გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ელექტრომობილების (EV) მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით არის დაკლებული.
გუშინდელი აღმასვლა განაპირობა Deutsche Bank-ის ანალიტიკოსის — ედისონ იუს დადებითმა შეფასებებმა.
Tesla-ს უნიკალური ფასეულობა
ედისონი თვლის, რომ ტესლას თითო აქცია $295 ღირს. ილონ მასკის კომპანიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა უოლ სტრიტზე და გულისხმობს კიდევ 32%-იან ზრდას ბოლო საფასო ნიშნულიდან. ედისონ იუს ასეთი პოზიცია ეფუძნება მის მოსაზრებას, რომ Tesla არა მხოლოდ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია, არამედ ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც შეიძლება რამდენიმე ინდუსტრიამ გამოიყენოს.
Tesla-ს ყოველთვის ჰქონდა ბიზნეს სეგმენტები, რომლებიც განცალკევებულია, მაგრამ მის ელექტრომობილების მიმართულებას ავსებს. ეს მოიცავს მის EV დამტენების ქსელს, ასევე ენერგიის შენახვას და რობოტიკას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Tesla-ს შემოსავალმა ენერგიის გამომუშავებისა და შენახვის მიმართულებით წლიურად 2-ჯერ მოიმატა და $3 მილიარდს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ედისონ იუ ფიქრობს, რომ Tesla-ს ლიდერობა ხელს შეუწყობს ამ და სხვა სეგმენტების გაძლიერებას. მისი თქმით, ტესლა „საკუთარ ლიგაში თამაშობს და ის მზად არის, შეცვალოს მრავალი ინდუსტრია, როგორებიც არის ავტომობილების წარმოება, ენერგეტიკა, მობილობა და რობოტიკა“.
თუ ედისონის ვარაუდები გამართლება და Tesla-ს რობოტები სხვადასხვა ინდუსტრიაში იქნება გამოყენებული, ასევე ავტომობილების თვითმართვის სისტემა საბოლოოდ რობოტაქსების ფლოტის შექმნას გამოიწვევს, მაშინ ილონ მასკის კომპანია სრულიად სხვა სიმაღლეებს მიაღწევს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსის პროგნოზების გამართლების შემთხვევაში შეიძლება Tesla-ს ღირებულება ნავარაუდევზე ბევრად მეტად გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ Tesla-მ 2024 წლის მეორე კვარტლის ანგარიში 23 ივლისს გამოაქვეყნა. ძირითადი მაჩვენებლები კი შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახოთ:
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზი | 2023 წლის II კვ. |
შემოსავალი | $25.5 მილიარდი | $24.93 მილიარდი | $24.93 მილიარდი |
განზავებული EPS | $0.52 | $0.50 | $0.78 |
როგორ აფასებს უოლ სტრიტის Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $226.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $211.46-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.