ტერმინი „Magnificent Seven“ („შესანიშნავი შვიდეული“) პირველად გამოყენებულ იქნა 1960 წელს ჯონ სტერჯესის მიერ გადაღებულ ვესტერნის ჟანრის ფილმში სახელწოდებით „The Magnificent Seven“. ფინანსების სამყაროში კი ეს ტერმინი ტექნოლოგიური სექტორის შვიდი მაღალეფექტიანი და გავლენიანი კომპანიის ჯგუფზე მიგვითითებს.
ეს ფრაზა ფინანსებთან დაკავშირებით პირველად გამოიყენა Bank of America-ს ანალიტიკოსმა — მაიკლ ჰარტნეტმა 2023 წელს, როდესაც ის კომენტარს აკეთებდა შვიდი კომპანიის შესახებ, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულია ბაზარზე დომინირებით, მომხმარებელთა ქცევასა და ეკონომიკურ ტენდენციებზე გავლენით.
მაშ ასე, „შესანიშნავი შვიდეული“ ასე გამოიყურება: Alphabet (GOOGL; GOOG), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT), NVIDIA (NVDA) და Tesla (TSLA).
ინვესტორებისთვის, რომლებიც განიხილავენ „Magnificent Seven“ აქციებს, აუცილებელია ბაზარზე მათი უნიკალური პოზიციების გააზრება. ეს კომპანიები ჯერ კიდევ გამოირჩევიან ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალით და ლიდერობენ ისეთ სექტორებში, როგორებიც არის ხელოვნური ინტელექტი (AI), ელექტრომობილები, ქლაუდ გამოთვლები და ციფრული სერვისები.
თუმცა ამ კომპანიებში ინვესტირება მაინც შეიცავს რისკებს, რადგან ზემოხსენებული ფაქტორები მათი აქციების ფასებში უკვე ასახულია. ასევე არსებობს ბაზრის არასტაბილურობასთან, მარეგულირებელ ცვლილებებთან, ტექნოლოგიურ შეფერხებებთან და გლობალურ ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ამ კომპანიების წარმადობაზე ზემოქმედებს.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აქციები მიმზიდველად გამოიყურება, მათში ინვესტირებამდე საჭიროა ტექნოლოგიური სექტორის პერსპექტივების გააზრება და სტრატეგიული საინვესტიციო მიდგომის შესწავლა.
„შესანიშნავი შვიდეულის“ ისტორიული წარმადობა
ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი აჩვენებს „Magnificent Seven“-ის აქციების წარმადობას ბოლო ექვსი თვის, ერთი წლის და ხუთი წლის განმავლობაში (სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის).
კომპანია | 6 თვე (%) | 1 წელი (%) | 5 წელი (%) |
Alphabet Inc. (GOOG) | 11.2% | 25.5% | 181% |
Amazon Inc. (AMZN) | (2.6%) | 19.4% | 87.3% |
Apple Inc. (AAPL) | 16.9% | 21.9% | 323.6% |
Meta Platforms Inc. (META) | 9.9% | 68.3% | 180.5% |
Microsoft Corp. (MSFT) | (2%) | 25.6% | 199% |
NVIDIA Corp. (NVDA) | 51.5% | 150.2% | 2,643% |
Tesla Inc. (TSLA) | 4.9% | (17.7%) | 1,246% |
„Magnificent Seven“-ის მამოძრავებელი ფაქტორები
კომპანიების ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც „Magnificent Seven“, ეკონომიკაში ტექნოლოგიური ცვლილებების წინა პლანზეა და ისინი მუდმივად ავითარებენ ახალ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბიზნესის ზრდას განაპირობებს. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა თვისებები, რომლებიც საერთოა „Magnificent Seven“ ჯგუფისთვის:
ადაპტაცია: თითოეული მათგანი, კვლევებსა და განვითარებაში უწყვეტი ინვესტირების წყალობით, ადაპტირებულია ბაზრის ცვალებად პირობებთან, მათ შორის მომხმარებელთა ქცევისა და ტექნოლოგიური მიღწევების ცვლილებასთან.
ფინანსური სიჯანსაღე: ყველა მათგანს ახასიათებს ფინანსური სიჯანსაღე, ძლიერი მოგება, შემოსავლების ზრდა და ჯანსაღი ბალანსი, რაც მათ ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის.
გლობალური წვდომა: „Magnificent Seven“-ის ოპერაციები და გავლენა მთელ მსოფლიოს მოიცავს, რაც ამ კომპანიებს საშუალებას აძლევს, შეაღწიონ მრავალფეროვან ბაზრებზე და სარგებელი მიიღონ საერთაშორისო ზრდისგან.
