გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Intel, Chipotle Mexican Grill, Caterpillar, Comcast და Union Pacific.
Intel
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Intel-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა, „after-hours”1 ვაჭრობაში ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 8%-ით შემცირდა. როგორც ჩანს, ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედა კომპანიის სუსტმა პროგნოზებმა მეორე კვარტლისთვის.
მიმდინარე წლის განმავლობაში Intel-ის აქციების ფასი დაახლოებით 27%-ით არის დაკლებული.
2024 წლის პირველ კვარტალში ჩიპების მწარმოებლის შემოსავალი 9%-ით — $12.7 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეულია კომპანიის პერსონალური გამოთვლების, მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ბიზნესების ზრდით. Intel-ის ნახევარგამტარების წარმოების განყოფილებამ (Intel Foundry) კვარტალში $4.4 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 10%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგზე.
მიმდინარე წლის პირველ სამთვიან პერიოდში Intel-მა $437 მილიონის ოდენობით ზარალი განიცადა, ანუ ზარალმა თითო განზავებულ აქციაზე $0.09 შეადგინა, რაც 86%-ით ჩამორჩება 2023 წლის პირველ კვარტალში მიღებულ შედეგს. თუმცა ეს მაჩვენებელი უკეთესია ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზზე, რომელიც $454.86 მილიონის ოდენობით ზარალის (თითო აქციაზე — -$0.13) დაფიქსირებას გულისხმობდა.
კორექტირებულმა მოგებამ, რომელიც არ მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიც არის თანამშრომლებზე გაცემული აქციებზე დაფუძნებული კომპენსაციები და რესტრუქტურიზაციის ხარჯები, $759 მილიონი, ანუ თითო განზავებულ აქციაზე $0.18 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.15-ს.
„პირველი კვარტლის შემოსავალი ჩვენს მოლოდინებს შეესაბამებოდა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა პროგნოზებს გადააჭარბა, რაც მოსალოდნელზე უკეთესმა მთლიანმა მარჟებმა და ხარჯვის მტკიცე დისციპლინამ განაპირობა“ — განაცხადა Intel-ის ფინანსურმა დირექტორმა, დევიდ ზინსნერმა.
რაც შეეხება მომავალს, Intel-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი $12.5-$13.5 მილიარდს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $13.79 მილიარდს.
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $34.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $44.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 25-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Chipotle Mexican Grill
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Chipotle Mexican Grill-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ამერიკული სარესტორნო ქსელის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 39%-ით არის გაუმჯობესებული.
აშშ-ში Chipotle სწრაფი კვების ყოველდღიური სასადილოების ინდუსტრიის ლიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის ინგრედიენტებისა და მდგრადობისადმი ერთგულებით არის ცნობილი. მომხმარებლებისთვის მარტივი, სასარგებლო ინგრედიენტებზე დაფუძნებული მენიუს შეთავაზებით, კომპანიამ სარესტორნო სექტორში უნიკალური ნიშა შექმნა. ბოლო დროს Chipotle-მა ყურადღება გაამახვილა თავისი ციფრული პლატფორმის გაძლიერებაზე და Chipotlane „drive-thru“ (როდესაც რესტორანი, ბანკი ან მაღაზია ფანჯრიდან ისე გემსახურებათ, რომ მანქანის დატოვება არ გჭირდებათ) სერვისის გაფართოებაზე.
მაჩვენებელი | 2024 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის I კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
მოგება თითო აქციაზე (EPS) | $13.01 | $11.69 | $10.50 | +23.9% |
შემოსავალი | $2.7 მლრდ. | $2.68 მლრდ. | $2.36 მლრდ. | +14.1% |
ახალი რესტორნები | 47 | არ არის ცნობილი | 41 | +14.6% |
ციფრული გაყიდვების პროცენტული წილი | 36.5% | არ არის ცნობილი | არ არის ცნობილი | არ არის ცნობილი |
რესტორნის დონის საოპერაციო მარჟა | 27.5% | არ არის ცნობილი | 25.6% | +190% |
Chipotle-მა პირველ კვარტალში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევის დაფიქსირება შეძლო:
- მენიუს ახალი ელემენტების შემოღებამ და მომსახურების სიჩქარის გაუმჯობესებამ გაყიდვების და ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
- ციფრული ინიციატივები და Chipotlanes-ის გაფართოება აჩვენებს Chipotle-ის ერთგულებას მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ კვარტალში გახსნილი 47 რესტორნიდან 43 „drive-thru“ სერვისს მოიცავს.
- ინგრედიენტების მზარდი ხარჯების ზეწოლის მიუხედავად, Chipotle-მა წარმატებით მოახერხა კვების დანახარჯების მართვა, რამაც ხელი შეუწყო პოზიტიური მარჟების დაფიქსირებას. საკვების, სასმლისა და შეფუთვის ხარჯებმა პირველ კვარტალში მთლიანი შემოსავლის 28.8% შეადგინა, რაც წლიურად დაახლოებით 40 საბაზისო პუნქტით შემცირებას გულისხმობს.
