გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ცნობილი ამერიკული ნავთობკომპანიის — Occidental Petroleum-ის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ კომპანიის კიდევ უფრო მეტი აქცია შეიძინა, რამაც მისი წილი ენერგეტიკულ ფირმაში თითქმის 29%-მდე გაზარდა.
წლის დასაწყისიდან Occidental Petroleum-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით Berkshire Hathaway ნავთობკომპანიის აქციებს ყოველ სავაჭრო დღეს ყიდულობდა, რითაც თავისი ჰოლდინგი 7.3 მილიონი აქციით გაზარდა. დროის ამ მონაკვეთში უორენ ბაფეტის კომპანიის მიერ Occidental Petroleum-ის თითო აქციისთვის გადახდილი ფასი $59.58-დან $60.43-მდე მერყეობდა.
Berkshire Hathaway-მ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის საშუალებით გაამჟღავნა, რომ გასული ხუთშაბათიდან Occidental-ის აქციების სამ ცალკეულ შემთხვევაში შესყიდვისას $176 მილიონი გადაიხადა.
ამ ტრანზაქციების შედეგად, უორენ ბაფეტის კომპანია ამჟამად Occidental-ის დაახლოებით 255.3 მილიონ აქციას ფლობს, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნავთობკომპანიის თითქმის 29%-ს შეადგენს.
უორენ ბაფეტი ამბობს, რომ მას ნავთობკომპანიაზე კონტროლის მოპოვება არ სურს
2022 წლის აგვისტოში, Berkshire Hathaway-მ აშშ-ის მარეგულირებლისგან Occidental Petroleum-ის 50%-მდე წილის შესაძენად თანხმობა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ Berkshire ასევე ფლობს Occidental Petroleum-ის 84,897 პრივილეგირებულ აქციას და ვარანტებს1 კიდევ 83.9 მილიონი აქციის შესაძენად. შესაბამისად, შესაძლოა, ნავთობკომპანიაში Berkshire-ის წილმა 40%-ს გადააჭარბოს, თუმცა ბაფეტმა თქვა, რომ Occidental-ის შეძენას და მასზე კონტროლის მოპოვებას არ აპირებს.
ლეგენდარული ინვესტორის თქმით, მას განსაკუთრებით მოსწონს Occidental-ის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი ჰოლდინგები შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ნახშირბადის გამოყოფის შემცირების ინიციატივები. გარდა ამისა, უორენ ბაფეტი აფასებს აღმასრულებელი დირექტორის — ვიკი ჰოლუბის მიერ შესრულებულ სამუშაოს.
Occidental Petroleum-ის დაახლოებით $15.4 მილიარდის ღირებულების აქციები ნავთობკომპანიას Berkshire-ის მეექვსე უმსხვილეს ჰოლდინგად აქცევს. უორენ ბაფეტის კომპანიის პორტფელში კი პირველ ადგილს იკავებს Apple, რომელიც Berkshire-ის საბაზრო კაპიტალის დაახლოებით 20%-ს შეადგენს მას შემდეგ, რაც Berkshire-მა მაისში iPhone-ის მწარმოებელში თავისი პოზიცია შეამცირა.
Berkshire კვლავ აქტიურად არის ჩართული ენერგეტიკულ სექტორში და აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ნავთობკომპანია — Chevron უორენ ბაფეტის კომპანიის ჰოლდინგების ხუთეულში რჩება მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ თავისი პოზიციების ნაწილი ჯერ კიდევ მარტში გაყიდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Occidental Petroleum-ის აქციებს?
Occidental Petroleum-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $61.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $72.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $90.00-ს, ხოლო მინიმალური — $63.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Occidental Petroleum-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Occidental Petroleum-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] კომპანიის აქციების კონკრეტულ თარიღში, კონკრეტულ ფასად შეძენის უფლება.