მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, The Trade Desk-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი სარეკლამო ტექნოლოგიების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 45%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
2023 წლის მესამე კვარტალში Trade Desk-ის ფინანსურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს აჯობა. კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 25%-ით — $493 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $486.9 მილიონს.
გარდა ამისა, Trade Desk-ის მენეჯმენტი მოელოდა, რომ კომპანიის კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $184 მილიონს შეადგენდა, მაგრამ რეალურმა შედეგმა — $200 მილიონი — ამ მაჩვენებელს გადააჭარბა.
კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.33-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.29). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $0.08 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს შეესაბამებოდა.
Trade Desk ინვესტორებში იშვიათად იწვევს იმედგაცრუებას მაშინ, როდესაც საქმე საკუთარი პროგნოზების გადაჭარბებას ეხება და მესამე კვარტალშიც ასე მოხდა, რაც ნიშნავს, რომ ბაზრის ნეგატიური რეაქციას ამასთან საერთო არაფერი ჰქონდა. სარეკლამო ტექნოლოგიების კომპანიის აქციებზე ნეგატიური გავლენა მომავლის პერსპექტივებმა იქონია.
მეოთხე კვარტლისთვის The Trade Desk-ის მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი $580 მილიონს მიაღწევს. ეს წლიდან წლამდე 18%-იანი ზრდა იქნება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის ფინანსური შედეგები, როგორც წესი, მენეჯმენტის მოლოდინებს აჭარბებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზრდის ტემპი რეალურად ოდნავ მაღალი იქნება.
გარდა ამისა, Trade Desk-ის ფინანსური დირექტორი — ლორა შენკეინმა განაცხადა: „მეოთხე კვარტლის დასაწყისში უფრო მეტ მაკროეკონომიკურ გაურკვევლობას წავაწყდით“. ინვესტორებს კი, რა თქმა უნდა, გაურკვევლობა არ მოსწონთ.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ კვარტალური შემოსავლის 18%-იანი ზრდა ჯანსაღი ჩანს, როგორც ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს, Trade Desk-ისთვის ეს არის ყველაზე ნელი ზრდის ტემპი გარდა COVID-19-ის პანდემიის დაწყების პერიოდისა.
მიუხედავად ამისა, ბიზნესი მაინც იზრდება და ბაზრის მეტ წილს იკავებს. სარეკლამო ტექნოლოგიების ინდუსტრია კი, როგორც ჩანს, შესანიშნავად არის პოზიციონირებული გრძელვადიანი ზრდისთვის.
Trade Desk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $64.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $81.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Trade Desk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.