გუშინ აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები მკვეთრად ამაღლებულ ნიშნულებზე დაიხურა, რადგან აშშ-ის ეკონომიკის პერსპექტივებთან დაკავშირებით ეჭვები შემცირდა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა.
გუშინ S&P 500-ისთვის და Nasdaq Composite-ისთვის, 2022 წლის 30 ნოემბრის შემდეგ, საუკეთესო დღე იყო — ეს ინდექსები, შესაბამისად, 2.3%-ით და 2.9%-ით გაიზარდა. Dow Jones Industrial Average-მა (DJIA) კი 1.8%-იანი აღმასვლა დააფიქსირა.
გასული კვირის განმავლობაში აქციების ფასები საგრძნობლად შემცირდა, რადგან გაიზარდა შიში, რომ, შესაძლოა, აშშ-ში რეცესია დაიწყოს. ორშაბათს, ძირითადმა ინდექსებმა, 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე დიდი დღიური ზარალი დააფიქსირა.
გუშინ გამოქვეყნდა უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნის ყოველკვირეული მაჩვენებელი 3 აგვისტოს დასრულებული კვირისთვის, რომელიც მოსალოდნელზე დაბალი — 233,000 აღმოჩნდა (ეკონომისტების პროგნოზი — 240,000). ამან ხელი შეუწყო გასულ პარასკევს გამოქვეყნებული უმუშევრობის მონაცემებით გამოწვეული ეჭვების შემსუბუქებას.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივლისში აშშ-ში უმუშევრობის დონე 4.3%-მდე გაიზარდა. ამ სიახლემ, სხვა მონაცემებთან ერთად, გამოიწვია სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ფედერალურ სარეზერვო ბანკს (Fed), ეკონომიკის მხარდასაჭერად, საპროცენტო განაკვეთების სწრაფად და მკვეთრად შემცირება მოუწევდა.
აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი, რომელიც, საპროცენტო განაკვეთების გარდაუვალი შემცირების მოლოდინების ფონზე, ორშაბათს 3.7%-მდე დაეცა, გუშინ დაახლოებით 4%-მდე გაიზარდა, რაც ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი დონეა.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Duolingo და Trade Desk.
Duolingo
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Duolingo-მ (DUOL) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ენების შესწავლის პლატფორმის აქციების ფასი თითქმის 11%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის შემცირებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Duolingo-ს შემოსავალი წლიურად 41%-ით — $178.33 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $177.1 მილიონს. კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.01-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.85). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა $0.51 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.3197-ს.
ენების შემსწავლელ კომპანიაში ჯავშნები — შემოსავლების მომავალი ზრდის მაჩვენებელი — წლიურად 38%-ით გაიზარდა, თითქმის ისევე სწრაფად, როგორც გაყიდვები. Duolingo-ს ფასიანი სერვისების გამომწერთა რაოდენობამ კი 52%-ით — 8 მილიონამდე მოიმატა.
გარდა ამისა, მეორე კვარტალში Duolingo-ს თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $55 მილიონს მიაღწია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Duolingo-ს აქციებს?
Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $179.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $244.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $271.00-ს, ხოლო მინიმალური — $198.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Trade Desk
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Trade Desk-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი წამყვანი სარეკლამო ტექნოლოგიების პლატფორმის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით არის გაუმჯობესებული.
Trade Desk-ის ბიზნესის მიმოხილვა
Trade Desk ამუშავებს თვითმომსახურების, ქლაუდზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც რეკლამის განმთავსებლებს ეხმარება, მართონ, ოპტიმიზაცია გაუწიონ და გაზომონ თავიანთი ციფრული სარეკლამო კამპანიები სხვადასხვა არხებში. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში განახორციელონ დეტალური ანალიტიკა უფრო ეფექტიანი რეკლამირებისთვის.
ბოლო დროს კომპანიამ დიდი ყურადღება გაამახვილა თავისი პლატფორმის შესაძლებლობების გაღრმავებაზე, მონაცემთა ინსტრუმენტების ინტეგრირებაზე და, კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად, AI-ზე ორიენტირებული გადაწყვეტების დანერგვაზე.
კვარტალური შედეგები
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | მენეჯმენტის მოლოდინები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $585 მილიონი | $575 მილიონი | $464 მილიონი | 26% |
წმინდა მოგება | $85 მილიონი | — | $33 მილიონი | 158% |
განზავებული GAAP EPS | $0.17 | — | $0.07 | 143% |
კორექტირებული EBITDA | $242 მილიონი | $223 მილიონი | $180 მილიონი | 34% |
კორექტირებული EBITDA-ს მარჟა | 41% | — | 39% | 2 pp |
საოპერაციო ხარჯები | $490 მილიონი | — | $423 მილიონი | 16% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Trade Desk-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი $618 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) — $248 მილიონს. ეს მაჩვენებლები წლიურად, შესაბამისად, 25%-იან და 24%-იან ზრდას წარმოადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Trade Desk-ის აქციებს?
Trade Desk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $88.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $106.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Trade Desk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.