გუშინ ელექტრონული კომერციის მზარდი ჩინური კომპანიის — PDD Holdings-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 79%-ით არის გაუმჯობესებული.
რაც შეეხება გუშინდელი ზრდის მიზეზს, კვირას აშშ-ში გამართულ სუპერთასზე წარმოდგენილი იყო კომერციული რეკლამის განმთავსებლების გრძელი სია. ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განმეორებად რეკლამაში კი ნაჩვენები იყო ონლაინ შოპინგი ვებსაიტ Temu-ზე, რომელიც, PDD Holdings-ს ეკუთვნის.
Temu აერთიანებს სოციალური შოპინგის ელემენტებს და ხშირად აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, საქონელი, ალტერნატიულ პლატფორმებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინონ. უკვე დიდი ხანია, რაც Temu ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ აპლიკაცია ახლა სწრაფად ითვისებს აშშ-სა და სხვა ბაზრებს.
Temu-ს რეკლამა
ამ სიახლეს PDD Holdings-ის აქციების მკვეთრი ზრდა არ გამოუწვევია. თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორები დადებითად რეაგირებენ რეკლამაზე და მოკრძალებულად ყიდულობენ აქციებს იმ იმედით, რომ ეს სვლა კომპანიას აშშ-ში უამრავ ახალ მომხმარებელს შესძენს.
სარეკლამო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Temu-მ, დიდი თამაშის განმავლობაში 30 წამიანი რეკლამის სამჯერ გასაშვებად, $21 მილიონი დახარჯა. CNN კი იტყობინება, რომ სარეკლამო ბიძგის პარალელურად კომპანიის მიერ გაცემული კუპონების და სხვა წამახალისებელი აქტივობების ღირებულებამ დაახლოებით $15 მილიონს მიაღწია.
მთლიანობაში $36 მილიონი საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ ისეთი კომპანიისთვის, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $170 მილიარდს, ხოლო წლიური შემოსავალი $28 მილიარდს აჭარბებს, ეს არც ისე ბევრია და, ალბათ, ასეთი ინვესტიცია ღირს კიდეც უზარმაზარ აუდიტორიაზე წვდომის მისაღებად. ასეთ ღონისძიებაზე უამრავი პოტენციური მომხმარებელი ხედავს, რომ არსებობს ელექტრონული კომერციის ისეთი გიგანტის ალტერნატივა, როგორიც Amazon-ია. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს სუპერ თასზე არც ერთი რეკლამა არ გაუშვია.
ანალიტიკოსების შეფასებები
PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $132.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $176.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $226.00-ს, ხოლო მინიმალური — $117.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 34%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
PDD Holdings-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.