პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის The Trade Desk, Roku, Dropbox და Toast.
The Trade Desk
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, The Trade Desk-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი სარეკლამო კამპანიების ავტომატიზაციის სპეციალისტის აქციების ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში The Trade Desk-ის შემოსავალი წლიურად 23%-ით — $606 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $581.95 მილიონი). კორექტირებულმა განზავებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 9%-ით — $0.41-მდე მოიმატა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზს შეესაბამებოდა.
მეოთხე კვარტალში კომპანიამ $63.8 მილიონის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) გამოიმუშავა, ხოლო $200 მილიონი აქციების გამოსყიდვაზე დახარჯა. როგორც ჩანს, Trade Desk-ის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზარზე კომპანიის აქციები დაუფასებელია, რაც მათ გამოსყიდვას სათადარიგო ნაღდი ფულის კარგ გამოყენებად აქცევს. ეს სტრატეგია ასევე მომგებიანია აქციონერებისთვის.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი მინიმუმ 25%-ით გაიზრდება და $478 მილიონს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — 18%-იანი მატება).
The Trade Desk-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეფ გრინმა განაცხადა, რომ მისი კომპანია უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ციფრული რეკლამის პროვაიდერები, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ კომპანია კონკურენტებს ბაზრის წილს ართმევს.
The Trade Desk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $89.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $95.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $110.00-ს, ხოლო მინიმალური — $42.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი The Trade Desk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Roku
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Roku-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა პარასკევს კომპანიის აქციების ფასი თითქმის 24%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 125%-ით გაუმჯობესდა.
Roku ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს და ყიდის სხვადასხვა ციფრულ მედია ფლეერებს ვიდეო სტრიმინგისთვის, აუდიო აღჭურვილობისთვის და რეკლამით მხარდაჭერილ ვიდეო სერვისებს ოპერირებს.
მეოთხე კვარტალში Roku-ს აქტიური ანგარიშების რაოდენობამ წლიურად 14%-ით მოიმატა და 80 მილიონს მიაღწია. 2023 წელს კი კომპანიას მთლიანობაში 10 მილიონი ახალი გამომწერი დაემატა და ამ შედეგით ეს Roku-სთვის მეორე საუკეთესო წელიწადი იყო. აქტიური მომხმარებლების ზრდის წყალობით, 2023 წლის განმავლობაში Roku-ს მოწყობილობების საშუალებით სტრიმინგის საათებმა 106 მილიარდს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი წლიურად 21%-ით გაუმჯობესდა.
მომხმარებლის თვალსაზრისით, Roku-ს ზრდა კარგი იყო — წამახალისებელი, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია ეს სეგმენტი. სამწუხაროდ, 2023 წელს, კომპანიის მიერ აუდიტორიის მონეტიზაციის უნარი გაუარესდა და, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო იყო პარასკევს ბაზარი უკმაყოფილო.
2023 წელს Roku-ს საშუალო შემოსავალი თითო მომხმარებელზე (ARPU) 4%-ით შემცირდა და $39.92 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ერთ მომხმარებელზე სტრიმინგის საათები გაიზარდა და, შესაბამისად, ARPU-ს ზრდა უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე — შემცირება.
მეოთხე კვარტალში Roku-ს შემოსავალი წლიურად 14%-ით გაიზარდა და $984 მილიონს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა კი საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $965.85 მილიონს. თუმცა სარეკლამო დანახარჯები მედიისა და გართობისთვის მოსალოდნელზე ნაკლები იყო, რამაც შემოსავალს პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში ხელი შეუშალა.
ინვესტორები ასევე ნეგატიურად განაწყო იმ ფაქტმა, რომ Roku-მ დააფიქსირა რეკორდულად მაღალი წმინდა ზარალი — $710 მილიონი. Roku-ს კვარტალურმა ზარალმა თითო აქციაზე კი $0.55 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — -$0.57).
თუმცა მენეჯმენტს ეს არ აშფოთებს, ამის ნაცვლად კომპანიაში ყურადღებას ამახვილებენ პოზიტიურ თავისუფალ ფულად ნაკადებზე. ამასთან, Roku-ს წარმომადგენლები პროგნოზირებენ, რომ 2024 წელს კომპანია, კორექტირების საფუძველზე, მომგებიანობას მიაღწევს.
Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $72.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $91.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Dropbox
ხუთშაბათს, ბაზრის დახურვის შემდეგ, Dropbox-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა პარასკევს მონაცემების ქლაუდ სივრცეში შენახვის პლატფორმის აქციების ფასი თითქმის 23%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით გაუმჯობესდა.
წინა კვარტალში Dropbox-ის შემოსავალი წლიურად 6%-ით — $635 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $631.57 მილიონი), ხოლო მოგებამ $227.3 მილიონს მიაღწია. კორექტირებულმა EPS-მა კი $0.5 შეადგინა და ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.48-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება მომავალს, Dropbox-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2024 წლის შემოსავალი $2.535-$2.55 მილიარდს მიაღწევს (უოლ სტრიტის პროგნოზი — $2.57 მილიარდი).
გარდა ამისა, მეოთხე კვარტალში Dropbox-მა 50,000 გამომწერი დაკარგა და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2024 წელს მათი რაოდენობის ზრდა შენელდება. თუმცა კომპანიაში ასევე მოელიან, რომ უძრავი ქონების დაქირავების თვალსაზრისით და სამუშაო ძალის შემცირების საშუალებით ხარჯების დაზოგვა 2024 წელს კომპანიას $910-$950 მილიონის ოდენობით თავისუფალ ფულად ნაკადებს მოუტანს.
Dropbox-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $37.00-ს, ხოლო მინიმალური — $24.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dropbox-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Toast
Toast-ის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფინტექ კომპანიამ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა.
Toast არის გაყიდვებისა და მართვის სისტემა, რომელიც რესტორნებს ეხმარება, გააუმჯობესოს ოპერაციები, გაზარდოს გაყიდვები და მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილება შექმნას.
გასული წლის მეოთხე კვარტალში Toast-ის შემოსავალმა წლიურად 30%-ით მოიმატა და $1 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.02 მილიარდი). თითო აქციაზე ზარალმა კი $0.07 შეადგინა (პროგნოზი — -$0.11). გარდა ამისა, Toast-ის წლიურმა განმეორებადმა შემოსავალმა $1.2 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 35%-ით გაუმჯობესდა.
ამავდროულად, კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $29 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, გასულ წლის იმავე კვარტალში Toast-მა $18 მილიონის ოდენობით კორექტირებული EBITDA ზარალი დააფიქსირა.
რაც შეეხება მომავალს, Toast-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალური წლის პირველ კვარტალში მთლიანი მოგება $275-$285 მილიონს შეადგენს. მთელი წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი $1.3-$1.32 მილიარდს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად 24%-იან ზრდას გულისხმობს.
ამავდროულად, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ კორექტირებული EBITDA დაახლოებით 244%-ით გაუმჯობესდება და $200-$220 მილიონს შეადგენს.
Toast-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Toast-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.