Alphabet-ის (GOOGL) Google-მა იურიდიული გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის (EU) გენერალურმა სასამართლომ გააუქმა 2019 წელს დაწესებული თითქმის 1.5 მილიარდი ევროს ($1.7 მილიარდი) ოდენობის ჯარიმა. საძიებო სისტემის გიგანტს ბრალად ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება და კონკურენტების რეკლამების შეზღუდვა ედებოდა.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ „დაუშვა შეცდომები თავის შეფასებაში“ რეკლამების განმთავსებლებთან Google-ის სარეკლამო კონტრაქტების ხანგრძლივობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Alphabet-ის Google-ის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა 2.4 მილიარდი ევროს (2.7 მილიარდი დოლარი) ოდენობით ჯარიმა, რომელიც მას ბაზარზე თავისი დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის დაეკისრა.
ევროპის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ევროკომისიის (ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს) გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული.
ევროკომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ Google-მა, როგორც საძიებო სისტემამ, ბოროტად გამოიყენა თავისი დომინირება ბაზარზე, რათა კომპანიის სხვა პროდუქტებისთვის, კონკურენტებთან შედარებით, უპირატესობა მიენიჭებინა.
ევროკომისიის წევრმა — მარგრეტე ვესტაგერმა, რომელიც პასუხისმგებელია კონკურენციის პოლიტიკაზე, განაცხადა: „Google-მა შექმნა მრავალი ინოვაციური პროდუქტი და სერვისი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა და ეს შესანიშნავია. თუმცა კომპანიამ ბოროტად გამოიყენა საკუთარი, როგორც საძიებო სისტემის, დომინანტური პოზიცია თავისი სავაჭრო სერვისის კონკურენტების ანალოგიურ პროდუქტებზე უკეთ წარმოჩენის მიზნით“.
რას ამბობენ Google-ში?
„ეს საქმე ეხება მხოლოდ ტექსტური საძიებო რეკლამების ძალიან ვიწრო ქვეჯგუფს, რომლებიც განთავსებულია გამომცემლების შეზღუდული რაოდენობის ვებგვერდებზე“ — განაცხადეს Google-ის წარმომადგენლებმა.
„ჩვენს კონტრაქტებში ცვლილებები, შესაბამისი დებულებების ამოღების მიზნით, ჯერ კიდევ 2016 წელს, კომისიის გადაწყვეტილებამდე, შევიტანეთ. მოხარულები ვართ, რომ სასამართლომ თავდაპირველ დასკვნაში შეცდომები აღმოაჩინა და ჯარიმა გააუქმა. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ სრულ გადაწყვეტილებას“ — ამბობენ კომპანიაში.
2022 წელს ევროკავშირმა დაამტკიცა ციფრული ბაზრების აქტი (DMA), რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას. 2024 წლის 6 მარტს კი რეგულირებადი სუბიექტებისთვის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ვადა დასრულდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $160.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $201.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.