გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Oracle, Duolingo, Applied Materials, DocuSign და Arm Holdings.
Oracle
გუშინ Oracle-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო საათების შემდეგ კი კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Oracle-ის შემოსავალი წლიურად 7%-ით — $13.3 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $13.29 მილიარდი).
კომპანიის წმინდა მოგებამ $4 მილიარდი შეადგინა. მოგება თითო აქციაზე (EPS) კი 16%-ით — $1.41-მდე გაუმჯობესდა (პროგნოზი — $1.38).
კომპანიის მთლიანმა დარჩენილმა ვალდებულებებმა ან შეკვეთილი პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ, რომელიც მომხმარებლებისთვის ჯერ კიდევ არ არის მიწოდებული, ყველა დროის მაქსიმუმს — $80 მილიარდს მიაღწია. ეს გამოწვეულია მესამე კვარტალში ხელმოწერილი ქლაუდ ინფრასტრუქტურის ახალი კონტრაქტებით.
„ჩვენ მოველით, რომ მსხვილი კონტრაქტების გაფორმება გაგრძელდება, რადგან მოთხოვნა ჩვენს Gen2 AI ინფრასტრუქტურაზე არსებითად აჭარბებს მიწოდებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ახალი ქლაუდ მონაცემთა ცენტრების გახსნის და არსებულების გაფართოების ტემპი ძალიან სწრაფია“ — განაცხადა Oracle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საფრა ქეთსმა.
საფრამ ასევე თქვა, რომ მენეჯმენტის მოლოდინით, $80 მილიარდის ღირებულების მარაგებიდან 43% მომდევნო ოთხი კვარტლის განმავლობაში შემოსავლად აღიარდება. მან ასევე დასძინა, რომ კომპანიის Gen2 Cloud Infrastructure ბიზნესი უახლოეს მომავალში ჰიპერზრდის ფაზაში დარჩება.
Oracle-ის ქლაუდ ტექნოლოგიას იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიც არიან Nvidia, McDonald’s, Walmart და Uber.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Oracle-მა ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია — Cerner 2021 წელს შეიძინა და მესამე კვარტალში მისი მომხმარებელთა უმეტესობა Oracle-ის Gen2 Cloud ინფრასტრუქტურაზე გადაიყვანა. ტექნოლოგიური დირექტორის — ლარი ელსონის თქმით, კომპანია აპირებს, შექმნას თავისი სრულიად ახალი ამბულატორიული კლინიკის Cloud Application Suite იმავე მომხმარებლებისთვის.
ლარიმ ასევე განაცხადა: „ეს ჯანდაცვის ახალი რევოლუციური ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობის სისტემების სწრაფ მოდერნიზაციას მომავალი წლის განმავლობაში, ამასთან Cerner-სა და Oracle Health-ს მაღალი ზრდის მქონე ბიზნესებად გადააქცევს“.
Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $129.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $118.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Duolingo
ორშაბათს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანიის — Duolingo-ს აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც JPMorgan-მა მას ყიდვის რეკომენდაცია და $270-ის ოდენობით სამიზნე ფასი მიანიჭა.
ანალიტიკოსებმა ბრაიან სმილეკმა და დაგ ანმუთმა ხაზი გაუსვეს Duolingo-ს “freemium” ბიზნეს სტრატეგიას და განაცხადეს, რომ ეს ხელს უწყობს გამომწერების რაოდენობის ზრდას.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიტიური განწყობა ეფუძნება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მომხმარებელთა რაოდენობის ძლიერ ზრდას, რომელიც განპირობებულია პროდუქტის ოპტიმიზაციის, გემიფიკაციის/სოციალიზაციისა და მარკეტინგული სტრატეგიით. JPMorgan-ში ასევე პროგნოზირებენ, რომ 2026 წლისთვის ფასიანი გამომწერების რაოდენობა გაორმაგდება და 12.3 მილიონს მიაღწევს.
ბრაიანმა და დაგმა განაცხადეს, რომ Duolingo-ს, სავარაუდოდ, სარგებელს მოუტანს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც გაზრდის კომპანიის პროდუქტებს, მახასიათებლებს და ხარჯებს შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ Duolingo-მ კვარტალური ანგარიში გასული თვის ბოლოს, 28 თებერვალს, წარადგინა. მეოთხე კვარტალში Duolingo-ს შემოსავალი წლიურად 45%-ით — $151 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $148.32 მილიონი). EPS კი $0.26 შეადგინა (პროგნოზი — $0.04). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ თითო აქციაზე $0.35-ის ოდენობის ზარალი დააფიქსირა.
გარდა ამისა, Duolingo-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების (DAU) რაოდენობამ 65%-ით მოიმატა და 26.9 მილიონი შეადგინა, ხოლო თვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რიცხვი 46%-ით — 88.4 მილიონამდე გაიზარდა.
Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $223.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $247.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $282.00-ს, ხოლო მინიმალური — $190.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Duolingo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.3%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Applied Materials
გუშინ Applied Materials-მა თავისი კვარტალური დივიდენდი 25%-ით — $0.32-დან $0.40-მდე გაზარდა, მაგრამ ნახევარგამტარული აღჭურვილობის მწარმოებლის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა. ამ მაჩვენებელმა ხუთშაბათს ყველა დროის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
ფინანსურმა დირექტორმა — ბრის ჰილმა განაცხადა, რომ დივიდენდის ზრდა ასახავს კომპანიის უნარს, გაზარდოს მომგებიანობა და გამოიმუშაოს ძლიერი თავისუფალი ფულადი ნაკადები. მან ასევე თქვა, რომ Applied Materials-ის მენეჯმენტის აზრით, კომპანია განაგრძობს მთლიან სექტორზე უკეთესი წარმადობის დაფიქსირებას, სერვისების მიმართულებით ორნიშნა პროცენტული ზრდის მიღწევას და გამოიმუშავებს საკმარისზე მეტ საოპერაციო მოგებას, რათა გაზრდილ დივიდენდებს მხარი დაუჭიროს.
მენეჯმენტმა განაცხადა, რომ უკვე ზედიზედ 7 წელია, რაც Applied Materials კვარტალურ დივიდენდს ზრდის. ბოლო მატება 2023 წლის მარტში დაფიქსირდა.
გაზრდილ დივიდენდებს 13 ივნისს მიიღებენ ინვესტორები, რომლებიც 23 მაისის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა რიგებში იქნებიან.
Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $201.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $220.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
DocuSign
გასული კვირის ბოლოს DocuSign-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა, რამაც ელექტრონული ხელმოწერების კომპანიის აქციებზე პოზიტიურად იმოქმედა. გუშინ კი ანალიტიკოსებმა DocuSign-ის შესახებ პოზიტიური შეფასებები გამოაქვეყნეს, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
DocuSign-ის ელექტრონული ხელმოწერები განსაკუთრებით პოპულარული გახდა პანდემიის პერიოდში. თუმცა ეს ზრდის ტემპი მდგრადი არ იყო და დღეს კომპანიის აქციების ფასი 81%-ზე მეტით ჩამოუვარდება ისტორიულ მაქსიმუმს, რომელსაც DocuSign-მა 2021 წელს მიაღწია.
კომპანიის მეოთხე კვარტლის შედეგებმა კი ხელი შეუწყო ინვესტორების დარწმუნებას იმაში, რომ ის ხარისხიანი ბიზნესია. DocuSign-ის კვარტალურმა შემოსავალმა $712.4 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $698.35 მილიონი), ხოლო EPS-მა — $0.76-ს (პროგნოზი — $0.65).
ორშაბათს, Citigroup-ის ანალიტიკოსმა — ტაილერ რადკემ DocuSign-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $90-დან $93-მდე გაზარდა. ტაილერმა შეაქო კომპანიის კვარტალური ანგარიში, მან ასევე განაცხადა, რომ ხედავს ზრდის ტენდენციების სტაბილიზაციისა და მომგებიანობის გაუმჯობესების შემდგომ ნიშნებს.
სიმდიდრის მართვის ფირმა Baird-მა კი DocuSign-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი $50-დან $65-მდე გაზარდა.
DocuSign-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $58.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $64.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $93.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი DocuSign-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Arm Holdings
გუშინ ნახევარგამტარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დამპროექტებელი კომპანიის — Arm Holdings-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. დღეს ფირმას ელის მნიშვნელოვანი გამოცდა, რადგან მისი IPO-ს შემდგომი „ჩაკეტვის“ პერიოდი ამოიწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსაიდერებს შეეძლებათ, Arm-ის აქციები გაყიდონ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში AI სექტორში აქციების ფასები მცირდება. თუმცა, როგორც ჩანს, კონკრეტულად Arm-ზე უფრო მეტად მოქმედებს ის ფაქტი, რომ დღეს IPO-ს „ჩაკეტვის“ პერიოდი სრულდება. ასეთ დროს ხშირად კომპანიის აქციების ფასი მცირდება ინსაიდერული გაყიდვების შედეგად.
Arm Holdings-ის IPO გასული წლის სექტემბერში შედგა და მას შემდეგ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 109%-ით არის გაუმჯობესებული.
Arm-ის IPO-ს „ჩაკეტვის“ პერიოდი ცოტა უჩვეულოა, რადგან კომპანიის დაახლოებით 90% ეკუთვნის Softbank-ს, იაპონურ საინვესტიციო ფირმას. შემცირდება თუ არა დღეს კომპანიის აქციების ფასი, დამოკიდებული იქნება Softbank-ის ქმედებებზე. გარდა ამისა, დღეიდან Arm-ის თანამშრომლებს უფლება მიეცემათ, მთლიანობაში დაახლოებით 11 მილიონი აქცია გაყიდონ.
Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $127.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $105.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $72.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.