მას შემდეგ, რაც გუშინ, Twitter-მა მილიარდერ ილონ მასკისგან დაახლოებით $44 მილიარდის ტოლი შესყიდვის წინადადება ოფიციალურად მიიღო, სოციალური მედიის კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.
ტვიტერის აქციების ფასი ამ თვეში 30%-ზე მეტით გაიზარდა, ზრდის უმეტესი ნაწილი კი მას შემდეგ მოხდა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში ილონ მასკმა პირველად გააჟღერა სოციალური მედიის პლატფორმის შესყიდვის სურვილი.
Twitter-ის დირექტორთა საბჭომ კომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა და მიიღო მასკის თავდაპირველი შეთავაზება, რომელიც თითო აქციაზე $54.20-ს შეადგენს, რაც კომპანიას, შესაბამისად, დაახლოებით $44 მილიარდად აფასებს. ტრანზაქცია საბჭომ ერთხმად დაამტკიცა და გარიგება, სავარაუდოდ, 2022 წელს, მოგვიანებით, აქციონერთა დასტურის შემდეგ დაიხურება.
ბოლო დრომდე მოსალოდნელი იყო, რომ ტვიტერი მასკის შეთავაზებაზე უარს იტყოდა. კომპანიამ, ამ შესყიდვის თავიდან ასაცილებლად „შხამიანი აბიც“ (poison pill) კი გამოიყენა.
CFRA-ის კაპიტალის ანალიტიკოსის – ანჯელო ზინოს თქმით, სავარაუდოდ, დირექტორთა საბჭომ გააცნობიერა, რომ ბოლო კვირებში/თვეებში დაფიქსირებული სოციალური მედიის კომპანიების აქტივების ფასების შემცირების ტენდენციის ფონზე, ილონ მასკის შეთავაზება იშვიათი ხელსაყრელი შესაძლებლობა იყო. მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად Twitter-ის მიერ „შხამიანი აბის“ ტაქტიკის გამოყენებისა, როგორც ჩანს, მასკმა დირექტორთა საბჭო კუთხეში მიიმწყვდია.
უოლ სტრიტის ანალიტიკოსების აზრი დიდწილად გაიყო მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ტვიტერის შესყიდვის სურვილი გამოთქვა. ზოგიერთმა ექსპერტმა იწინასწარმეტყველა, რომ „საპნის ოპერა“ მასკის მიერ კომპანიის შეძენით დასრულდებოდა, სხვები კი ამ შეთავაზების მიმართ კვლავ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ანალიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, უმჯობესი იქნება ტვიტერის აქციების შენარჩუნება, რადგან ბაზარი მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდება.