გუშინ აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები მკვეთრად გაიზარდა — განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ტექნოლოგიური კომპანიების აქციები. აღმასვლა მოჰყვა ინფლაციის მოსალოდნელზე უკეთესი მონაცემების გამოქვეყნებას, რამაც გააძლიერა მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) მალე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებს.
უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, რაც S&P 500 და Nasdaq Composite ინდექსები აღმასვლას აფიქსირებს — ისინი, შესაბამისად, 1.7%-ით და 2.4%-ით გაიზარდა, ხოლო Dow Jones Industrial Average-მა (DJIA) 1%-ით მოიმატა. ასეთ შედეგებს განაპირობებს ბაზრის დასტაბილურება არასტაბილური პერიოდის შემდეგ, რომელიც ნაწილობრივ გამოწვეული იყო აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღესთან დაკავშირებული მზარდი მღელვარებით.
გუშინ აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულმა მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) ანგარიშმა აჩვენა, რომ ივლისში შეერთებულ შტატებში ფასების ზრდა შემცირდა. ინდექსი წლიურად 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო ფასების თვიურმა ზრდამ 0.1% შეადგინა. ეს ორივე მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე — ანალიტიკოსების პროგნოზები.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ანგარიში კი დღეს გამოქვეყნდება, რასაც კვირის ბოლოს მოჰყვება მონაცემები საცალო გაყიდვებისა და საცხოვრებლების შესახებ. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უახლოს დღეებში აშშ-ის ეკონომიკურ მდგომარეობასთან და საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით Fed-ის რამდენიმე ოფიციალური პირი კომენტარებს გააკეთებს.
Fed ეკონომიკურ მონაცემებს ყურადღებით აკვირდება, რადგან მისი წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ საპროცენტო განაკვეთების შემცირების საკითხს, რომელიც უკვე 12 თვეზე მეტია, რაც 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზეა. ამან, როგორც ეკონომიკის გაგრილებისა და ინფლაციის შემცირების მცდელობის ნაწილმა, მნიშვნელოვანი ზეწოლა იქონია მომხმარებლებსა და ბიზნესებზე. ეს მაჩვენებელი ზრდის საპროცენტო გადასახადს ყველა სახის სესხზე, მათ შორის იპოთეკაზე, საკრედიტო ბარათებზე და ავტო სესხებზე. სესხის აღების გაზრდილი ღირებულება მიზნად ისახავს მომხმარებლების მიერ ხარჯების შეზღუდვას, რაც ამცირებს მოთხოვნას და, თავის მხრივ, ანელებს ფასების ზრდას.
დაახლოებით ორი კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერალური სარეზერვო ბანკის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ეკონომიკა არსებული ტრაექტორიით გააგრძელებს მოძრაობას, სექტემბერში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
გუშინ აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელმა 3.85% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასული ოთხშაბათის შემდეგ პირველად ჩამოსცდა 3.9%-იან ნიშნულს.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Nvidia, Home Depot და On Holding.
Nvidia
გუშინ Nvidia-ს (NVDA) აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის ტაქტიკურმა სტრატეგმა — სკოტ რუბნერმა მას წლის „ყველაზე მნიშვნელოვანი აქცია“ უწოდა.
სკოტის თქმით, შესაძლოა თვის ბოლოს ჩიპების მწარმოებელი გიგანტის კვარტალურმა ანგარიშმა და Fed-ის ჯექსონ ჰოლის ეკონომიკურმა სიმპოზიუმმა1 საფონდო ბირჟაზე მნიშვნელოვანი აღმასვლა გამოიწვიოს.
თუმცა, Goldman Sachs-ის სტრატეგმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, სექტემბრის მეორე ნახევარი ცვალებადი იყოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სანამ მეოთხე კვარტალში აქციები ახალ ისტორიულ მაქსიმუმებს დააფიქსირებს.
ბოლო პერიოდში Nvidia-ს აქციებზე, აშშ-ის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მღელვარებასთან ერთად, განსაკუთრებული ზეწოლა იქონია ნეგატიურმა სიახლემ Blackwell AI ჩიპის გამოშვების პოტენციურ შეფერხებასთან დაკავშირებით. თუმცა კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო. გარდა ამისა, მას შემდეგ, Nvidia-ს პერსპექტივები უოლ სტრიტის სხვადასხვა ანალიტიკოსმა პოზიტიურად შეაფასა.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $116.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $144.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Home Depot
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Home Depot-მა (HD) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სახლის კეთილმოწყობის საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Home Depot-ის შემოსავალმა $43.17 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $42.6 მილიარდს. აღსანიშნავია, რომ Home Depot-ის შემოსავალი მოიცავდა $1.3 მილიარდის მოცულობის გაყიდვებს SRS Distribution-იდან, თუმცა მხოლოდ 6-კვირიანი პერიოდისთვის. ეს უკანასკნელი მან გასულ კვარტალში $18.25 მილიარდად შეიძინა. SRS Distribution კონტრაქტორთა ქსელს გადახურვის მასალებითა და სხვა სამშენებლო პროდუქტებით ამარაგებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იქიდან გამომდინარე, რომ Home Depot-ის მმართველი გუნდი ცდილობს, პროფესიონალი კონტრაქტორების ბაზარზე თავისი წილი გაზარდოს.
