11 იანვრიდან აშშ-ის ბირჟებზე ბიტკოინების სპოტ1 ETF-ებით (გაცვლითი სავაჭრო ფონდები) ვაჭრობა შესაძლებელი გახდა, რადგან შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) ამ საკითხზე თანხმობა განაცხადა.
ბირჟაზე ვაჭრობისთვის დაშვებულია 11 Spot Bitcoin ETF
მარეგულირებელმა ბირჟაზე შემდეგი პროდუქტები დაუშვა:
- Blackrock’s iShares Bitcoin Trust (IBIT)
- ARK 21Shares Bitcoin ETF (ARKB)
- WisdomTree Bitcoin Fund (BTCW)
- Invesco Galaxy Bitcoin ETF (BTCO)
- Bitwise Bitcoin ETF (BITB)
- VanEck Bitcoin Trust (HODL)
- Franklin Bitcoin ETF (EZBC)
- Fidelity Wise Origin Bitcoin Trust (FBTC)
- Valkyrie Bitcoin Fund (BRRR)
- Grayscale Bitcoin Trust (GBTC)
- Hashdex Bitcoin ETF (DEFI)
ინვესტორების მოზიდვის მიზნით, SEC-ის დასტურამდე, ბევრმა ემიტენტმა შეამცირა ან საერთოდ გააუქმა თავისი spot bitcoin ETF-ის საკომისიო გადასახადი.
გრძელი გზა Spot Bitcoin ETF-ებისთვის
შეერთებულ შტატებში spot bitcoin ETF-ებმა, დასტურის მიღებამდე, გრძელი გზა გაიარა. მოგზაურობა დაიწყო 2013 წელს, როდესაც ტყუპ ვინკელვოსებთან (კამერონ და ტაილერ ვინკელვოსები — ამერიკელი ინვესტორები) დაკავშირებულმა ორგანიზაციამ ასეთი ფინანსური პროდუქტის დასანერგად SEC-ს პირველი განაცხადი გაუგზავნა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს განაცხადი საბოლოოდ უარყოფილ იქნა, ბიტკოინის ფიუჩერსულ2 პროდუქტებზე დაფუძნებული ETF-ები SEC-მა 2021 წელს დაუშვა ბირჟებზე. მას შემდეგ ბიტკოინის სპოტ ETF-ებზე განაცხადების დიდი რაოდენობა უარყოფილ იქნა იმ მოტივით, რომ ბიტკოინის უკონტროლო ბუნება ინვესტორებს ძალიან დიდ რისკს უქმნის. კრიპტო აქტივების მართვის კომპანიამ — Grayscale-მა საბოლოოდ SEC-ს უჩივლა კიდეც, რათა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია ეიძულებინა, ამ საკითხისთვის მეტი ნათელი მოეფინა.
თუმცა გასული წლის ივნისში ამ იდეის ირგვლივ იმპულსი Blackrock-ის განაცხადმა შეკრიბა. როდესაც ტრადიციული ფინანსების წარმომადგენელი საინვესტიციო გიგანტი ასპარეზზე გამოვიდა მის გზას სხვა კომპანიებიც მიჰყვა, როგორებიც არის Fidelity და Franklin Templeton. ეს მოვლენები განიხილებოდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ spot ETF-ები მარეგულირებლისგან საბოლოოდ დასტურს მიიღებდა.
რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?
SEC-ის თავმჯდომარემ — გერი ჯენსლერმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ ამ საინვესტიციო პროდუქტში ფულის დაბანდებამდე აუცილებლად უნდა განიხილონ მასთან დაკავშირებული რისკები.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ბირჟებზე ბიტკოინის გარკვეული სპოტ ETF-ებით ვაჭრობა დავუშვით, ჩვენ ზოგადად ბიტკოინზე დასტური არ განგვიცხადებია. ინვესტორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ უამრავ რისკს, რომლებიც ბიტკოინს ან კრიპტოზე მიბმულ საინვესტიციო პროდუქტებს უკავშირდება“ — თქვა ჯენსლერმა განცხადებაში.
Spot bitcoin ETF ინვესტორებს საშუალებას მისცემს, ETF-ები თავიანთ საბროკერო ანგარიშზე იქონიონ, რაც აქამდე შესაძლებელი არ იყო.
Bloomberg Intelligence-ის შეფასებით, ბიტკოინის სპოტ ETF ბაზარი დროთა განმავლობაში შეიძლება $100 მილიარდამდე გაიზარდოს. ფინანსური სერვისების პროვაიდერ Galaxy-ში კი მიიჩნევენ, რომ spot bitcoin ETF პროდუქტებში დაბანდებულმა ფულმა, შესაძლოა, პირველ წელს $14 მილიარდი, ხოლო სამი წლის განმავლობაში $39 მილიარდი შეადგინოს.
[1] სპოტ ბაზარზე ფინანსური ინსტრუმენტები, როგორებიც არის საქონელი, ვალუტა და ფასიანი ქაღალდები, ივაჭრება დაუყოვნებლივ მიწოდებისთვის.
[2] კრიპტო ფიუჩერსული კონტრაქტი წარმოადგენს კრიპტოვალუტის წინასწარ განსაზღვრულ ფასად კონკრეტულ მომავალ თარიღში ყიდვის/გაყიდვის შეთანხმებას.