დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტი — Apple კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, ინვესტორები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან გაყიდვების შედეგებს ჩინეთის რეგიონში და განახლებებს, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან (AI).
უოლ სტრიტის მოლოდინები
Visible Alpha-ს მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში iPhone-ის მწარმოებლის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $84.44 მილიარდამდე გაიზრდება. ასევე მოსალოდნელია, რომ Apple-ის წმინდა მოგება $20.66 მილიარდს, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.35-ს მიაღწევს. შედარებისთვის, 2023 წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $19.88 მილიარდი და $1.26 შეადგინა.
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2024 წლის II კვ. | 2023 წლის III კვ. |
შემოსავალი | $84.44 მილიარდი | $90.75 მილიარდი | $81.8 მილიარდი |
განზავებული EPS | $1.35 | $1.53 | $1.26 |
წმინდა მოგება | $20.66 მილიარდი | $23.64 მილიარდი | $19.88 მილიარდი |
საკვანძო მაჩვენებელი: გაყიდვები ჩინეთში
ბოლო პერიოდში ჩინეთში გაყიდვების შენელების შესახებ ეჭვებმა Apple-ის აქციების ფასებზე ნეგატიურად იმოქმედა. თუმცა ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, მესამე კვარტალი ვარდნის დასასრული იყოს.
ადრე iPhone-ის მწარმოებელთან დაკავშირებით არსებობდა ეჭვები, რომელიც ჩინეთის რეგიონში გაზრდილი კონკურენციით იყო გამოწვეული. თუმცა, ბოლოდროინდელმა მიწოდების მაჩვენებლებმა ეს ეჭვები შეამსუბუქა. გასულ თვეში გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში iPhone-ების მიწოდება 45.2 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი 44.5 მილიონს შეადგენდა. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთში Apple-ის ბაზრის წილი 16.6%-დან 15.8%-მდე შემცირდა.
ფინანსური კვლევისა და ანალიზის ფირმის — CFRA-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, მათი აზრით, ჩინეთის რეგიონში კომპანიის ბედი შემოტრიალდება. მათ ხაზი გაუსვეს ქვეყანაში iPhone-ების გაზრდილ მიწოდებას, რაც გამოწვეულია ფასების შემცირებით.
Visible Alpha-ს მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მესამე კვარტალში ჩინეთში Apple გაყიდვების წლიურ 2.6%-იან შემცირებას დააფიქსირებს.
iPhone 16
სავარაუდოდ, Apple iPhone 16-ს სექტემბერში გამოუშვებს. ასევე მოსალოდნელია, რომ კომპანიის ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები ოქტომბერში გახდება ხელმისაწვდომი.
Wedbush-ის ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, Apple-ის (AAPL) საბაზრო კაპიტალიზაციამ $4 ტრილიონს მიაღწიოს iPhone-ის განახლების ციკლის მოახლოებასთან ერთად, რაც გამოწვეულია სწორედ ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობებით აღჭურვილი iPhone 16-ის გამოშვებით.
Apple-ის მიერ ახლახან დაანონსებულმა iOS 18-მა, Apple Intelligence-თან და OpenAI-სთან პარტნიორობასთან ერთად, ასევე მოსალოდნელია, შექმნას მონეტიზაციის ახალი შესაძლებლობები და გაზარდოს კომპანიის აქციების ღირებულება.
„უოლ სტრიტი ახლა იწყებს ნელ-ნელა იმის აღიარებას, რომ კომპანია, Apple Intelligence-ის საშუალებით, სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის კარიბჭე იქნება“ — განაცხადეს Wedbush-ის ანალიტიკოსებმა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები 2.2 მილიარდ iOS მოწყობილობას და 1.5 მილიარდ iPhone-ს ფლობენ.
Wedbush-ში ვარაუდობენ, რომ სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტის ათვისების ტალღა შეიძლება სწორედ iPhone 16-ის საშუალებით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყოს. ასევე აღსანიშნავია, რომ, ანალიტიკოსების შეფასებებით, iPhone-ის 270 მილიონ მომხმარებელს სმარტფონი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ განუახლებია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $221.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $240.61-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $180.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.