გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Amazon, Ford, D.R. Horton, Intel და Taiwan Semiconductor Manufacturing Company.
Amazon
ახალი შეფასებით, ამერიკელმა მყიდველებმა დიდი ფული დახარჯეს Amazon-ის (AMZN) ორდღიანი Prime Day ონლაინ გაყიდვების ღონისძიების განმავლობაში.
Amazon-ის მენეჯმენტმა, რომელიც არ აკონკრეტებს შემოსავლების მოცულობას თავისი Prime Day-ისთვის, გუშინ განაცხადა, რომ წლევანდელი ღონისძიება, გაყიდვების მონაცემებისა და გაყიდული ნივთების თვალსაზრისით, საუკეთესო იყო Prime Day-ის 10-წლიან ისტორიაში. Adobe Analytics-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამშაბათს და ოთხშაბათს ამერიკელმა მყიდველებმა ონლაინ საცალო ვაჭრობაში დაახლოებით $14.2 მილიარდი დახარჯეს.
Amazon-ის მენეჯმენტის თქმით, ღონისძიების დაწყებამდე სამი კვირის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის მომხმარებლები დარეგისტრირდნენ Prime სერვისზე. კვირის დასაწყისში Adobe-მა ივარაუდა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ამერიკელი მომხმარებლების მიერ საცალო ვაჭრობის კომპანიების პროდუქტებზე დახარჯული ფული $14 მილიარდს მიაღწევდა, რაც გასული წლის ღონისძიების მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.
წლევანდელი ღონისძიება უფრო გვიან ჩატარდა, ვიდრე შარშან, რაც, Adobe-ის თანახმად, სავარაუდოდ, იყო იმის მიზეზი, რომ გაიზარდა ისეთი სასკოლო პროდუქტების გაყიდვები, როგორებიც არის ზურგჩანთები, სასკოლო ნივთები და ახალგაზრდული ტანსაცმელი. გარდა ამისა, Adobe-ის წარმომადგენლების თქმით, წელს უფრო პოპულარული იყო მსხვილი შესყიდვები ისეთ კატეგორიებში, როგორებიც არის ელექტრონიკა და ავეჯი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $184.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 44 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $223.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.4%-იან ზრდას გულისხმობს.
Ford
გუშინ Ford Motor-ის (F) მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია აფართოებს თავისი Super Duty პიკაპების წარმოებას კანადურ ქარხანაში. აღსანიშნავია, რომ ადრე ამ ობიექტის ელექტრომობილების (EV) მწარმოებელ ქარხნად გადაკეთება იგეგმებოდა.
ავტომწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ახალი გეგმა ითვალისწინებს $2.3 მილიარდი დოლარის დახარჯვას მის კომპლექსში ოკვილში, ონტარიოში, კონსტრუქციის დასამონტაჟებლად და ინტეგრირებული დაშტამპვის ოპერაციების დასამატებლად. ამასთან, კიდევ $700 მილიონი იქნება საჭირო პროდუქციის გასაძლიერებლად დამხმარე ობიექტებში როგორც აშშ-ში, ისე კანადაში.
მიმდინარე თვის დასაწყისში Ford-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში კომპანიამ 536,050 მანქანა გაყიდა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდის შედეგს 0.8%-ით აღემატება. Ford-ის ჰიბრიდული პიკაპის — Maverick-ის გაყიდვები წლიურად 81%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს — 53,822-ს მიაღწია. ელექტრომობილის, F-150 Lightning-ის გაყიდვები წლიურად 77%-ით — 7,902-მდე გაუმჯობესდა.
Ford-ის ელექტრომობილების გაყიდვებმა მთლიანობაში წლიურად 61%-ით მოიმატა და 23,957-ს მიაღწია. ზრდის ნახევარზე მეტზე პასუხისმგებელია Mustang Mach-E, რომლის გაყიდვებიც წლიურად 47%-ით — 12,645-მდე გაუმჯობესდა.
Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორის — ჯიმ ფარლის განმარტებით, Super Duty სატვირთო მანქანებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ორი ქარხანა (კენტუკისა და ოჰაიოში), რომელიც ამჟამად მათ აწარმოებს, მას ვერ აკმაყოფილებს სრული დატვირთვით მუშაობის დროსაც კი. გაფართოების მიზანია კიდევ 100,000 ავტომობილით მეტის წარმოება.
კანადის ქარხანა ელექტრომობილების წარმოების ცენტრად უნდა გამხდარიყო
2023 წლის აპრილში Ford-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ $1.3-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებდა, რათა ოკვილი ელექტრომობილების წარმოების ცენტრად ექცია. აქ კომპანიას 3-რიგიანი ჯიპები უნდა ეწარმოებინა, თუმცა სამი თვის წინ კომპანიამ ამ გეგმის განხორციელება 2027 წლამდე გადადო.
გუშინდელ პრესრელიზში ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ კომპანია ამ ჯიპების შექმნის გეგმის მიმართ ერთგული რჩება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Ford-ის აქციებს?
Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
D.R. Horton
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, D.R. Horton-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სახლების მშენებელი ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში D.R. Horton-ის შემოსავალი წლიურად 2%-ზე მეტით — $9.97 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.64 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი წლიურად 5%-ით მოიმატა $4.1-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $3.77-ს.