ძლიერი პოზიცია ბაზარზე: „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიებს აქვთ ძლიერი საბაზრო პოზიციები თავიანთ სექტორებში, ხშირად ფლობენ ბაზრის დომინანტურ წილს, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
ბრენდის მსოფლიო აღიარება: „Magnificent Seven“ ჯგუფის კომპანიები სარგებლობს ბრენდის ძლიერი აღიარებით და ერთგულ მომხმარებელთა ბაზით, რაც, როგორც წესი, განაპირობებს თანმიმდევრულ შემოსავალს და ახალი პროდუქტების წარმატებით წარდგენის უნარს.
„შესანიშნავ შვიდეულთან“ დაკავშირებული რისკები და გამოწვევები
როგორც ნებისმიერ სხვა ინვესტიცია, ფულის დაბანდება „Magnificent Seven“ აქციებში დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან და გამოწვევებთან. მიუხედავად მათი ძლიერი საბაზრო პოზიციებისა და ტექნოლოგიური წინსვლის ისტორიისა, ეს კომპანიები აწყდებიან წინაღობებს, რომლებმაც შეიძლება მათ წარმადობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანი:
ვალუტის კურსის რყევები: როგორც გლობალურ კომპანიებს, მათ თან ახლავს ვალუტის კურსის რყევებთან დაკავშირებული რისკები, რასაც გავლენა აქვს ამ ფირმების მოგებაზე და აქციების ფასებზე.
კიბერუსაფრთხოების საფრთხეები: როგორც ტექნოლოგიური კომპანიები, ისინი კიბერშეტევების მთავარი სამიზნეებია. მათზე განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა კიბერშეტევამ შეიძლება დიდი ფინანსური, თუ რეპუტაციული ზიანი გამოიწვიოს.
ეკონომიკური ვარდნები: გლობალურმა ეკონომიკურმა პირობებმა, როგორიცაა რეცესია ან ბაზრის ვარდნა, შეიძლება შეამციროს სამომხმარებლო ხარჯები და ბიზნეს ინვესტიციები, გარდაქმნას მათი შემოსავლები და ზრდის პერსპექტივები.
გეოპოლიტიკური დაძაბულობა და სავაჭრო პოლიტიკა: საერთაშორისო ოპერაციები ამ კომპანიებს გეოპოლიტიკური რისკების წინაშე აყენებს, მათ შორის არის სავაჭრო ომები, ტარიფები და საერთაშორისო ურთიერთობების შეცვლა. ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა იქონიოს მათ გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე და ბაზარზე წვდომაზე.
საკვანძო პერსონასთან დაკავშირებული რისკი: ამ კომპანიებიდან ზოგიერთი მჭიდრო კავშირშია დამფუძნებლებთან ან აღმასრულებელ დირექტორებთან, რომელთა წასვლამ შეიძლება შეასუსტოს ინვესტორების განწყობა და კომპანიის პოზიციები.
ბაზრის გაჯერება და კონკურენცია: ზრდასთან ერთად ამ კომპანიებს შეექმნებათ გამოწვევები, რომლებიც ახალი ბაზრების პოვნასა და მათი ზრდის ტემპების შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული. გაზრდილმა კონკურენციამ ბაზარზე დამკვიდრებული მოთამაშეებისა და განვითარებადი სტარტაპების მხრიდან ასევე შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ საბაზრო წილებს. გარდა ამისა, ისინი არიან სამიზნეები ნებისმიერი კონკურენტისთვის, რომელსაც მათ ინდუსტრიებში წილის მოპოვება სურს.
მარეგულირებელი და იურიდიული რისკები: უკვე დიდი ხანია, ტექნოლოგიურ გიგანტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო ატარებს გამოძიებებს ანტიმონოპოლიური პრობლემების, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და საგადასახადო პრაქტიკის გამო. რეგულაციების ცვლილებებს ან სამართლებრივ გამოწვევებს შეიძლება ამ კომპანიებზე მნიშვნელოვანი ფინანსური და ოპერატიული გავლენა ჰქონდეს.
ტექნოლოგიური გარღვევა: უწყვეტი და სწრაფი ცვლილებები ტექნოლოგიურ სფეროში ნიშნავს, რომ ეს კომპანიები მუდმივად უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი ცვლილებებზე, რათა ლიდერობა შეინარჩუნონ. ახალ ტექნოლოგიებთან ან ტენდენციებთან ადაპტაციის ნაკლებობამ შეიძლება საბაზრო წილის შემცირება გამოიწვიოს.
არსებობს „შესანიშნავი შვიდეულის“ ETF?
დიახ, ერთ-ერთი ასეთი ETF არის MAGS Magnificent 7 ETF, რომელიც საინვესტიციო მრჩევლის — Roundhill Investments-ის მიერ არის შექმნილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ, მათზე წვდომა მოიპოვოთ სხვა საინდექსო ფონდებში ინვესტირებით, როგორიც არის, მაგალითად, ETF-ები, რომლებიც S&P 500-ის წარმადობას იმეორებს.
სტატიაში ნახსენებ კომპანიებში და ETF-ებში ინვესტირება საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.