გუშინ ამერიკული აქციების ფასები გაიზარდა ახალი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რამაც შეამსუბუქა მღელვარება ქვეყნის ეკონომიკურ სიჯანსაღესთან დაკავშირებით. ამასთან, საცალო ვაჭრობის კომპანიის — Walmart-ის (WMT) და ტექნოლოგიური გიგანტის — Cisco-ს (CSCO) ძლიერმა კვარტალურმა ანგარიშებმა განწყობა კიდევ უფრო გააუმჯობესა.
უკვე ზედიზედ მეექვსე სავაჭრო დღეა, რაც S&P 500 და Nasdaq Composite ზრდას განაგრძობს — გუშინ ამ ინდექსებმა, შესაბამისად, 1.6%-იანი და 2.3%-იანი აღმასვლა დააფიქსირა. Dow Jones Industrial Average-მა (DJIA) კი 1.4%-ით მოიმატა — ინდექსმა ბოლო 6 სავაჭრო სესიიდან 5 დაასრულა აღმასვლით. ამ თვის დასაწყისში დაფიქსირებული მკვეთრი დანაკარგების შემდეგ აქციები აღდგა იმ მოლოდინის ფონზე, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს მალე შეამცირებს და ეკონომიკა თავიდან აიცილებს რეცესიას.
S&P 500-ში ტექნოლოგიურმა და სამომხმარებლო დისკრეციულმა სექტორებმა დააფიქსირა ყველაზე დიდი ზრდა ძლიერი კვარტალური ანგარიშებისა და წამახალისებელი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
საცალო გაყიდვების ყოველთვიური ანგარიში მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა — ივლისში აშშ-ში საცალო გაყიდვების მოცულობა თვიურად 1%-ით — $709.7 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი თვიური ნახტომია 2023 წლის იანვრის შემდეგ. ეს შედეგი აჭარბებს იმ ეკონომისტების პროგნოზს (0.3%-იან მატებას), რომლებიც Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ იქნა გამოკითხული.
ამასთან, უმუშევრობის ყოველკვირეული განაცხადების რაოდენობა — 227,000 ჩამორჩა ეკონომისტების მოლოდინს, 235,000-ს. ეს ამცირებს მღელვარებას შრომის ბაზრის შესუსტებასთან დაკავშირებით. გუშინდელი მონაცემები, რომლებიც ასახავს მყარი ეკონომიკის სურათს, მოჰყვება ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ ინფლაციის ანგარიშებს, რომლებიც მომხმარებლებზე საფასო ზეწოლის შემსუბუქებაზე მიგვანიშნებს.
სამშაბათს გამოქვეყნდა ინფლაციის კიდევ ერთი მაჩვენებელი — მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) მონაცემები, რომლებმაც აჩვენა, რომ ივლისში შეერთებულ შტატებში ფასების ზრდა შემცირდა. ინდექსმა წლიურად 2.2%-ით მოიმატა, ხოლო ფასების თვიურმა ზრდამ 0.1% შეადგინა. ეს ორივე მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე — ანალიტიკოსების პროგნოზები.
შედარებისთვის, ივნისში PPI ინდექსის მიხედვით გაზომილი ფასები წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურად — 0.2%-ით.
გუშინ კი აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა — ივლისში ის წლიურად 2.9%-ით გაიზარდა. 2021 წლის მარტის შემდეგ ეს იყო ყველაზე ნელი წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტების მოლოდინი — 3%. შედარებისთვის, ივნისში CPI-ის წლიურმა მატებამ სწორედ 3%-ს მიაღწია.
შენელებული ინფლაცია უკეთეს მდგომარეობაში აყენებს შინამეურნეობების ბიუჯეტებს, რომლებმაც ზეწოლა განიცადეს წლების განმავლობაში მაღალ ფასებთან გამკლავების შემდეგ. ეს სიახლე ასევე ზრდის ალბათობას, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში შეამცირებს.
ინვესტორები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს Fed-ის ოფიციალური პირების კომენტარებს იმის შესახებ, თუ როგორ აისახება უახლესი ეკონომიკური მონაცემები ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაზე განაკვეთების შემცირების შესახებ. Fed-ში განაცხადეს, რომ შესაძლებელია განაკვეთების შემცირება სექტემბრიდანვე დაიწყოს, თუ მანამდე ისეთი მონაცემები გამოქვეყნდება, როგორიც მოსალოდნელია.
აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი, რომელიც მგრძნობიარეა საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინების მიმართ, გუშინ, სავაჭრო დღის დასაწყისში, 3.95%-მდე გაიზარდა, რაც ამ კვირაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა დღის ბოლოს ეს მაჩვენებელი 3.92%-მდე შემცირდა.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Alibaba, JD.com, Tesla, Lucid Group და Toyota Motor.
Alibaba
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Alibaba-მ (BABA) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ელექტრონული კომერციის ჩინური კომპანიის აქციების ფასი თითქმის უცვლელი იყო — 0.14%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Alibaba-ს შემოსავალი წლიურად 4%-ით — $33.94 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $685.59 მილიონით ჩამორჩა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $2.29-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის მოლოდინს $0.20-ით გადააჭარბა. თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $1.38 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.33-ით ჩამორჩა.
Alibaba-ს მენეჯმენტი ცდილობს კომპანიის მდგომარეობის გამოსწორებას მშფოთვარე 2023 წლის შემდეგ — ბოლო პერიოდში ელექტრონული კომერციის გიგანტს უწევდა მომხმარებლების ხარჯების შემცირების პრობლემასთან, ამასთან JD.com-ისგან და PDD Holdings-ის Temu-სგან გაზრდილ კონკურენციასთან გამკლავება.
2023 წლის 10 სექტემბერს Alibaba-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ედი ვუმ დაიკავა და მას შემდეგ ის ცდილობს, კომპანიის ძირითადი, ელექტრონული კომერციის, ბიზნესი თავის გზაზე დააბრუნოს. ამჟამად Alibaba გადის გარდამავალ ფაზას, რომლის ფარგლებშიც მენეჯმენტი გეგმავს, მეტად ფოკუსირდეს მესამე მხარის მოვაჭრეებზე, რომლებიც ჩინეთში პროდუქციას კომპანიის პლატფორმების — Taobao-სა და Tmall-ის მეშვეობით ყიდიან. ამავდროულად, Alibaba შეამცირებს დამოკიდებულებას პირდაპირი გაყიდვების ბიზნესზე.
ედი ვუმ ადრე თქვა, რომ კომპანია აპირებს გამოუშვას მონეტიზაციის ახალი ფუნქციები თავისი ელექტრონული კომერციის პლატფორმებისთვის, რამაც 2025 წლის მეორე ნახევრისთვის Taobao და Tmall ბიზნესები ზრდის გზაზე უნდა დააბრუნოს. გასულ კვარტალში ამ მიმართულებებიდან გაყიდვები წლიურად 1%-ით შემცირდა.
Alibaba-ს მენეჯმენტმა თქვა, რომ კომპანიამ Taobao და Tmall ბიზნესებში მიაღწია საქონლის მთლიანი ღირებულების ორნიშნა პროცენტულ ზრდას — ეს მაჩვენებელი წარმოადგენს ტრანზაქციების მთლიან ღირებულებას მის პლატფორმაზე. Alibaba-ს სურს ხაზი გაუსვას, რომ მიუხედავად მთლიანი შემოსავლის სისუსტისა, მყიდველები იყენებენ მის ვებგვერდებს.
ამავდროულად, Alibaba-ს საზღვარგარეთულმა ონლაინ შოპინგის ბიზნესებმა, როგორებიც არის Lazada და Aliexpress, საერთაშორისო ელექტრონული კომერციის განყოფილებაში გაყიდვების წლიური 32%-იანი ზრდა დააფიქსირა.
კომპანიის ქლაუდ განყოფილების შემოსავალი წლიურად 6%-ით — $3.7 მილიარდამდე გაიზარდა, ამასთან, Alibaba-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ AI-სთან დაკავშირებული პროდუქტების შემოსავალმა წლიურად სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით აღმასვლა განაგრძო. თუმცა ამ სეგმენტის გაყიდვების მაჩვენებელი არ დაკონკრეტებულა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alibaba-ს აქციებს?
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $114.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $122.00-ს, ხოლო მინიმალური — $106.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 43.3%-იან ზრდას გულისხმობს.