D.R. Horton-მა კვარტალში 24,155 ახალი სახლის მშენებლობა დაასრულა, რაც 5%-ით მეტია გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგზე და აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს. დასრულებული სახლების ღირებულება 6%-ზე მეტით — $9.23 მილიარდამდე გაიზარდა.
თუმცა, ამ პერიოდში კომპანიამ მხოლოდ 23,001 ახალი შეკვეთა მიიღო $8.7 მილიარდის ოდენობით საერთო ღირებულებით, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, 24,664-ს და $9.31 მილიარდს შეადგენდა.
ინფლაცია და იპოთეკური საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალია
D.R. Horton-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ — დევიდ ოლდმა ხაზი გაუსვა მაკროეკონომიკურ გამოწვევებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია და იპოთეკური საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალია, როგორც ახალი, ისე არსებული სახლების მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებში ჯერ კიდევ შეზღუდულია და საცხოვრებლის მოთხოვნის მხარდამჭერი დემოგრაფიული მაჩვენებლები კვლავ ხელსაყრელია” — თქვა ოლდმა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, D.R. Horton-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $36.8-$37.2 მილიარდს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება წინა საპროგნოზო დიაპაზონს — $36.7-$37.7 მილიარდს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს 90,000-95,000 სახლის მშენებლობას დაასრულებენ (ძველი პროგნოზი — 89,000-91,000).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები D.R. Horton-ის აქციებს?
D.R. Horton-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $173.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $156.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი D.R. Horton-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel & TSMC
გუშინ ჩიპების მწარმოებელი კომპანიის — Intel-ის (INTC) აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიის წარმომადგენელმა მრავალმა ფირმამ ვარდნა განიცადა.
რატომ განიცადა ვარდნა ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიებმა?
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის ამჟამინდელმა კანდიდატმა — დონალდ ტრამპმა გააკეთა კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ის კვლავ მთავარსარდალი გახდება, შესაძლოა აშშ-მ გადაიფიქროს ტაივანის დაცვა ან მისგან ამისთვის გადასახადი მოითხოვოს. ტაივანი, სადაც მსოფლიოს მოწინავე ჩიპების უმეტესი ნაწილი მზადდება, ყურადღების ცენტრშია ჩინეთთან სიახლოვისა და ამ უკანასკნელის პრეტენზიის გამო თავად ტაივანზე. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში მდებარეობს Taiwan Semiconductor Manufacturing, მსოფლიოში წამყვანი საკონტრაქტო ნახევარგამტარული კომპანია და მოწინავე ჩიპების ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი ხელოვნური ინტელექტისთვის (AI), დაჩქარებული გამოთვლებისთვის და სხვა სასიცოცხლო ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აპლიკაციებისთვის.
გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შესაძლოა გააძლიეროს შეზღუდვები ჩინეთთან მომუშავე კომპანიებზე, მათ შორის ASML-სა და Nvidia-ზე. თეთრი სახლი ჩინეთში ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი განიხილავს, დააწესოს უცხოური პირდაპირი პროდუქტის წესი (FDPR), რაც შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს, გააკონტროლოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებული პროდუქტები, რომლებიც თუნდაც მცირე რაოდენობით ამერიკულ ტექნოლოგიას იყენებს.
რატომ გაიზარდა Intel-ის აქციების ფასი?
ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, რომელიც აჩენს კითხვებს მომავალში ჩიპების ხელმისაწვდომობის შესახებ, აშშ და სხვა დასავლელი მოკავშირეები დგამენ ნაბიჯებს შიდა წარმოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ეს ქვეყნები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ჩიპების წარმოებისთვის და Intel უკვე დაფინანსების მთავარი მიმღებია აშშ-ის CHIPS and Science Act-ის ფარგლებში. ეს აქტი შექმნილია აშშ-ის კონკურენტუნარიანობის, ინოვაციებისა და ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
შესაბამისად, დიდია შანსი, რომ სახელმწიფო სექტორმა ჩიპების ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიეროს და, შესაძლოა, გეოპოლიტიკურმა რისკ-ფაქტორებმა Intel-ის ბიზნესის ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს.
რაც შეეხება TSMC-ს, მან გუშინ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ფასი მცირედით — 0.4%-ით გაიზარდა.
2024 წლის მეორე კვარტალში Taiwan Semiconductor Manufacturing-ის შემოსავალი წლიურად 32.8%-ით — $20.82 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $20.16 მილიარდს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 10.3%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში TSMC-ის მთლიანმა მარჟამ 53.2% შეადგინა, საოპერაციო მარჟამ — 42.5%, ხოლო წმინდა მოგების მარჟამ — 36.8%.
ჩიპების მწარმოებელი გიგანტის კვარტალური წმინდა მოგება კი წლიურად 36.3%-ით — $7.59 მილიარდამდე გაიზარდა. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 9.9%-ით გაუმჯობესდა.
მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.48 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.4-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Intel-ისა და TSMC-ის აქციებს?
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $38.02-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $172.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.2%-იან კლებას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.