მედიკამენტები — Wegovy და Ozempic დამტკიცებულია სხვადასხვა დაავადების სამკურნალო საშუალებებად და დღესდღეობით ისინი ძალიან პოპულარული პრეპარატებია წონაში კლების მიზნით. Novo Nordisk-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პროგნოზების კორექტირება ძირითადად განპირობებული იყო ამ ორი მედიკამენტის გაყიდვების მოსალოდნელზე უკეთესი მოცულობით.
გასულ კვირაში Novo Nordisk-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს შეაჩეროს კლინიკური კვლევა, რომელიც აფასებს კომპანიის მედიკამენტის — Ozempic-ის ეფექტურობას მეორე ტიპის დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობაში. კვლევის მონაცემთა დამოუკიდებელი მონიტორინგის კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია კვლევის შეჩერებას, რადგან შუალედურმა შედეგებმა აჩვენა ეფექტურობის დონე, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.
პრესრელიზში Novo Nordisk-ის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის უკვე გასული პერიოდის გაყიდვებისა და საოპერაციო მოგების ზრდის მაჩვენებლებიც გაგვაცნო. ისინი სასარგებლოა Wegovy-ისა და Ozempic-ის მკვეთრად მზარდი ტრაექტორიის შესანარჩუნებლად. 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში გაყიდვები წლიდან წლამდე 33%-ით გაუმჯობესდა, ხოლო საოპერაციო მოგება — 37%-ით.
Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $102.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $108.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $110.00-ს, ხოლო მინიმალური — $107.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს.
Smart Global Holdings
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Smart Global Holdings-მა იმედგამაცრუებელი კვარტალური ანგარიში და სუსტი პროგნოზები წარადგინა. პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 44%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის დაკლებული.
SGH აწარმოებს მობილური მეხსიერების პროდუქტებს სმარტფონებისთვის, ასევე მეხსიერების კომპონენტებს და მოდულებს დესკტოპ კომპიუტერებისთვის, ნოუთბუქებისა და სერვერებისთვის.
ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდა, კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 12.6%-ით — $316.7 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $375.04 მილიონი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.35 შეადგინა (პროგნოზი — $0.46).
SGH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ადამსმა აღნიშნა, რომ კომპანიისთვის გლობალური ეკონომიკური გარემო კვლავ გამოწვევად რჩება და დასძინა: „გუნდმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ჩვენს ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში, გავხდეთ საწარმო გადაწყვეტების კომპანია, რომელიც უმაღლესი ხარისხის შემოსავალზე და მთლიანი მარჟის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული“.
ამ მიზნით, ივნისის შუა რიცხვებში Smart Global-მა დადო ხელშეკრულება Smart Brazil-ის ოპერაციებში 81%-იანი წილის გაყიდვის შესახებ. ეს ხელშეკრულება უნდა დაიხუროს 2023 წლის ბოლოდან 2024 წლის დასაწყისამდე.
რაც შეეხება მომავლის პროგნოზებს, ფისკალური 2024 წლის პირველი კვარტლისთვის მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი $250-$300 მილიონს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.15-ს. ორივე მაჩვენებელი გაცილებით ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $383 მილიონს და $0.40-ს აღწევს.
SGH-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $24.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $26.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SGH-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 85%-იან ზრდას გულისხმობს.
Comtech Telecommunications
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Comtech Telecommunications-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 27%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული.
Comtech Telecommunications შემდეგი თაობის საგანგებო სისტემების და უსაფრთხო უკაბელო და სატელიტური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გლობალური მიმწოდებელია.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც 31 ივლისს დასრულდა, Comtech-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 17.2%-ით — $148.8 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $140.2 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $0.29-ს მიაღწია, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $0.17-ს შეადგენდა.
