სანამ ცნობილი კომპანიების შესახებ სიახლეებს შემოგთავაზებთ, მოდით, ოქროზე ვისაუბროთ. გუშინ დილით ამ ძვირფასი ლითონის ფასმა $2,380-ს გადააჭარბა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამან გაახანგრძლივა აღმასვლა, რომელმაც მიმდინარე წელს აჯობა S&P 500-ის წარმადობას, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ოქროს ფასი თებერვლის ბოლოდან 15%-ზე მეტით გაიზარდა და გუშინ Bank of America-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, მომავალი წლისთვის ნიშნულმა კიდევ 26%-ით — $3,000-მდე მოიმატოს.
BofA-ს ანალიტიკოსების თქმით, ოქროს ფასი რამდენიმე ფაქტორის გამო გაიზარდა. მათ შორის იყო გეოპოლიტიკური რისკი და ძლიერი მოთხოვნა ცენტრალური ბანკების მხრიდან. Bank of America-ში ამბობენ, რომ ამ ძვირფასი ლითონის ფასმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი სტიმული მიიღოს მიმდინარე წლის ბოლოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებისგან.
ჩინეთმა ბოლო დროს ოქროსადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა. ქვეყნის სახალხო ბანკმა 2023 წელს თავის რეზერვებს 200 ტონაზე მეტი ოქრო დაამატა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მეორე უმსხვილესი მყიდველის — პოლონეთის იმავე მაჩვენებელს.
გარდა ამისა, ჩინური კომპანიების აქციების ფასების კლებისა და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული არასტაბილურობის ფონზე ჩინელი საცალო ინვესტორები ასევე ფულის ოქროში დაბანდებას მიმართავენ.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმალურ დონეზე ინარჩუნებს. ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, ეკონომიკურმა მონაცემებმა უნდა აჩვენოს, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება. ეს სიტყვები FOMC-ის მიერ იანვარში გაკეთებული განცხადების იდენტურია.
ოქროზე მოთხოვნა ზოგადად ზარალდება მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო. ის შედარებით ნაკლებად მიმზიდველი ხდება მაშინ, როდესაც სხვა დაბალი რისკის მქონე აქტივებზე, როგორიცაა გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციები, შემოსავლიანობა იზრდება.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Apple, Boeing და Nvidia.
Apple
ბოლო პერიოდში Apple-ის აქციების ფასი დაზარალდა ჩინეთში გაყიდვების შენელების შესახებ არსებული ეჭვების ფონზე — წლის დასაწყისიდან ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით არის შემცირებული. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Apple-ის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი, მიუხედავად ჩინეთში არსებული წინაღობებისა. მათ მიერ მოყვანილი ზოგიერთი მიზეზი მოიცავდა ძლიერ მოთხოვნას iPhone-ზე, App Store-ის შემოსავლების ზრდას და ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისში გავრცელდება.
ორშაბათს Wedbush-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, მიმდინარე კვარტალი Apple-ისთვის რთული იყოს. ისინი მოელიან, რომ, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, ჩინეთში iPhone-ის გაყიდვები შემცირდება, რადგან კონკურენცია ადგილობრივი კონკურენტებისგან, როგორიცაა Huawei, ჩინეთის შესუსტებულ ეკონომიკასთან და გეოპოლიტიკურ წინაღობებთან კომბინაციაში, Apple-ის გაყიდვებზე ნეგატიურად ზემოქმედებს.
თუმცა, Wedbush-ის ანალიტიკოსების თქმით, აზიაში ბოლო მოგზაურობის შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ მიწოდების ჯაჭვის მონაცემები მხარს უჭერს რეგიონის მოსალოდნელზე უკეთეს პერსპექტივას და სხვა ლოკაციებს, როგორიცაა ევროპა და ინდოეთი, შეუძლიათ Apple-ს ჩინეთში გაყიდვების კლების დაბალანსებაში დაეხმარონ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი — ტიმ კუკი მარტში ჩინეთში გაემგზავრა, რათა, ამ შემოდგომას iPhone 16-ის გამოშვებამდე, განემტკიცებინა კომპანიის ურთიერთობები მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებთან და მომხმარებლებთან.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი მოთხოვნა განახლების ციკლის ირგვლივ შეიძლება 270 მილიონ iPhone-ს აღემატებოდეს. მათი აზრით, შესაძლოა, Apple-მა დაიწყოს ზრდის დაჩქარება სექტემბრის კვარტალში და 2025 წელს.
Apple-ისთვის ნათელი წერტილი კვლავ სერვისების სეგმენტია — Wedbush-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით კომპანია ინარჩუნებს სტაბილურობას ორნიშნა პროცენტული ზრდით. Bank of America-ს კი მოჰყავს Sensor Tower-ის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც 2024 წლის მეორე კვარტალში Apple-ის App Store-მა $7.4 მილიარდის მოცულობის შემოსავალი უნდა გამოიმუშაოს. ეს მაჩვენებელი აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $6.7 მილიარდს.
Bank of America პროგნოზირებდა, რომ Apple-ის სერვისების სეგმენტის შემოსავალი ფისკალურ მეორე კვარტალში წლიურად 11%-ით გაიზრდებოდა. ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ მომსახურების სეგმენტის გამძლეობას განიხილავენ, როგორც გრძელვადიანი ზრდის ინდიკატორს.
