ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს იმ კომპანიების ჯგუფს, რომლებიც ენერგიის წარმოებასა და მიწოდებაში არის ჩართული. ენერგეტიკის სექტორი ან ინდუსტრია მოიცავს კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების ძიებასა და განვითარებაში, მოპოვებასა და გადამუშავებაში. ეს სექტორი ასევე აერთიანებს ინტეგრირებულ ენერგეტიკულ კომპანიებს, როგორიცაა განახლებადი ენერგიისა და ქვანახშირის ფირმები.
ენერგეტიკის სექტორის გააზრება
„ენერგეტიკის სექტორი“ არის ფართო და ყოვლისმომცველი ტერმინი, რომელიც აღწერს ენერგიის წარმოებასა და განაწილებაში ჩართული კომპანიების კომპლექსურ და ურთიერთდაკავშირებულ ქსელს. ამ კომპანიების საქმიანობა საჭიროა ეკონომიკის გასაძლიერებლად, წარმოებისა და ტრანსპორტირების გასაადვილებლად.
ენერგეტიკის სექტორში გაერთიანებული კომპანიები ჩართულია ენერგიის სხვადასხვა სახეობის წარმოებაში. უმეტესწილად, ენერგეტიკული კომპანიები იყოფა კატეგორიებად იმის მიხედვით, თუ როგორ მოიპოვება მათ მიერ წარმოებული ენერგია:
არაგანახლებადი:
- ნავთობპროდუქტები
- ბუნებრივი აირი
- ბენზინი
- დიზელი
- გასათბობი ზეთი
- ბირთვული პროდუქტები
- ქვანახშირი
განახლებადი:
- ჰიდროელექტროენერგია
- ბიოსაწვავი, როგორიცაა ეთანოლი
- ქარის ენერგია
- მზის ენერგია
ენერგეტიკული ინდუსტრია ასევე მოიცავს მეორად წყაროებს, როგორიცაა ელექტროენერგია. ენერგიის ფასები, ენერგორესურსების მწარმოებლების შემოსავლის ეფექტიანობასთან ერთად, დიდწილად განპირობებულია მსოფლიოში ენერგიის მიწოდებითა და მოთხოვნით.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებლები, როგორც წესი, კარგი წარმადობით ხასიათდება ამ ენერგოპროდუქტების ფასების ზრდის პერიოდში, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში ენერგოკომპანიების შემოსავლები მცირდება. გარდა ამისა, ენერგეტიკის ინდუსტრია მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რაც ისტორიულად ნავთობის ფასის ცვალებადობას იწვევს.
შეერთებული შტატების ენერგეტიკულ სექტორში უმსხვილეს კომპანიებს შორისაა Exxon Mobil და Chevron, რომლებიც დიდ საერთაშორისო ინტეგრირებულ ნავთობკომპანიებს წარმოადგენს.
ენერგეტიკის სექტორის კომპანიების ტიპები
ქვემოთ მოცემულია ენერგეტიკის სექტორის კომპანიების რამდენიმე ტიპის საქმიანობა. თითოეულ მათგანს ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის ენერგიის მიწოდებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება.
- ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება/წარმოება
- მიწოდება და გადამუშავება
- სამთო მრეწველობა
- განახლებადი ენერგიის წარმოება
- ქიმიკატების წარმოება
ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება
ინვესტორებს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების სხვადასხვა ვარიანტი აქვთ — მათ შეუძლიათ ამ ინდუსტრიის კომპანიების აქციები შეიძინონ, ინვესტიცია ჩადონ ენერგეტიკის სექტორის ურთიერთდახმარების ფონდებში ან ETF-ებში და ა. შ.
ის, თუ რა გზას აირჩევენ ინვესტორები ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებისთვის, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება მათ პრეფერენციებზე და კონკრეტულ შეხედულებებზე სხვადასხვა კომპანიის ზრდისა და მოგების პერსპექტივების შესახებ. ენერგეტიკის ინდუსტრია უფრო ვრცელი და დივერსიფიცირებულია, ვიდრე უბრალოდ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრია. ბევრი ინვესტორი თვლის, რომ განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. ამიტომ, შეიძლება მრავალმა ინვესტორმა სწორედ ამ მიმართულებით ინვესტირებას მიანიჭოს უპირატესობა.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.