გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Costco Wholesale, Nvidia, Paramount Global, Home Depot და Vertex Pharmaceuticals.
Costco Wholesale
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Costco Wholesale-მა მარტის გაყიდვების მაჩვენებლები გამოაქვეყნა და მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდის თითქმის 14%-ით ზრდა დააანონსა.
მარტში Costco-ს წმინდა გაყიდვებმა $23.48 მილიარდს მიაღწია, რაც 9.4%-ით აღემატება 2023 წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — $21.46 მილიარდს. 7 აპრილის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან Costco-ს გაყიდვებმა $146.64 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 6.4%-იან ზრდას წარმოადგენს.
საცალო ვაჭრობის კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მარტის გაყიდვების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა აღდგომის დღესასწაულმა, რამაც დაახლოებით 0.5%-იანი ზრდა გამოიწვია.
Costco-ს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კომპანიის კვარტალური დივიდენდი $1.02-დან $1.16-მდე გაიზრდება.
გაყიდვების ანგარიში გავრცელდა იმის ფონზე, რომ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე რიჩარდ გალანტი გარი მილერჩიპმა ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ რიჩარდი Costco-ში ამ პოზიციას 40 წლის განმავლობაში იკავებდა. ამ ცვლილებამ კი ინვესტორებში გამოიწვია ვარაუდი, რომ მილერჩიპი კომპანიის ყოველთვიური გაყიდვების ანგარიშებს გააუქმებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მოლოდინები არ გამართლდა.
Costco Wholesale-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $723.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $777.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $905.00-ს, ხოლო მინიმალური — $601.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Costco Wholesale-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia
გუშინ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ინვესტორებმა არ უნდა ინერვიულონ კომპანიის აქციების ბოლო დროს დაფიქსირებული გაყიდვების შესახებ. მათ ხაზი გაუსვეს Nvidia-ს ძლიერ მხარეებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმის ფონზე.
Bank of America-ს ანალიტიკოსებმა ბოლო პერიოდში ჩიპების მწარმოებლის აქციების გაყიდვებს „განახლების პაუზა“ უწოდეს. მათ აღნიშნეს, რომ აქციებისთვის ცვალებადობა უჩვეულო არ არის. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან Nvidia-ს უნარში, შეინარჩუნოს ან გაზარდოს ბაზრის წილი.
Bank of America-ს ანალიტიკოსების თქმით, ბოლო პერიოდში კომპანიის აქციების ფასის შემცირებას, სავარაუდოდ, რამდენიმე საბაზრო ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის მოსალოდნელზე მაღალმა ინფლაციამ, ბაზრის ცვალებადობამ, კონკურენციამ და ა. შ.
მიუხედავად იმისა, რომ Nvidia-ს ზოგიერთ აქციონერს შეიძლება აწუხებდეს ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ბოლო პერიოდში წარდგენილი ჩიპები, როგორიცაა Alphabet-ის Google Axion პროცესორი და Intel-ის Gaudi 3 AI აქსელერატორი, Bank of America-მ გაიმეორა თავისი შეხედულება, რომ Nvidia-ს აქციები არის ტოპ არჩევანი.
ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათი პროგნოზით, Nvidia განაგრძობს დომინირებას, დაიპყრობს აქსელერატორების დაახლოებით $90 მილიარდის ღირებულების ბაზრის 75%-ზე მეტს. Bank of America-ში ვარაუდობენ, რომ Google-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის პერსონალური ჩიპები ბაზრის 15%-20%-ს მოიცავს, ხოლო კიდევ 15%-20% განაწილდება სხვა კომპანიებზე, როგორებიც არის, მაგალითად AMD და Intel.
Wedbush-ის ანალიტიკოსებმა, რომელთა აზრითაც AI რევოლუცია დადგა, განაცხადეს, რომ Nvidia ხელოვნური ინტელექტის სეგმენტში დომინანტური მოთამაშეა. მეთ ბრაისონი Wedbush-დან მიიჩნევს, რომ Blackwell, Nvidia-ს AI ტექნოლოგიის უახლესი ვერსია, ბაზარზე გამოსვლისას კომპანიის შემოსავალს გაზრდის.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $870.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $989.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $620.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Paramount Global
გუშინ Paramount Global-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის საბჭოს ოთხი წევრი მალე თანამდებობას დატოვებს. წლის დასაწყისიდან Paramount-ის აქციების ფასი დაახლოებით 27%-ით არის შემცირებული.
The Wall Street Journal იტყობინება, რომ საბჭოს წევრები დოუნ ოსტროფი, ნიკოლ სელიგმანი, ფრედერიკ ტერელი და რობ კლიგერი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გადადგებიან და, შესაძლოა, კომპანიამ ეს ინფორმაცია უკვე მიმდინარე კვირაში მარეგულირებელ დოკუმენტში გაამჟღავნოს.
ოსტროფი, ტერელი და სელიგმანი არიან სპეციალური კომიტეტის წევრები, რომელიც Paramount-ისთვის პოტენციური მყიდველების მოძიებით არის დაკავებული იმის ფონზე, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერი — შარი რედსტოუნი მონაწილეობს ამერიკელი კინოპროდიუსერის, დევიდ ელისონის Skydance Media-სთან შერწყმის მოლაპარაკებებში.