„SRS-ის ფილიალების ქსელი, Home Depot-ის 2000+ მაღაზიასთან და სადისტრიბუციო ცენტრებთან ერთად, პროდუქტის ყოვლისმომცველი შეთავაზებები და გავრცელებული ტოპ ბრენდები, მომხმარებლებს უზრუნველყოფს უფრო მეტი ვარიანტებით, ვიდრე ოდესმე“ — განაცხადა Home Depot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტედ დეკერმა კომპანიის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. „მოუთმენლად ველი, მივესალმო SRS-ის მთელ გუნდს Home Depot-ში, რათა ერთად გამოვიყენოთ საინტერესო შესაძლებლობები“.
მეორე კვარტალში ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები2 გლობალური მასშტაბით 3.3%-ით შემცირდა.
Home Depot-ის წმინდა მოგებამ კი $4.56 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $4.67-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $4.54-ს.
მენეჯმენტის კომენტარები
„სახლის გაუმჯობესების პროდუქტების მოთხოვნის მხარდამჭერი გრძელვადიანი საფუძვლები ძლიერია“ — განაცხადა Home Depot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტედ დეკერმა. „გასულ კვარტალში, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა და მაკროეკონომიკურმა გაურკვევლობამ უფრო ფართო ზეწოლა იქონია სამომხმარებლო მოთხოვნაზე, რამაც სახლის გაუმჯობესების პროექტებზე ხარჯების შემცირება გამოიწვია“.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Home Depot-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს მთლიანი შემოსავალი 2.5%-3.5%-ით გაიზრდება, ხოლო SRS Distribution გაყიდვებში, სავარაუდოდ, დაახლოებით $6.4 მილიარდის მოცულობის წვლილს შეიტანს. თუმცა კომპანიაში ასევე მოელიან, რომ comps 3%-4%-ით შემცირდება (წინა პროგნოზი — 1%-იანი ვარდნა).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Home Depot-ის აქციებს?
Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $350.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $385.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $426.00-ს, ხოლო მინიმალური — $300.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
On Holding
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, On Holding-მა (ONON) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფეხსაცმელების კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 54%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანიის შემოსავალმა წლიურად 28.7%-ით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს — $655.9 მილიონს მიაღწია, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $5.82 მილიონით გადააჭარბა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $0.16 შეადგინა (უოლ სტრიტის მოლოდინი — $0.19), ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი — $0.10 (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.17).
გასულ მეოთხედში On Holding-ის გაყიდვები აზია-წყნარი ოკეანის ბაზარზე წლიურად 73.7%-ით გაიზარდა, ამერიკაში — 24.8%-ით, ხოლო ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში — 21.8%-ით. Direct-to-consumer3 (DTC) გაყიდვები კი 28.1%-ით გაუმჯობესდა.
კომპანიის მენეჯმენტმა განმარტა, რომ მაღალმა წილმა პროდუქტების ფასდაკლების გარეშე გაყიდვებში, ისევე როგორც ტვირთების გადაზიდვის დაბალმა ტარიფებმა, ხელი შეუწყო მთლიანი მოგების მარჟის წლიურად 59.5%-დან 59.9%-მდე გაუმჯობესებას.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, On Holding-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული მიმდინარე წლის განმავლობაში შემოსავალი 30%-ით გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) — 16%-16.5%-ით.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები On Holding-ის აქციებს?
On Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $41.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $44.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი On Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] ყოველწლიური სიმპოზიუმი, რომელსაც აფინანსებს კანზას სიტის ფედერალური სარეზერვო ბანკი 1978 წლიდან. ეს ღონისძიება 1981 წლიდან ჯექსონ ჰოლში იმართება. ყოველწლიურად სიმპოზიუმი ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინაშე დგას. მონაწილეთა შორის არიან ცენტრალური ბანკის გამოჩენილი წარმომადგენლები და ფინანსთა მინისტრები, ასევე აკადემიური მოღვაწეები და წამყვანი ფინანსური ბაზრის მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან.
[2] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.
[3] DTC არის მოდელი, რომლის მიხედვითაც ბრენდი თავის პროდუქტს ან მომსახურებას პირდაპირ მომხმარებელზე ყიდის.