JD.com
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, კვარტალური შედეგები Alibaba-ს კონკურენტმა — JD.com-მაც გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნასდაქის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის შემცირებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში JD.com-ის შემოსავალი წლიურად 1.2%-ით — $40.1 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $152.61 მილიონით გადააჭარბა. კომპანიის GAAP მოგებამ თითო აქციაზე კი $1.13-ს მიაღწია, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს $0.46-ით აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ საცალო ვაჭრობა JD.com-ის შემოსავლისა და მოგების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა, მეორე კვარტალში რეალურად კომპანიის ლოჯისტიკურმა მიმართულებამ დააფიქსირა ამ მაჩვენებლების ყველაზე დიდი ზრდა.
ჯერჯერობით ტენდენციები JD.com-ის სასარგებლოდ ვითარდება. გასულ თვეში ჩინეთის საცალო გაყიდვები 2.7%-ით გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ექსპერტების პროგნოზს 2.6%-იანი მატების შესახებ. ამასთან, Reuters იტყობინება, რომ ანალიტიკოსების აზრით, მესამე კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.8%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო სრული 2025 წლის განმავლობაში — 4.5%-ით.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები JD.com-ის აქციებს?
JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $27.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $40.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $31.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 51%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla, Lucid & Toyota Motors
გუშინ კარგი დღე იყო ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც. Tesla-ს (TSLA), Lucid Group-ისა (LCID) და Toyota Motor-ის (TM) აქციების ფასები, შესაბამისად, 6.34%-ით,1.92%-ითა და 2.70%-ით გაიზარდა, რადგან პოზიტიურ ეკონომიკურ მონაცემებს თითოეულ ამ კომპანიასთან დაკავშირებული სპეციფიკური სიახლეებიც დაემატა.
Tesla
დავიწყოთ ტესლათი. Kelley Blue Book-ის მიხედვით, გასულ თვეში აშშ-ში Tesla-ს $111,000-იანი Cybertruck გახდა ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, რომლის ღირებულებაც $100,000-ს აჭარბებს. Kelley Blue Book-ში განაცხადეს, რომ Cybertruck-ის მძლავრი გაყიდვები Tesla-ს საშუალო გასაყიდი ფასის (ASP) კლების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა.
Tesla-ს ASP ივლისში წლიურად 11%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. Kelley Blue Book-ის მიხედვით, ამბავი Cybertruck-ით არ სრულდება — 2024 წლის იანვრიდან Model T-ის ASP 5%-ით გაიზარდა, ხოლო Model 3-ის — 30%-ით.
Lucid
გასულ თვეში Lucid-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის 2025 წლის Lucid Air Pure ელექტრომობილი არის ყველაზე ეფექტიანი და, შესაბამისად, ყველაზე მდგრადი მანქანა, რომელსაც, ერთი დამუხტვით, სავარაუდოდ 420 მილის დაფარვა შეუძლია (55% მაგისტრალზე და 45% ქალაქში მართვის პირობებში).
გასულ კვირას LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Lucid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — პიტერ რაულინსონმა რაოდენობრივად წარმოაჩინა Lucid-ის ეფექტიანობის უპირატესობა Tesla-სთან შედარებით. მისი თქმით, თუ ტესლა განაგრძობს თავისი ეფექტიანობის გაუმჯობესებას ისტორიული ტემპებით, ის 2032 წლამდე ვერ მიაღწევს Lucid-ის შედეგს.
Toyota Motor
რაც შეეხება Toyota-ს, მისი მენეჯმენტი, ელექტრომობილების ინდუსტრიის ვარსკვლავების დაჯაბნას ჰიბრიდულ ძრავებზე ხაზგასმით ცდილობს. კომპანიის თავმჯდომარე — აკიო ტოიოდამ განაცხადა, რომ ელექტრომობილები მსოფლიოში ბაზრის 30%-ს იკავებს. დანარჩენ 70%-ს კი ის უფრო დიდ შესაძლებლობად მიიჩნევს Toyota-ს „მხოლოდ ჰიბრიდული“ მოდელების გასაყიდად.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-სა და Lucid Group-ის აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $200.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $211.46-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.25%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $3.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $2.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $4.00-ს, ხოლო მინიმალური — $1.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.