გუშინ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Alphabet-ის (GOOGL) Google-ის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა 2.4 მილიარდი ევროს (2.7 მილიარდი დოლარი) ოდენობით ჯარიმა, რომელიც მას ბაზარზე თავისი დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის დაეკისრა.
ევროპის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ევროკომისიის (ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს) გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული.
ევროკომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ Google-მა, როგორც საძიებო სისტემამ, ბოროტად გამოიყენა თავისი დომინირება ბაზარზე, რათა კომპანიის სხვა პროდუქტებისთვის, კონკურენტებთან შედარებით, უპირატესობა მიენიჭებინა.
ევროკომისიის წვერმა — მარგრეტე ვესტაგერმა, რომელიც პასუხისმგებელია კონკურენციის პოლიტიკაზე, განაცხადა: „Google-მა შექმნა მრავალი ინოვაციური პროდუქტი და სერვისი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა და ეს შესანიშნავია. თუმცა კომპანიამ ბოროტად გამოიყენა საკუთარი, როგორც საძიებო სისტემის, დომინანტური პოზიცია თავისი სავაჭრო სერვისის კონკურენტების ანალოგიურ პროდუქტებზე უკეთ წარმოჩენის მიზნით“.
აღსანიშნავია, რომ გუშინ Apple-ს (AAPL) დაეკისრა 13 მილიარდი ევროს ($14.4 მილიარდი) მოცულობის გადასახადი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტექნოლოგიური გიგანტისთვის ირლანდიური საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ.
Google-ის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს განაჩენი ეხება ძალიან კონკრეტულ ფაქტებს. ჩვენ, ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობისთვის, ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წელს განვახორციელეთ. ჩვენი მიდგომა წარმატებით მუშაობდა შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც გამოიწვია მილიარდობით დაწკაპუნება კონკურენტების 800-ზე მეტ სავაჭრო სერვისზე“ — აცხადებენ Google-ში.
გასულ კვირას, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა Google-მა დაარღვია კონკურენციის კანონები თავისი გავლენის ბოროტად გამოყენებისა და ანტიკონკურენტული პრაქტიკის დანერგვით. CMA-ს თქმით, ამის მიზანი კომპანიის რეკლამირების ბაზრის უპირატესად წარმოჩენაა.
გარდა ამისა, გასული თვის დასაწყისში აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ Alphabet-ის Google-მა, თავისი საძიებო სისტემის საშუალებით, ანტიმონოპოლიური კანონი დაარღვია. მოსამართლე ამიტ მეჰტამ 2020 წელს შეტანილ სარჩელზე მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს (DOJ) სასარგებლოდ და დაადგინა, რომ Google-მა დაარღვია შერმანის აქტი1 შეერთებულ შტატებში პროდუქტის ორ ბაზარზე — საძიებო სერვისები და ტექსტური რეკლამა — მონოპოლიის შენარჩუნებით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამას ექსკლუზიური განაწილების ხელშეკრულებების საშუალებით მიაღწია.
Google-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას უპასუხა და X პლატფორმაზე (ადრე ცნობილი, როგორც Twitter) კომპანიის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტის — კენტ უოლკერის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:
„ეს გადაწყვეტილება აღიარებს, რომ Google გთავაზობთ საუკეთესო საძიებო სისტემას, მაგრამ ასკვნის — კომპანიას არ აქვს უფლება, ის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს. ჩვენ ვაფასებთ სასამართლოს დასკვნას, რომ Google არის „ინდუსტრიაში უმაღლესი ხარისხის საძიებო სისტემა, რომელმაც Google-ის ასობით მილიონი ყოველდღიური მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა“; რომ Google „დიდი ხანია არის საუკეთესო საძიებო სისტემა, განსაკუთრებით მობილურ მოწყობილობებში“; რომ კომპანია „განაგრძობს საძიებო სისტემაში ინოვაციების დანერგვას“ და რომ „Apple და Mozilla Google-ის ძიების ხარისხს, მის კონკურენტებთან შედარებით, უპირატესად მიიჩნევენ“. ამ პროცესის განვითარებასთან ერთად, ჩვენ დავრჩებით ორიენტირებულები ისეთი პროდუქტების წარმოებაზე, რომლებსაც ადამიანები გამოსადეგად და მარტივი გამოსაყენებლად მიიჩნევენ“.
აღსანიშნავია, რომ Google-ის მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგი შეიძლება თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში არ დადგეს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $149.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $203.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] შერმანის ანტიმონოპოლიური აქტი წარმოადგენს აშშ-ის საეტაპო კანონს, რომელიც კრძალავს ბიზნესებს შეთანხმებას ან გაერთიანებას მონოპოლიის შესაქმნელად.