ფისკალური პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას Apple-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის სერვისების სეგმენტის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს — $23.1 მილიარდს მიაღწია (გასული წლის იმავე მეოთხედში — $20.7 მილიარდი). ამასთან დაინსტალირებული მოწყობილობების ბაზამ ასევე ისტორიული შედეგი დააფიქსირა — 2.2 მილიარდი. ეს კი, სავარაუდოდ, სერვისების სეგმენტის შემდგომ ზრდას შეუწყობს ხელს.
კვარტალური ანგარიშის წარდგენისას, როდესაც კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროექტების შესახებ ჰკითხეს, ტიმ კუკმა თქვა, რომ iPhone-ის მწარმოებელი მუშაობს იმაზე, „რითაც ჩვენ წარმოუდგენლად აღფრთოვანებულნი ვართ და ამის შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს ვისაუბრებთ“.
სხვა ტექნოლოგიური გიგანტებისგან განსხვავებით, როგორიც არის, მაგალითად, Microsoft, Apple თავისი AI ინიციატივების დეტალებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს. კუკმა აღნიშნა, რომ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (GenAI) და ზოგადად AI კომპანიისთვის უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის.
ამ წლის დასაწყისში, Bank of America-ს ანალიტიკოსებმა Apple-ის აქციების სამიზნე ფასი განაახლეს და განაცხადეს, რომ კომპანიას შეუძლია, AI შესაძლებლობების iPhone-ებში ინტეგრირებით მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს.
ტექნოლოგიური გიგანტის AI გეგმებთან დაკავშირებული განცხადება შეიძლება გავრცელდეს მის ყოველწლიურ მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაზე (WWDC24), რომელიც 10 ივნისს გაიმართება.
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $170.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $202.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Boeing
გუშინ Boeing-მა, 2021 წლის შემდეგ, მიწოდების ყველაზე სუსტი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ეს გამოწვეული იყო შენელებული წარმოებით ინციდენტების სერიის შემდეგ, რამაც კომპანიის თვითმფრინავების უსაფრთხოების მარეგულირებელი შემოწმებები გამოიწვია.
2024 წლის პირველ კვარტალში Boeing-მა ბაზარს 83 თვითმფრინავი მიაწოდა, რომელთაგან 67 იყო 737 მოდელი. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში მიწოდების მაჩვენებელმა 130-ს მიაღწია. 2021 წლის მეორე კვარტალში კი კომპანიამ ბაზარს 79 თვითმფრინავი მიაწოდა.
2024 წლის პირველ კვარტალში Boeing-ისთვის რამდენიმე ნეგატიური სიახლე გავრცელდა, დაწყებული 5 იანვარს მომხდარი ინციდენტით, როდესაც Alaska Airlines-ის რეისის დროს კარს საცობი მოძვრა. შემდგომმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ თვითმფრინავს ჭანჭიკები აკლდა.
გარდა ამისა, LATAM Airlines-ის რეისზე თვითმფრინავის დაშვებისას რამდენიმე მგზავრი დაზიანდა. პილოტმა კი განაცხადა, რომ სატერფულებს პრობლემა შეექმნა. ეს შემთხვევაც გამოძიების პროცესშია.
თვეების განმავლობაში ინციდენტებისა და გამოძიებების შემდეგ, Boeing-ის მენეჯმენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს აღმასრულებელი დირექტორი — დეივ კალჰუნი თანამდებობას დატოვებს. ამასთან, შეიცვლება Boeing-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე და კომერციული თვითმფრინავების განყოფილების ხელმძღვანელი პენსიაზე გადის.
გარდა ამისა, New York Times-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) იძიებს პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ 787 Dreamliner-ის ფუზელაჟის ნაწილები არასწორად არის დამაგრებული და, შესაძლოა, ათასობით ფრენის შემდეგ დაიშალოს. Boeing-ის მენეჯმენტმა კი Times-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავებს საფრთხე არ ემუქრებათ.
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $178.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $241.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი 2%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 77%-ით არის გაუმჯობესებული.
Nvidia იყო დომინანტი მოწყობილობების და თუნდაც პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაში მაღალი სიმძლავრის გამოთვლითი საჭიროებებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოშვებით წარმოიქმნა. დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Microsoft, Meta Platforms და Tesla-ც კი მყიდველების გრძელი სიის სათავეში არიან.
მაგრამ D.A. Davidson-ის ანალიტიკოსი — გილ ლურია ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ შემცირდება Nvidia-ს აქციების ფასი. ბოლო მოხსენებაში ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ეს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მალე გადართავენ ხარჯებს შიდა, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მოწყობილობების წარმოების გაზრდაზე. ლურია თვლის, რომ ეს გამოიწვევს Nvidia-ს აქციების ფასის მნიშვნელოვან ციკლურ ვარდნას 2026 წლისთვის.
D.A. Davidson-ში მოელიან, რომ Nvidia-ს აქციების ფასი $620-მდე შემცირდება, რაც ორშაბათს, ბაზრის დახურვისას, დაფიქსირებულ ნიშნულს თითქმის 30%-ით ჩამოუვარდება. თუმცა ინვესტორებმა უფრო ფართო კონტექსტიც უნდა გაითვალისწინონ. Nvidia არ არის მხოლოდ AI ჩიპების კომპანია და მას შეუძლია მომდევნო წლებში შემოსავალი გაზარდოს სხვა სეგმენტებიდან, მათ შორის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებიდან.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $853.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $989.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $620.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.