გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, Disney და Conagra Brands.
Meta Platforms
გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სოციალური მედიის გიგანტმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. გარდა ამისა, როგორც ჩანს, Meta-ზე იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ ოთხშაბათს ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა ინვესტორები ხელახლა დაარწმუნა, რომ Fed განაკვეთების შემცირებას დაიწყებს. შედეგად, სავაჭრო დღის განმავლობაში Meta Platforms-ის აქციების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
წლის დასაწყისიდან სოციალური მედიის კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 47%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ დილით კვლევითმა ფირმამ — Jefferies-მა Meta-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $550-დან $585-მდე გაზარდა. Jefferies-ის ანალიტიკოსების აზრით, 2024 წელს Meta-ს შეუძლია შემოსავალი მთლიანობაში 20%-ით გაზარდოს, ხოლო 9%-ით მხოლოდ ციფრულ სარეკლამო ინდუსტრიაში, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იქნება ახალი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებით.
Jefferies-ში ასევე მოელიან, რომ წელს Meta-ს საბაზრო წილის მატება დაჩქარდება და, შესაძლოა, 2015 წლის შემდეგ პირველად კომპანიამ ამ თვალსაზრისით Amazon-ს აჯობოს.
Meta-ს უახლესმა კვარტალურმა ანგარიშმა ნათლად აჩვენა, რომ რეკლამირების ბიზნესი სწრაფად იზრდება. კომპანიის სარეკლამო შემოსავალმა პირველ კვარტალში წლიურად 24%-ით მოიმატა, რაც გამოწვეული იყო Reels-ზე, TikTok-ის კონკურენტზე, რეკლამების ზრდით და თითო რეკლამის ფასის 2%-იანი მატებით. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რეკლამებზე მოთხოვნა კალაპოტს ბრუნდება.
2023 წლის დასაწყისიდან Meta Platforms-ის აქციები შესანიშნავი წარმადობით გამოირჩევა და, თუ Jefferies-ის ანალიტიკოსები არ ცდებიან, მოსალოდნელია, რომ კომპანია წელსაც ზრდას განაგრძობს.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $511.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $530.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $609.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Disney
Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ბობ აიგერმა განაცხადა, რომ ივნისში Disney+ აკრძალავს პაროლის გაზიარების პრაქტიკას. ამ გადაწყვეტილების მიზანი არის სტრიმინგის სერვისის მომგებიანობის გაუმჯობესება. ასეთივე ნაბიჯი გადადგა 2023 წლის ზაფხულში Netflix-მა.
„ივნისში ჩვენ დავიწყებთ პირველ რეალურ შეტევას პაროლების გაზიარების პრაქტიკაზე“ — თქვა გუშინ აიგერმა CNBC-სთან ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ ცვლილებები გავლენას იქონიებს რამდენიმე ქვეყანასა და ბაზარზე, მაგრამ საბოლოოდ ის მნიშვნელოვნად გაიზრდება და სექტემბრისთვის სრულად მოიცავს Disney+-ის მომხმარებლებს.
Disney-ის მენეჯმენტმა ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც Netflix-მა, პაროლების გაზიარების აკრძალვის შემდეგ, გამომწერების რაოდენობისა და შემოსავლების ზრდა დააფიქსირა.
აიგერმა განაცხადა: „სტრიმინგ სივრცეში Netflix ოქროს სტანდარტია და თუ Disney ამ კომპანიის მიღწევების გამეორებას შეძლებს, ეს შესანიშნავი იქნება“.
Bank of America-ს და UBS-ის ანალიტიკოსები ადრე ვარაუდობდნენ, რომ პაროლების გაზიარების შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო დისნეისთვის, რადგან კომპანია სტრიმინგ სეგმენტში მოგების მიღებაზე მუშაობს. UBS-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, აშშ-ში 18 მილიონი პაროლის „გამზიარებელი“ იყოს, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით — 46 მილიონი.
Disney-ის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, აიგერმა განაცხადა, რომ სტრიმინგის ბიზნესი დგას სწორ გზაზე, რომ ფისკალური 2024 წლის ბოლომდე მომგებიანობას მიაღწიოს.
Disney-მ, სტრიმინგ ბიბლიოთეკის გასაფართოებლად, ცოტა ხნის წინ ერთ პაკეტში გააერთიანა Disney+ და Hulu. კომპანია ასევე მუშაობს მომხმარებლისთვის სპორტული სტრიმინგის შეთავაზებაზე ESPN-ის საშუალებით, იმის ფონზე, რომ თანამშრომლობს Warner Bros. Discovery-თან და Fox-თან. მოსალოდნელია, რომ ეს მიმართულება, როგორც დამოუკიდებელი ციფრული დანიშნულება, ხელმისაწვდომი გახდება 2025 წლის შემოდგომაზე.
Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $117.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $145.00-ს, ხოლო მინიმალური — $82.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Conagra Brands
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Conagra Brands-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამომხმარებლო საქონლის კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 25 თებერვალს დასრულდა, Conagra Brands-ის შემოსავალი წლიურად 1.7%-ით — $3.03 მილიარდამდე შემცირდა. თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.01 მილიარდს. კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი 10.1%-ით დაიკლო და $329 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.69 იყო (პროგნოზი — $0.64).
Conagra-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — შონ კონოლიმ თქვა, რომ კვარტალურ შედეგებში ასახულია სტაბილური პროგრესი, რომელიც ძლიერი წარმადობით არის გამოწვეული. მან დასძინა რომ კომპანიის შიდა საცალო ბიზნესის გაყიდვების ტენდენციები განაგრძობს გაუმჯობესებას განსაკუთრებული სიძლიერით.
რაც შეეხება მომავალს, Conagra-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში კორექტირებული საოპერაციო მარჟა 15.8%-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — 15.6%). კომპანიის წარმომადგენლებმა გაიმეორეს წინა პროგნოზი ორგანული წმინდა გაყიდვების 1%-2%-ით შემცირების შესახებ. Conagra-ში ასევე მოელიან, რომ წლის განმავლობაში კორექტირებული EPS $2.60-$2.65-ს მიაღწევს.
Conagra Brands-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $30.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $34.00-ს, ხოლო მინიმალური — $29.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Conagra Brands-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.