ცნობილი კომპანიების მიერ აქციების დაყოფის ფაქტები გრძელდება. მას შემდეგ, რაც ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა — Nvidia-მ აქციები 1/10 პროპორციით დაყო, Broadcom-ის მენეჯმენტმაც განაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. Nvidia-ს შემდეგ, ალბათ, უოლ სტრიტზე ყველაზე მეტად მსხვილი სარესტორნო ქსელის — Chipotle Mexican Grill-ის აქციების დაყოფას მოელიან.
აი, როგორ იმუშავებს Chipotle-ის აქციების დაყოფა და რას შეიძლება ნიშნავდეს ის
აქციების დაყოფა არის მოვლენა, როდესაც კომპანია აქციონერებზე გასცემს ახალ წილობრივ საკუთრებებს, ზრდის აქციების რაოდენობას ბაზარზე. ამის შემდეგ აქციები ბაზარზე უფრო დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი. აქციების რაოდენობა და ფასი უკუპროპორციულად იცვლება, რათა ინვესტორის პორტფელის მთლიანი ღირებულება უცვლელი დარჩეს.
Chipotle-ის შემთხვევაში აქციები 1/50 შეფარდებით იყოფა, შესაბამისად, თითოეულ ინვესტორს, რომელიც 25 ივნისის მდგომარეობით კომპანიის აქციონერთა რიგებში იქნება, დამატებით 49 აქცია გადაეცემა. მათ პორტფელში Chipotle-ის 50-ჯერ მეტი აქცია იქნება, თუმცა მათი ფასი, შესაბამისად, 50-ჯერ შემცირდება.
ამრიგად, ეს ნაბიჯი პირდაპირ არ ზემოქმედებს საინვესტიციო პორტფელის ღირებულებაზე, მაგრამ ამ მოვლენას მაინც შეუძლია, გავლენა იქონიოს მასზე. ფასის შემცირება ხსნის ბარიერს ბევრი საცალო ინვესტორისთვის, რამაც შეიძლება კომპანიის აქციების მსურველთა რაოდენობა გაზარდოს. რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჩნდება პოტენციალი, რომ ამ პროცესმა აქციების ფასზე დადებითად იმოქმედოს, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს.
გარდა ამისა, ეს მოკლევადიანი აზროვნებაა. სჯობს, ინვესტორებმა, ამაზე ფიქრის და აქციების ყიდვისთვის საუკეთესო მომენტის გამოცნობის ნაცვლად, ყურადღება გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის ღირებულებაზე გაამახვილონ.
Chipotle თავის კოლეგებს ზრდაში ჯაბნის
აშშ-ში სწრაფი მომსახურების რესტორნის (QSR) ბაზარზე უამრავი კომპანია ოპერირებს. Chipotle კონკურენციას უწევს ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არის McDonald’s და Yum!. ეს უკანასკნელი ფლობს ქსელებს — KFC და Taco Bell. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Chipotle-მა შემოსავლის შთამბეჭდავი ტემპით ზრდა მოახერხა. შედარება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე იხილოთ.
ამასთან, ძლიერი ზრდა თანმიმდევრული იყო თუნდაც რთულ პერიოდებში. 2020 წელს, როდესაც COVID-19 პანდემიამ სარესტორნო ბიზნესი დააზარალა, Chipotle-მა მაინც მოახერხა შემოსავლების 7%-ზე მეტით გაუმჯობესება. შედარებისთვის, იმავე წელს McDonald’s-ის შემოსავალი 10%-ზე მეტით შემცირდა. ფაქტი, რომ კომპანია კრიზისს ასე კარგად უმკლავდება მის მტკიცე ლიდერობაზე მიუთითებს.
როგორც ჩანს, ეს აღმასვლა გაგრძელდება. Chipotle-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს კომპანიის მოგება თითო აქციაზე (EPS) დაახლოებით 53%-ით გაუმჯობესდება. ეს თითქმის ოთხჯერ აღემატება McDonald’s-ის მოსალოდნელ ზრდას.
სიფრთხილის გარკვეული მიზეზები არსებობს
Cihpotle-ის შთამბეჭდავ ზრდა, რა თქმა უნდა, ვერ უარვყოფთ. თუმცა, არსებობს ბიზნესის გარკვეული ასპექტები, რომლებიც არც თუ ისე კარგად გამოიყურება. შემოსავლების წარმოუდგენელი ზრდა ძირითადად განპირობებულია ლოკაციების გაფართოებით. თუ გადახედავთ ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებს1, 2024 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი წლიურად 7%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში შემოსავალმა 14.1%-ით მოიმატა.
მისი აქციების ფასი ასევე მნიშვნელოვნად უფრო ძვირად არის შეფასებული McDonald’s-თან და Yum!-თან შედარებით. ინვესტორები მოელიან, რომ კომპანია განაგრძობს ზრდას, რათა ეს შეფასება გამართლებული იყოს.
ბოლო კვარტალური ანგარიში
Chipotle-მა ბოლო კვარტალური შედეგები 24 აპრილს გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი | 2024 წლის I კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის I კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
მოგება თითო აქციაზე (EPS) | $13.01 | $11.69 | $10.50 | +23.9% |
შემოსავალი | $2.7 მლრდ. | $2.68 მლრდ. | $2.36 მლრდ. | +14.1% |
ახალი რესტორნები | 47 | არ არის ცნობილი | 41 | +14.6% |
ციფრული გაყიდვების პროცენტული წილი | 36.5% | არ არის ცნობილი | არ არის ცნობილი | არ არის ცნობილი |
რესტორნის დონის საოპერაციო მარჟა | 27.5% | არ არის ცნობილი | 25.6% | +190% |
Chipotle-მა პირველ კვარტალში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევის დაფიქსირება შეძლო:
- მენიუს ახალი ელემენტების შემოღებამ და მომსახურების სიჩქარის გაუმჯობესებამ გაყიდვების და ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
- ციფრული ინიციატივები და Chipotlanes-ის გაფართოება აჩვენებს Chipotle-ის ერთგულებას მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ კვარტალში გახსნილი 47 რესტორნიდან 43 „drive-thru“ სერვისს მოიცავს.
- ინგრედიენტების მზარდი ხარჯების ზეწოლის მიუხედავად, Chipotle-მა წარმატებით მოახერხა კვების დანახარჯების მართვა, რამაც ხელი შეუწყო პოზიტიური მარჟების დაფიქსირებას. საკვების, სასმლისა და შეფუთვის ხარჯებმა პირველ კვარტალში მთლიანი შემოსავლის 28.8% შეადგინა, რაც წლიურად დაახლოებით 40 საბაზისო პუნქტით შემცირებას გულისხმობს.
ეს ფაქტები ხაზს უსვამს Chipotle-ის უნარს, ადაპტირდეს და გაიზარდოს კონკურენტულ ბაზარზე.
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს 285-315 ახალი რესტორნის გახსნას და მათ უმეტესობაში ხელმისაწვდომი იქნება „drive-thru“ სერვისი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Chipotle-ის აქციებს?
Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $3,194.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $3,300.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $3,888.00-ს, ხოლო მინიმალური — $2,700.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chipotle Mexican Grill-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Chipotle-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.