ხვალ Tesla გამართავს აქციონერთა ყოველწლიურ კრებას, სადაც ელექტრომობილების მწარმოებლის ინვესტორები კენჭს უყრიან ილონ მასკისთვის $55.8 მილიარდის ოდენობით ანაზღაურების პაკეტის ხელახლა დამტკიცების საკითხს.
კომპენსაციის გეგმა ინვესტორებმა 2018 წელს დაამტკიცეს, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში ეს გადაწყვეტილება გააუქმა „კაპიტალის სასამართლომ“, რომელმაც მხარი დაუჭირა მომჩივან ინვესტორს. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ მასკის კომპენსაცია გადაჭარბებული იყო.
გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ილონ მასკის რეიტინგზე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის, ისევე როგორც Tesla-ს აქციების ფასზე. Jefferies-ისა და Piper Sandler-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმამ, შესაძლოა, Tesla-ს აქციების ფასი შეამციროს.
მომხრეები აცხადებენ, რომ მასკმა ეს ანაზღაურება დაიმსახურა
2018 წელს ინვესტორების მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, მასკისთვის $55.8 მილიარდის მოცულობის ანაზღაურების გადახდა დამოკიდებული იყო Tesla-ს მიერ $650 მილიარდის ტოლი საბაზრო კაპიტალიზაციის, ამასთან შემოსავლისა და მომგებიანობის გარკვეული მიზნების მიღწევაზე. Tesla-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ გეგმამ მასკს „ტრანსფორმაციული და უპრეცედენტო ზრდის სტიმული მისცა“.
„ექვს წელზე ნაკლებ პერიოდში ილონმა აქციონერებს მთლიანობაში თითქმის 1,100%-იანი ანაზღაურება მოუტანა. თუ იგი უპრეცედენტო ზრდას ვერ მიაღწევდა, ნულოვან კომპენსაციას მიიღებდა. მას იმედები არ გაუცრუებია“ — განაცხადეს გასულ თვეში Tesla-ს წარმომადგენლებმა.
Baron Capital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — რონ ბარონმა კენჭისყრამდე Tesla-ს სხვა ინვესტორებისთვის განკუთვნილ წერილში თქვა, რომ მასკმა ეს ანაზღაურება დაიმსახურა.
„აქციონერებმა საკუთარ თავებს ეს კითხვა უნდა დაუსვან: Tesla უკეთესია ილონთან ერთად, თუ — მის გარეშე? Baron Capital-ისთვის პასუხი ნათელია: Tesla მასთან ერთად უკეთესია. Tesla არის ილონ მასკი“ — განაცხადა რონ ბარონმა.
Tesla-მ ასევე ხაზი გაუსვა მხარდაჭერას მსხვილი ფირმებისგან — T. Rowe Price, Baird და Egan-Jones — ასევე ისეთი ცნობილი ადამიანებისგან, როგორებიც არიან უორენ ბაფეტი და ჯიმ კრეიმერი.
მოწინააღმდეგეები
მოსამართლესა და ინვესტორებთან ერთად, რომლებმაც მასკის კომპენსაციის გეგმა გადაჭარბებულად მიიჩნიეს, ინსტიტუციური ინვესტორების ნდობით აღჭურვილმა მრჩევლებმა რეკომენდაცია გაუწიეს ხმის მიცემას კომპენსაციის გაცემის წინააღმდეგ. აქციონერთა ინსტიტუციურმა სერვისებმა (ISS) ასევე მოუწოდა ინვესტორებს, უარი თქვან კომპენსაციის გეგმაზე.
Bernstein-ის ანალიტიკოსების აზრით, რომლებმაც Tesla-ს აქციებს გაყიდვის რეკომენდაცია მიანიჭეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ილონ მასკის $56 მილიარდის მოცულობის ანაზღაურების პაკეტს აქციონერთა საჭირო რაოდენობამ მხარი დაუჭიროს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $176.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $172.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.