გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, UiPath-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გარდა ამისა ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის მენეჯმენტმა აღმასრულებელი დირექტორის შეცვლა დააანონსა და მიმდინარე კვარტლისთვის გაყიდვების მოსალოდნელზე დაბალი პროგნოზი გამოაქვეყნა.
წლის დასაწყისიდან UiPath-ის აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში UiPath-ის შემოსავალი წლიურად 16%-ით — $335.1 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $333.88 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.13 შეადგინა (პროგნოზი — $0.12). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი კომპანიამ თითო აქციაზე $0.05-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა (პროგნოზი — -$0.04).
აღმასრულებელი დირექტორის ჩანაცვლება
UiPath-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ 1 ივნისს აღმასრულებელი დირექტორი — რობ ენსლინი თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს დაიკავებს თანადამფუძნებელი — დენიელ დაინსი, რომელმაც თანააღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 31 იანვარს დატოვა.
დენიელმა, რომელმაც 2005 წელს UiPath მარიუს ტირკასთან ერთად დააარსა, თქვა, რომ მას კვლავ სურს კომპანიის ხელმძღვანელობა. „მოხარული ვარ, რომ დავუბრუნდები აღმასრულებელი დირექტორის როლს და მოუთმენლად ველი, კომპანიას მომგებიანი ზრდისა და ინოვაციების შემდეგი ეტაპისკენ გავუძღვე“ — განაცხადა მან.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, UiPath-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $300-$305 მილიონს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს — $333 მილიონს.
კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის განმავლობაში წმინდა გაყიდვები $1.405-$1.410 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება ძველ პროგნოზს — $1.555-$1.560 მილიარდს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები UiPath-ის აქციებს?
UiPath-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $26.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UiPath-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 121%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
UiPath-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.