აქციონერებისადმი მიწერილ წერილში Comtech-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — კენ პეტერმანმა აღნიშნა, რომ კომპანიის ამჟამინდელი ბიზნესისა და პროდუქციის ხაზების ყურადღებით მიმოხილვის შემდეგ, მენეჯმენტმა გამოავლინა Comtech-ის სეგმენტების გადაბალანსების შესაძლებლობები და საბოლოოდ ელექტროენერგიის გამაძლიერებლების პროდუქციის ხაზზე უარის თქმა გადაწყვიტა.
უფრო კონკრეტულად, Comtech-მა ამ პროდუქციის ხაზის გაყიდვის შესახებ შეთანხმებად Stellant Systems-თან მიაღწია. გარიგების ღირებულება $35 მილიონს შეადგენს და ითვალისწინებს პოტენციურად დამატებით $5 მილიონის გადახდას გარკვეული ფინანსური მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში წმინდა გაყიდვები 1%-4%-ით გაიზრდება და დაახლოებით $150.3-$154.8 მილიონს მიაღწევს, რაც ბევრად აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $138 მილიონს.
Dollar General
პარასკევს, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Dollar General-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 55%-ით არის შემცირებული.
ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Dollar General-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დაუყოვნებლივ ტოვებს და მის ადგილს კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი — ტოდ ვასოსი დაიკავებს. ამ განცხადებასთან ერთად, მენეჯმენტმა განაახლა Dollar General-ის წლიური პროგნოზები.
ტოდ ვასოსი Dollar General-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2015 წლის ივნისიდან 2022 წლის ნოემბრამდე იკავებდა. იმ პერიოდის განმავლობაში კომპანიის შესანიშნავი წარმადობიდან გამომდინარე, ინვესტორები მისი დაბრუნებით აღფრთოვანებულნი არიან.
2023 წელს Dollar General-ის მოგება მცირდება. არსებობს ამის მაკროეკონომიკური მიზეზები, მაგრამ კომპანია ასევე აწყდება წინაღობებს მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში.
სავარაუდოდ, პრობლემები არც ისე კატასტროფულია და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. როგორც ჩანს სწორედ ამის იმედი გაუჩინა ინვესტორებს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დაბრუნებამ.
Dollar General-ის ბიზნესის პოტენციური გამოსწორება დაუყოვნებლივ არ მოხდება და მენეჯმენტი წლის განმავლობაში სირთულეების მოლოდინშია. კომპანიაში ახლახან განაახლეს ფინანსური პროგნოზები და შეამცირეს როგორც ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვების (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს), ასევე EPS-ის მითითებები.
ახლა მოსალოდნელია, რომ საუკეთესო შემთხვევაში, 2023 წელს Dollar General-ის comps, გასულ წელთან შედარებით, უცვლელი დარჩება. მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ EPS წლიდან წლამდე 29%-ით შემცირდება და $7.60-ს შეადგენს.
Dollar General-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $111.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $133.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $195.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dollar General-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
UnitedHealth Group
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, UnitedHealth Group-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჯანდაცვის კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 4%-ით არის გაუმჯობესებული.
UnitedHealth-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 14.2%-ით — $92.36 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $91.42 მილიარდი). აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ორნიშნა პროცენტული ზრდა დააფიქსირა თავისი Optum და UnitedHealthcare სეგმენტებიდან მიღებულ შემოსავალში. კორექტირებულმა მოგებამ კი 13.3%-ით მოიმატა და $6.56 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $6.33).
გარდა ამისა, UnitedHealth-ის ფულადმა ნაკადებმა ოპერაციებიდან კვარტალში $6.9 მილიარდი შეადგინა და კომპანიამ აქციონერებს 2023 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში დივიდენდების და აქციების გამოსყიდვის გზით $11.5 მილიარდი დაუბრუნა.
რაც შეეხება მომავალს, UnitedHealth-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2023 წლის განმავლობაში კორექტირებული EPS $24.85-$25-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — $24.70-$25).
UnitedHealth-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $539.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $575.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $650.00-ს, ხოლო მინიმალური — $520.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UnitedHealth-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.