ფინანსურ სამყაროში არის რამდენიმე განსაკუთრებული ამბავი, რომელიც მომავლისთვის შესანიშნავ გაკვეთილს წარმოადგენს — ერთ-ერთი ასეთია კომპანია Enron-ის ისტორია, რომელსაც დღეს მოგიყვებით.
რა არის Enron?
Enron იყო ენერგეტიკული კომპანია, რომელიც 1986 წელს Houston National Gas Company-ისა და InterNorth Incorporated-ის შერწყმის შედეგად დაარსდა. მას სათავეში კენეტ ლეი ჩაუდგა. 1990-იან წლებში Enron ბაზარს ენერგეტიკულ, კომუნალურ, სატრანსპორტო და ფართოზოლოვან სერვისებს სთავაზობდა.
Enron, ბუღალტრული აღრიცხვის თაღლითური ტექნიკის გამო, ძალიან წარმატებული კომპანია ჩანდა. გარე სამყაროს მიაჩნდა, რომ ეს შესანიშნავი ფირმა იყო. 1996 წელს Enron-მა $13.2 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. 2000 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა $100 მილიარდს გადააჭარბა. სამწუხაროდ, შემოსავალი არ იყო ისეთი რეალური, როგორც ამას Enron-ის ბუღალტრები წარმოაჩენდნენ.
რას აკეთებდა Enron?
Enron ღრმად იყო ჩაფლული ფინანსური თაღლითობაში. მისმა ხელმძღვანელობამ გამოიყენა ბუღალტრული აღრიცხვის თაღლითური პრაქტიკების ფართო სპექტრი. მაგალითად, Enron ვალს რეგულარულად მიაწერდა თავის შვილობილ კომპანიებს, ხოლო მათ შემოსავალს თავის ფინანსურ ანგარიშგებაში აერთიანებდა.
Enron-ის მმართველი გუნდი ასევე იყენებდა სპეციალური დანიშნულების კომპანიებს (SPV)1, რათა მათი სახელით აეღო ვალი ამის შესახებ ინვესტორებისთვის შეტყობინების გარეშე. სანაცვლოდ, Enron, დაზღვევის სახით, SPV-ებს გადასცემდა თავისი სწრაფად მზარდი აქციების ნაწილს. თუმცა როდესაც Enron-ის აქციების ფასმა შემცირება დაიწყო, სპეციალური დანიშნულების კომპანიებს ფულის სესხება აღარ შეეძლოთ, რამაც Enron დასასრულის დასაწყისამდე მიიყვანა.
კომპანიის სხვა თაღლითური პრაქტიკები მოიცავდა ერთჯერადი გაყიდვების განმეორებით შემოსავლად აღრიცხვას და ვადაგასული კონტრაქტების ჩამოწერის გაჭიანურებას.
როგორ ახერხებდა Enron გადარჩენას?
საბოლოო ჯამში, Enron-მა რეალობას თავის ვერ დააღწია. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ის გადარჩენას ახერხებდა, რადგან „mark-to-market“2 აღრიცხვას იყენებდა. ეს მეთოდი Enron-ის ბუღალტრებს საშუალებას აძლევდა, გრძელვადიანი კონტრაქტები საკუთარი შეხედულებისამებრ შეეფასებინათ. Enron კი ამ მეთოდს კომპანიის კარგად წარმოსაჩენად იყენებდა.
Enron ხშირად იყენებდა კონტრაქტების არარეალიზებულ მოგებას, რათა შემოსავლის მაჩვენებელი ხელოვნურად გაეზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ „mark-to-market“ აღრიცხვა ეყრდნობა კომპანიის მმართველი გუნდის კეთილსინდისიერებას, პატიოსნად შეაფასოს საკუთარი აქტივები, Enron-ისთვის მარტივი იყო ისეთი ფულის გაჩენა, რომელიც არ არსებობდა.
რა დაემართა საბოლოოდ Enron-ს?
მას შემდეგ, რაც აშშ-ის გაკოტრების სასამართლომ Enron-ის რეორგანიზაციის გეგმა დაამტკიცა, დირექტორთა ახალმა საბჭომ მას სახელი Enron Creditors Recovery-ით შეუცვალა. კომპანიის ახალი მისია იყო გაკოტრებამდელი Enron-ის ზოგიერთი ოპერაციებისა და აქტივების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია კრედიტორების სასარგებლოდ. Enron Creditors Recovery-მ თავის კრედიტორებს 2004-2011 წლებში $21.8 მილიარდზე მეტი გადაუხადა. ბოლო გადახდა 2011 წლის მაისში დაფიქსირდა.
სისხლის სამართლის ბრალდებები
Enron-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი — კენეტ ლეი ფასიანი ქაღალდებით თაღლითობის 11 ბრალდებიდან 6-ში დამნაშავედ ცნეს. თუმცა იგი 2005 წელს, განაჩენის გამოცხადებამდე, გარდაიცვალა. კენეტს 45-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
კიდევ ერთი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი — ჯეფ სკილინგი, კენეტის მიერ შერჩეული მემკვიდრე, 28 ბრალდებიდან 19-ში დამნაშავედ ცნეს. მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 24 წელზე მეტი ხნით, მაგრამ ჯეფმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმება დადო, რის შედეგადაც მას სასჯელი 10 წლით შეუმცირდა. იგი 2019 წელს გაათავისუფლეს.
ყოფილ ფინანსურ დირექტორს — ენდრიუ ფასტოუს და მის მეუღლეს, Enron-ის ყოფილ თანაშემწე მდივანს — ლეას, ბრალი დაედოთ ფულის გათეთრებაში, თაღლითობაში, ინსაიდერულ ვაჭრობასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში.
ენდრიუ დანაშაულებრივი შეთქმულების მხოლოდ ორ შემთხვევაში ცნეს დამნაშავედ. იგი დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას და, Enron-ის აღმასრულებლების წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, სასჯელი 10 წლამდე შეუმცირდა. ენდრიუ 2011 წელს გაათავისუფლეს. ლეას საბოლოოდ მხოლოდ ერთი ბრალდება წაუყენეს და თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა მიუსაჯეს იმისთვის, რომ მეუღლეს სახელმწიფოსგან შემოსავლის დამალვაში დაეხმარა.
თექვსმეტი ადამიანი — ძირითადად მაღალი რგოლის მენეჯერებიდან და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებებიდან — აღიარებულ იქნა დამნაშავედ. სასამართლო პროცესებზე ჩვენება Enron-ის რვა ყოფილმა აღმასრულებელმა მისცა.
Enron-თან დაკავშირებული და სხვა მსგავსი შემთხვევების გამო, კონგრესმა 2002 წელს მიიღო სარბანეს-ოქსლის აქტი. მის ფარგლებში შეიქმნა საჯარო კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის საბჭო. ამის მიზანი იყო აუდიტორული დასკვნისა და მმართველობის სხვა რეფორმებისთვის სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა მომავალში „ახალი Enron” აღარ გამოჩენილიყო.
2003 წლის ნოემბერში ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ასევე დაამტკიცა ახალი სახელმძღვანელო წესები საფონდო ბირჟებისთვის, მათ შორის მოთხოვნები დამოუკიდებელი დირექტორებისთვის და სხვა რეგულაციები, რომლებმაც საჯარო კომპანიებზე ზედამხედველობის ხარისხი გააუმჯობესა.
[1] შვილობილი კომპანია, რომელიც კონკრეტული ერთი მიზნისთვის არის შექმნილი.
[2] აქტივის ღირებულების კორექტირება მიმდინარე საბაზრო პირობების მიხედვით.