Paramount Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Home Depot
გუშინ Home Depot-ის აქციების ფასი 3%-ით შემცირდა, რადგან სახლის კეთილმოწყობის საცალო ვაჭრობის კომპანიაზე ინფლაციის მოსალოდნელზე უარესმა ანგარიშმა იმოქმედა. წლის დასაწყისიდან Home Depot-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
როგორც აშშ-ში სახლების კეთილმოწყობის წამყვანი საცალო კომპანიისთვის, Home Depot-ისთვის მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ნიშნავს, რომ იპოთეკური განაკვეთების მალე შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. ეს კი მოსახლეობის მიერ საცხოვრებლების რემონტზე კონცენტრირებას ნაკლებად სავარაუდოს ხდის.
Home Depot-ის ბიზნესი პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან სახლში დარჩენის ეფექტმა ამერიკელები აიძულა, საცხოვრებლის გაუმჯობესებაზე მეტი დაეხარჯათ. თუმცა საპროცენტო განაკვეთების ზრდამ საბინაო ბაზარზე და, თავის მხრივ, სახლის გაუმჯობესების პროდუქტების მოთხოვნაზე, ნეგატიურად იმოქმედა.
2023 წელს Home Depot-ის შემოსავალი და მოგება შემცირდა, მაგრამ ინვესტორები იმედოვნებდნენ, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნის აღდგენას გამოიწვევდა.
ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სამომხმარებლო ფასები მარტში წლიურად 3.5%-ით გაიზარდა, რაც ჯერ კიდევ მაღალია Fed-ის გრძელვადიან სამიზნესთან — 2%-სთან შედარებით.
Home Depot-მა ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიში თებერვალში გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალი წლიურად 2.9%-ით — $34.8 მილიარდამდე შემცირდა, მაგრამ ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $34.64 მილიარდს. გასულ მეოთხედში ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებმა1 3.5%-ით დაიკლო, ხოლო აშშ-ში ეს მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა.
მეოთხე კვარტალში წმინდა მოგებამ $2.8 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $2.82 იყო. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, $3.4 მილიარდს და $3.30-ს გაუტოლდა.
სრული ფისკალური 2023 წლის შემოსავალმა კი 3%-ით — $152.7 მილიარდამდე დაიკლო, ხოლო comps 3.2%-ით შემცირდა (აშშ-ში — 3.5%-ით). წმინდა მოგება 9.5%-ით დაეცა და $15.11 მილიარდი შეადგინა, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $15.11 იყო.
გარდა ამისა, Home Depot-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კვარტალური დივიდენდის 7.7%-იანი ზრდა $2.25-მდე.
რაც შეეხება მომავალს, კომპანიას 53-კვირიანი ფისკალური 2024 წელი ექნება. მენეჯმენტი მოელის, რომ მთლიანი გაყიდვები, 53-ე კვირის ჩათვლით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდება, ხოლო comps, 52-კვირიანი პერიოდისთვის, თითქმის 1%-ით შემცირდება. Home Depot-ში მიმდინარე ფისკალურ წელს 12 ახალი ლოკაციის გახსნა იგეგმება. მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ 53 კვირის განმავლობაში კომპანიის მოგება თითო განზავებულ აქციაზე დაახლოებით 1%-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ გასული თვის ბოლოს Home Depot მენეჯმენტმა გადაწყვიტა, $18.25 მილიარდად შეიძინოს — SRS Distribution, კომპანია, რომელიც კონტრაქტორთა ქსელს გადახურვის მასალებითა და სხვა სამშენებლო პროდუქტებით ამარაგებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იქიდან გამომდინარე, რომ Home Depot-ის მმართველი გუნდი ცდილობს, პროფესიონალი კონტრაქტორების ბაზარზე თავისი წილი გაზარდოს.
სახლის კეთილმოწყობის საცალო მოვაჭრის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ SRS Distribution-ის შესყიდვას აპირებს ნაღდი ფულისა და ვალის კომბინაციით. Home Depot-ში მოელიან, რომ გარიგება კომპანიის ფისკალური 2024 წლის ბოლოს დაიხურება. Home Depot-ის გუნდის შეფასებით, შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანიის მთლიანი ხელმისაწვდომი ბაზრის ღირებულება $1 ტრილიონს მიაღწევს, რაც დაახლოებით $50-მილიარდიან ზრდას წარმოადგენს.
Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $350.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $385.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $440.00-ს, ხოლო მინიმალური — $310.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Vertex Pharmaceuticals
Vertex Pharmaceuticals შეიძენს კლინიკური სტადიის იმუნოთერაპიის კომპანიას — Alpine Immune Sciences-ს გარიგებით, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $4.9 მილიარდს აღწევს. ამის შესახებ გუშინ ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ტრანზაქცია Vertex-ს მისცემს წვდომას ბიოტექნოლოგიური კომპანიის პროტეინზე დაფუძნებულ იმუნოთერაპიაზე ავტოიმუნური და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. გარიგება Alpine-ის თითოეულ აქციას $65-ად აფასებს, რაც ოთხშაბათის დახურვის ფასთან შედარებით 38%-იან პრემიას წარმოადგენს.
სიახლის გავრცელების შემდეგ Vertex-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა, ხოლო Alpine-ის — თითქმის 21%-ით გაიზარდა.
კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ, პირობების გათვალისწინებით, გარიგება 2024 წლის მეორე კვარტალში დაიხურება.
Vertex Pharmaceuticals-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $398.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $438.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $540.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Vertex Pharmaceuticals-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alpine Immune Sciences-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $47.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $49.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $41.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alpine Immune Sciences-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.