ეს ფაქტები ხაზს უსვამს Chipotle-ის უნარს, ადაპტირდეს და გაიზარდოს კონკურენტულ ბაზარზე.
რაც შეეხება მომავალს, სარესტორნო ქსელის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული წლის განმავლობაში კომპანიის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები2 საშუალო ან მაღალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაუმჯობესდება. გასულ კვარტალში comps-ის ზრდამ 7% შეადგინა.
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს 285-315 ახალი რესტორნის გახსნას და მათ უმეტესობაში ხელმისაწვდომი იქნება „drive-thru“ სერვისი.
Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $2,927.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $3,036.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $3,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $2,400.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Caterpillar
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Caterpillar-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 7%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.
Caterpillar აწარმოებს გიგანტურ მანქანებს, რომლებიც მშენებლობასა და სამთო მოპოვებაში გამოიყენება. ეს არის კარგად მართული ბიზნესი, თუმცა ის დამოკიდებულია საბოლოო ბაზრებზე, რომლებიც ციკლურია.
2024 წლის პირველ კვარტალში Caterpillar-ის შემოსავალმა $15.8 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $200 მილიონით ჩამორჩა. EPS-მა კი $5.6-ს მიაღწია (პროგნოზი — $5.14).
კომპანიამ გაყიდვების დაბალი მოცულობის კომპენსირება მაღალი ფასებით და ხარჯების კონტროლზე ფოკუსირებით შეძლო. გასულ მეოთხედში საოპერაციო მოგების მარჟამ 22.3%-ს მიაღწია, რაც აღემატება 2023 წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — 17.2%-ს.
გასულ კვარტალში Caterpillar-მა დაახლოებით $4.5 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა და $600 მილიონის მოცულობის დივიდენდები გასცა. გასული ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ აქციების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით შეამცირა.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში გაყიდვები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე $17.3 მილიარდი, რაც კომპანიამ გასული წლის იმავე პერიოდში დააფიქსირა. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ სრული 2024 წლის შემოსავალი წლიურად დაახლოებით უცვლელი დარჩება (2023 წელი — $67.1 მილიარდი).
მითითებები მოლოდინებს შეესაბამება, მაგრამ, როგორც ჩანს, ბაზრისთვის ზრდის ნაკლებობა მაინც იმედგაცრუებაა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს Caterpillar-ის გაყიდვები 13%-ით გაზარდა.
Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $363.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $339.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $449.00-ს, ხოლო მინიმალური — $245.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Comcast
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Comcast-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, საკაბელო ინტერნეტის გიგანტის აქციების ფასი თითქმის 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის დაკლებული.
გასულ კვარტალში Comcast-ის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $30.06 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $29.84 მილიარდი). წმინდა მოგება კი 1%-ით შემცირდა.
მიუხედავად ამისა, აქციების გამოსყიდვის შედეგად, მოგებამ თითო აქციაზე 6.5%-ით მოიმატა და $0.81 შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.12-ით გადააჭარბა. უფრო მეტიც, Comcast-ის თავისუფალი ფულადი ნაკადები კვარტალში წლიურად 20%-ით — $4.5 მილიარდამდე გაუმჯობესდა.
გარდა ამისა, Comcast-მა ფართოხაზოვანი ინტერნეტისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 4%-ით გაზარდა, ხოლო უკაბელო სერვისის მომხმარებელთა რაოდენობამ 21%-ით — 6.9 მილიონ აბონენტამდე მოიმატა.
Comcast-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $38.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $50.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $57.00-ს, ხოლო მინიმალური — $44.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Comcast-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 34%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Union Pacific
გუშინ Union Pacific-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული სარკინიგზო კომპანიის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია.
2024 წლის პირველ კვარტალში Union Pacific-ის შემოსავალმა $6.03 მილიარდს მიაღწია, ხოლო EPS-მა — $2.69-ს. ამ მაჩვენებლებმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $5.99 მილიარდს და $2.52-ს შეადგენდა. კომპანიის საოპერაციო შემოსავალმა კი წლიურად 3%-ით მოიმატა.
Union Pacific-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სამუშაო ძალის პროდუქტიულობა წლიურად 1%-ით გაუმჯობესდა, ხოლო სატვირთო ვაგონების სიჩქარე 4%-ით გაიზარდა. კომპანიის საოპერაციო კოეფიციენტი (მთლიანი საოპერაციო ხარჯები/წმინდა გაყიდვები), ეფექტიანობის გასაზომი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, 140 საბაზისო პუნქტით — 60.7%-მდე გაუმჯობესდა.
Union Pacific-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $243.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $259.65-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $290.00-ს, ხოლო მინიმალური — $230.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Union Pacific-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.
[2] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.